სედერი – „ბარსელონას“ ფეხბურთელი, რომელიც ჰოლოკოსტმა იმსხვერპლა

სედერი – „ბარსელონას“ ფეხბურთელი, რომელიც ჰოლოკოსტმა იმსხვერპლა

1934/35 წლების დასაწყისში, “ბარსელონას” რიგები ახალგაზრდა უნგრელმა ფეხბურთელმა, სედერმა შეავსო, რომელიც კატალონიურ კლუბს ბუდაპეშტის “შოროკშარადან” შეუერთდა. ცნობილია, რომ სედერზე დიდ იმედებს ამყარებდნენ, მაგრამ უნგრელმა ფეხბურთელმა ვერ გაამართლა.

სედერის ნამდვილი სახელი და გვარი დიორდ ზილბერშტეინია. ის 1914 წლის 23 თებერვალს, ბუდაპეშტის მახლობლად მდებარე სოფელ ჩინკოტეში, ებრაელების ოჯახში დაიბადა. ამჟამად, ეს სოფელი უკვე ბუდაპეშტის შემადგენლობაშია. მისი მშობლები დავიდ ზილბერშtეინი და ირენ გოლდმანი იყვნენ.

გამოავლინა რა სპორტული მონაცემები, პატარა ბიჭი იზრდებოდა, როგორც მომავალი დიდი ფეხბურთელი. შესანიშნავად იცოდა რა, თუ რამხელა პრობლემები შეიძლებოდა შექმნოდა უნგრეთSი ამ ებრაული გვარის გამო, დიორდმა გადაწყვიტა, ფეხბურთი ფსევდონიმით ეთამაშა და ამისთვის “სედერი” აირჩია.

20 წლის ასაკში, სედერს “შოროკშარაში” დებიუტი ჰქონდა. ეს უნგრეთის თასზე მოხდა. მის შეხებ ცნობები მალევე მივიდა “ბარსელონას” უნგრელ მწვრთნელამდე, ფერენც პლატკომდე და 1913 წლის 10 ოქტომბერს, სედერი სათამაშოდ კატალონიაში გადავიდა.

სედერის პირველი თამაში “ბარსელონასა” და “ესპანიოლის” რეზერვისტებს შორის გამართული დაპირისპირება იყო. ახალგაზრდა მარცხენა გარემარბმა სამწვრთნელო შტაბზე კარგი შთაბეჭდილება დატოვა.

სედერმა, “ბარსელონას” მაისურით, სულ 5 თამაში ჩაატარა – 4 ამხანაგური და ერთიც კატალონიის თასზე. მის აქტივში 2 გოლია.

ბოლო 4 თამაშის დროს, სედერი უკვე რთულ ვითარებაში იყო, რადგან 1934 წლის 22 ნოემბერს, უნგრეთის ფეხბურთის ფედერაციამ მას ფედერალურ სასამართლოში უჩივლა, რისი მიზეზიც საზღვარგარეთ ნებართვის გარეშე თამაში იყო.

საქმეს სერიოზული სახე მიეცა და დეკემბერში, “ბარსელონა” იძულებული გახდა ფეხბურთელს გამოთხოვებოდა და მისთვის ბუდაპეშტში დასაბრუნებელი ბილეთი შეეძინა.

1935 წლის 26 ნოემბერს, El Mundo Deportivo-ში გამოქვეყნდა მასალა სედერზე, სადაც ფეხბურთელის ინტერვიუც იყო.

მასალას ერქვა: “გაურკვეველი საქმე. უნგრელი ფეხბურთელის, სედერის საჩივარი “ბარსელონას” წინააღმდეგ”.

თავად სტატიის ტექსტი კი ასე გამოიყურებოდა:

“ფეხბურთელი ითხოვს სრულ ანაზღაურებას, რომელიც მას სეზონის ბოლომდე უნდა მიეღო. უნგრეთის ფეხბურთის ფედერაცია ცდილობს გაარკვიოს 25 ათასი პესეტის ბედი, რომელიც “ბარსელონამ” გადაიხადა, მაგრამ სედერს არ მიუღია. უნგრული მხარე აპირებს საკითხი განსახილველად FIFA-ს გადასცეს.

