workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
დადებითი დასკვნები პირველი მარცხის შემდეგ

დადებითი დასკვნები პირველი მარცხის შემდეგ

“ბარსელონა” პარიზში პსჟ-სთან 2-4 დამარცხდა. ანგარიში ნათლად აჩვენებს, რომ ფრანგული გუნდი კატალონიელებზე ძლიერი იყო. თუმცა, თუ დეტალებს ჩავუღრმავდებით, დავინახავთ, რომ მიუხედავად მეტოქის საერთო უპირატესობისა, მნიშვნელოვანი დანაკლისის მქონე ჰანსი ფლიკის გუნდი თითქმის ბოლომდე ინარჩუნებდა ბრძოლისუნარიანობას და ჩავი ესპარტის შესანიშნავი გოლით ანგარიშის 1-1 გახდომის შემდეგ დაწინაურებაც შეეძლო.

მსოფლიოს საუკეთესო გუნდთან შეხვედრიდან დასკვნების გამოტანისას “ბარსელონას” აქვს საფუძველი იფიქროს, რომ ოპტიმალური შემადგენლობით პსჟ-სთან ორმატჩიან დაპირისპირებაში კონკურენციის გაწევა შეუძლია. ამისთვის აუცილებელია ჩემპიონთა ლიგაზე გაშვებული გოლების პრობლემის მოგვარებაც.

პარიზული მატჩიდან რამდენიმე დადებითი დასკვნის გამოტანა შეიძლება.

“ბარსელონას” შესანიშნავი მეკარე ჰყავს

ნაკლები გოლის გაშვებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი საიმედო მეკარის ყოლაა და ჟოან გარსია სწორედ ასეთია.

“ბარსელონას” მეკარემ შეხვედრის განმავლობაში რამდენიმე შესანიშნავი მოგერიება ჰქონდა. მისი დამსახურებით კატალონიელებმა პირველ ტაიმში მხოლოდ ერთი გოლი გაუშვეს, შემდეგ კი ანგარიშის გათანაბრება მოახერხეს და დაწინაურების შანსიც მიეცათ.

ჟოანმა განსაკუთრებით კარგად ითამაშა ფერანის (24-ე და 29-ე წუთები), ფაბიანის (29-ე) და ჰაკიმის (51-ე) დარტყმების დროს.

შესაძლოა, დეზირე დუეს პირველი გოლის ეპიზოდში მას უკეთ მოქმედება შეეძლო, თუმცა ფრანგმა საჯარიმოს მისადგომებიდან ძლიერად და ზუსტად დაარტყა. დანარჩენ გოლებში, რომლებიც ლუკას ერნანდესმა თავით, ვიტინიამ საჯარიმოს გარედან და ფაბიანმა კარის ხაზიდან გაიტანეს, მეკარეს ბევრი არაფრის გაკეთება შეეძლო.

ესპარტი უკვე დიდი ძალაა

19 წლის ახალგაზრდა მარჯვენა მცველმა უმაღლესი დონისთვის მზადყოფნა ძალიან რთულ მატჩში, ხვიჩა კვარაცხელიას მსგავსი სახიფათო მეტოქის წინააღმდეგ დაამტკიცა.

ესპარტი დიდი სერიოზულობით, სიმშვიდით, ამბიციითა და თავდაჯერებით თამაშობდა. მან ქართველ ფეხბურთელს ღირსეული წინააღმდეგობა გაუწია და არაერთ ეპიზოდში მისი შეჩერება მოახერხა.

თავდაპირველად კვარაცხელიამ ძლიერი დარტყმით ბურთი ძელს გაარტყა, თუმცა ამის შემდეგ ესპარტის მოტყუება თითქმის აღარ გამოსდიოდა.

“ბარსელონას” აღზრდილმა კარგი დაცვითი მოქმედებები აჩვენა ჰაკიმისა და დუეს წინააღმდეგაც.

შეტევაში კი მხოლოდ ანგარიშის გამათანაბრებელი შესანიშნავი გოლით არ შემოფარგლულა. კიდევ ერთ ეპიზოდში მან ჩინებული გარღვევის შემდეგ რაფინია საფონოვის პირისპირ დატოვა, თუმცა ბრაზილიელმა კარს ააცილა.

ბურთის ფლობასა და პასებში პსჟ-ს საკუთარ მოედანზე აჯობა

“ბარსელონამ” მატჩი ბურთის ფლობის უკეთესი მაჩვენებლით დაასრულა: 52.8% პსჟ-ს 47.2%-ის წინააღმდეგ.