საღამოს, კატალონიის ფეხბურთის ფედერაციაში, მოვიდა სედერი, რომელიც მცირე ხნის განმავლობაში “ბარსელონაში” თამაშობდა. მას თან ახლდა ერთი უნგრელი, რომელიც ჩვენს ქალაქში ცხოვრობს. მას თარჯიმნობა უნდა გაეწია.

სედერმა “ბარსელონასთან” ურთიერთობის გაწყვეტაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ის დაზარალებული მხარეა:

– ბარსელონაში” გადმოსვლის დროს, უნგრეთში, სამსახური მივატოვე. ბუდაპეშტში, “შოროკშარას” შემადგენლობაში ვთამაშობდი. კატალონიელების მიერ შემოთავაზებულმა კონტრაქტმა მომხიბლა. ეს ხელშეკრულება ერთი წლის განმავლობაში უნდა ყოფილიყო მოქმედი. თუმცა, გუნდის მაისურით მხოლოდ 1 ოფიციალური თამაში ჩავატარე. კიდევ 4 ამხანაგური, რომელშიც რეზერვისტები თამაშობდნენ, მათი სათამაშო დონე კი ჩემსას არ შეესაბამებოდა.

– როდის გაწყდა თქვენსა და “ბარსელონას” შორის მოქმედი კონტარაქტი?

– 20 დეკემბერს. კატალონიის ფეხბურთის ფედერაციას წერილობით მივმართე, მაგრამ არანაირი პასუხი არ მიმიღია. ამის შემდეგ, საჩივარი ფეხბურთის ეროვნულ ფედერაციაში შევიტანე. “ბარსელონამ” უნგრეთამდე მგზავრობის საფასური ამინაზღაურა, მაგრამ მიმაჩნია, რომ გუნდი უსამართლოდ მომექცა, რადგან კონტრაქტით გათვალისწინებული თანხა ბოლმოდე არ გადამიხადა.

– “ბარსელონამ” კონტრაქტის გაფორმების ბონუსი არ გადაგიხადათ? კლუბი ამტკიცებს, რომ ტრანსფერის დროს, საკმაოდ დიდი თანხა გადაიხადა. შესაძლოა, “ბარსელონას” მიაჩნია, რომ ახლა, როდესაც თქვენს სამსახურში დაინტერესებული აღარაა, თქვენს მიერ ჩატარებული 5 თამაში ანაზღაურებულია და კომპენსაცია საჭირო აღარაა.

­­ამ დროს, სედერი ჯიბიდან საგაზეთო სტატიას იღებს, სადაც დიდი ასოებით წერია სათაური: “სად გაქრა 25 ათასი პესეტი?”

– ეს არის გაზეთ “Nemzet Sport”-ის სტატია, რომელსაც ჩემს საქმეს დეტალურად განიხილავს. არ მინდა, ამაზე ბევრი ვისაუბრო, საქმე კიდევ უფრო რომ არ გავართულო. მხოლოდ იმას გეტყვით, რომ “ბარსელონაში” ჩემი ტრანსფერი ერთი საფეხბურთო მენეჯერის დახმარებით განხორციელდა. ის ფერენც პლატკოზე პირადად გავიდა. გარიგება მან გააფორმა, მე კი ესპანეთში ჩავედი. მოგვიანებით, როდესაც უკვე უნგრეთში დავბრუნდი, გავიგე, რომ “ბარსელონამ” ბუდაპეშტში 25 ათასი პესეტი გამოგზავნა, მე კი ამ თანხიდან არაფერი მიმიღია.

– საინტერესოა. ზედმეტად თავხედური საქციელი ხომ არაა ამ მენეჯერის მხრიდან?