კატალონიელებმა მეტოქეზე მეტი გადაცემაც შეასრულეს: 537 პსჟ-ს 481-ის წინააღმდეგ.

მიუხედავად იმისა, რომ პირველი ტაიმის ბოლო მონაკვეთი ფრანგების უპირატესობით წარიმართა, მეორე ნახევრის დასაწყისში და მისი მნიშვნელოვანი ნაწილის განმავლობაში, ლამინის მიერ 79-ე წუთზე ანგარიშის 2-2 გახდომამდე, მოედანზე უპირატესობას “ბარსელონა” ფლობდა.

ამ პერიოდში ესპარტმა გოლი გაიტანა, გავისა და რაფინიას კარგი მომენტები ჰქონდათ, ლამინ იამალმა კი შესანიშნავი გოლით გამოიჩინა თავი.

ლამინმა კიდევ ერთი ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ გამოიჩინა თავი

“ბარსელონას” ათიანს საუკეთესო მატჩი არ ჩაუტარებია, თუმცა “პარკ დე პრენსზე” გატანილი ულამაზესი გოლით საკუთარი კლასი კიდევ ერთხელ დაამტკიცა.

პირველ გაშვებულ გოლს წინ ლამინის არაზუსტი გადაცემა უძღოდა, თუმცა ახალგაზრდა ფეხბურთელი ამ შეცდომას არ გაუტეხავს.

მან აქტიური თამაში განაგრძო და 79-ე წუთზე შესანიშნავი გოლით ანგარიში 2-2 გახადა.

სამწუხაროდ, “ბარსელონამ” საყაიმო ანგარიშის შენარჩუნება სამ წუთზე მეტხანს ვერ შეძლო.

ზუსტი დარტყმები და სახიფათო მომენტები

ჟოან გარსიას საფონოვზე გაცილებით მეტი საქმე ჰქონდა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ “ბარსელონა” შეტევაში არ აქტიურობდა.

ფლიკის გუნდმა მეტოქის კარის მიმართულებით 18-ჯერ დაარტყა, პსჟ-მ კი 22-ჯერ.

მთავარი განსხვავება სიზუსტეში იყო: ფრანგებმა კარის ჩარჩოში 15 დარტყმა შეასრულეს, კატალონიელებმა კი მხოლოდ 5.

მიუხედავად ამისა, “ბარსელონას” არაერთი სახიფათო მომენტი ჰქონდა.

ესპარტისა (55-ე წუთი) და ლამინ იამალის (79-ე) გოლების გარდა, ფერმინმა (მე-40) და გავიმ (61-ე) საფონოვთან პირისპირ დარჩენილებმა გატანა ვერ მოახერხეს.

პსჟ-ს მეკარემ 21-ე წუთზე საჯარიმოდან რაფინიას დარტყმაც მოიგერია.

ბრაზილიელს კიდევ ორი კარგი შესაძლებლობა ჰქონდა. მე-18 წუთზე ხელსაყრელი პოზიციიდან დარტყმა ვერ მოახერხა, 57-ე წუთზე კი მარჯვენა ფეხით კარს ააცილა.

გარდა ამისა, 44-ე წუთზე ფერმინის მარჯვენა ფლანგიდან გაკეთებულ დაბალ გადაცემას რაფინია სულ მცირედით ვერ მისწვდა, არადა, ბურთი ცარიელ კარში უნდა გაეგზავნა.

გოლის გატანასთან ახლოს იყო დანი ოლმოც, რომელმაც მე-14 წუთზე ძლიერად დაარტყა.

მნიშვნელოვანი ფეხბურთელების დასვენება

ჰანსი ფლიკმა როდრი სათადარიგოთა სკამზე დატოვა და მოედანზე მხოლოდ მე-60 წუთზე შეუშვა.

ამავე დროს პედრიმ და რაფინიამ მოედანი დატოვეს და დასვენების საშუალება მიეცათ.

გაბრიელ ჟეზუსს ერთი წუთიც არ უთამაშია, ამიტომ საჭიროების შემთხვევაში კლასიკოს სრულად დასვენებული შეხვდება.

სათადარიგოთა შორის იყო ფერმინიც, რომელიც მოედანზე ოლმოს ტრავმის გამო შევიდა, თუმცა მასაც არ მოუწია სრული 90 წუთის თამაში.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (0)

დატოვე კომენტარი