– არ ვიცი. მას პოლ ფაბიანი ჰქვია. უნგრეთის ფეხბურთის ფედერაციაში მირჩიეს, ბარსელონაში დავრჩენილიყავი, სანამ ამ 25 ათასს არ მივიღებდი. წინააღმდეგ შემთხვევაში, საქმე განსახილველად FIFA-ს გადაეცემოდა.”

სედერი, უნგრეთი დაბრუნების შემდეგ, თავის ძველებურ ფორმას ვეღარ დაუბრუნდა. ის ადგილბრივ კლუბებში: “ბუდაი 11” (1935 წელს), “ბუდაფოკი” (1935-1936) და “უიპეშტში” (1938-1939) თამაშობდა. 1939 წელს, მან უნგრეთი კიდევ ერთხელ დატოვა და სათამაშოდ ფრანგულ “ანტიბეს” მიაშურა, მაგრამ წარმატებას ვერც იქ მიაღწია. მისი ბოლო კლუბი ბუდაპეშტის “ბემზეტი” იყო, რომელშიც ის 1939/40 წლებში თამაშობდა.

რაც დრო გადიოდა, უნგრული რეჟიმი ფაშიზმს უფრო და უფრო ემსგავსებოდა, ხოლო უნგრეთის ჰიტლერის კოალიციაში გაწევრიანების შემდეგ, 900 ათასი უნგრელი ებრაელის ცხოვრება ჯოჯოხეთს დაემსგავსა. პირველი ანტისემიტური კანონი 1938 წელს მიღეს, მაგრამ საკონცენტრაციო ბანაკებში მასიური დეპორტაცია 1944 წელს დაიწყო.

ტრაგიკური ბედი არც დიორდ ზილბერშტეინს, იგივე სედერს ასცდა. ის ბირნბაუმეში (ამჟამად პოლონური ქალაქი მენძიჰუდი) 1945 წლის 1 მაისს, ნაცისტური გერმანიის კაპიტულაციამდე ერთი კვირით ადრე მოკლეს.

სედერი იმ ფეხბურთელთა რიცხვში შედის, რომლებიც ნაცისტურმა რეჟიმმა შეიწირა. ამ ფეხბურთელებს შორის არიან: რაინ ბუმსმა (ჰოლანდიის ნაკრები, “სპარტა”, თავდამსხმელი. მოკლეს “ნოიენგამეს” საკონცენტრაციო ბანაკში, გერმანიაში), იოზეფ ბრაუნი (უნგრეთის ნაკრები, მტკ, მცველი. მოკლეს ხარკოვში, უკრაინაში), ედი ჰამელი (“აიაქსი”, გარემარბი. მოკლეს “ოსვენციმის” საკონცენტრაციო ბანაკში, პოლონეთში), იულიუს ჰირში (გერმანიის ნაკრები, “კარლსრუე”, თავდამსხმელი. მოკლეს “ოსვენციმის” საკონცენტრაციო ბანაკში, პოლონეთში), ანტონი ლიკო (პოლონეთის ნაკრები, “ვისლა”, თავდამსხმელი. მოკლეს “ოსვენციმის” საკონცენტრაციო ბანაკში, პოლონეთში), არპად ვეისი (უნგრეთის ნაკრები, “ინტერი”. მწვრთნელი, რომელმაც ჯუზეპე მეაცას ტალანტი აღმოაჩინა. მოკლეს “ოსვენციმის” საკონცენტრაციო ბანაკში”, პოლონეთში).

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (3)

  • nika 54
    28 იან 2018, 16:31

    სედერის ნამდვილი სახელი და გვარი დიორდ ზილბერშტეინია. ის 1914 წლის 23 თებერვალს, ბუდაპეშტის მახლობლად მდებარე სოფელ ჩინკოტეში, ებრაელების ოჯახში დაიბადა
    1913 წლის 10 ოქტომბერს, სედერი სათამაშოდ კატალონიაში გადავიდა.

  • sandro89
    28 იან 2018, 00:05

    აუ გამიტყდა ნეტა არ წამეკითხა

  • messi and iniesta
    27 იან 2018, 23:28

    ძან სამწუხაროა ასეთი ფაქტები