როგორც მოგეხსენებათ, საფეხბურთო სამყარო სარეკორდო ტრანსფერის მოლოდინშია. გულშემატკივრების უმრავლესობას უკვე ეჭვიც აღარ ეპარება, რომ ნეიმარის პსჟ-ში გადასვლა დროისა და უეფას ფინანსური ფეარ ფლეის წესებზე თავის არიდების სქემის პოვნის საკითხია. გავიხსენოთ 21-ე საუკუნის დასაწყისი და ლუიშ ფიგუს სატრანსფერო საგა.
უპირველესად, მინდა წინასწარ მოგიხადოთ ბოდიში, თუ კი ჩემს სტატიაში სუბიექტურ მოსაზრებებს წააწყდებით. მაგრამ მეორე მხრივ, ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება ობიექტურად ისაუბრო იმ ფაქტზე, რომ 25 წლის ასაკში და ფორმის პიკში ფეხბურთელი, რომელიც ისეთი კლუბის ისტორიაში, როგორიც “ბარსელონაა” ერთ-ერთ საუკეთესო შემტევ ტრიოს ქმნის, გუნდს ტოვებს და მიდის უფრო დაბალი დონის ჩემპიონატსა და ობიექტურად, შედარებით სუსტ გუნდში.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ- ტრანსფერი ჯერ კიდევ არ არის გადაწყვეტილი, თუმცა პრესის ინფორმაციით და ჩემი აზრით, ნეიმარის კლუბში დარჩენის შანსები მიზერულია.
ახალგაზრდა ბრაზილიელი რომ გუნდის ერთ-ერთი ლიდერი და მომავალია, ამაში ეჭვი არავის ეპარება. რა თქმა უნდა, მისი დაკარგვა კლუბისთვის ძალიან მძიმე დანაკარგი იქნება, რომლის ამოვსებაც კლუბის ახალწვეულებს გაუჭირდებათ.
მაშ ასე, მოდი დავბრუნდეთ 21-ე საუკუნის დასაწყისში და გავიხსენოთ, როგორ დაკარგა “ბარსელონამ” გუნდის ლიდერი 17 წლის წინ.
ალბათ უკვე მიხვდით, რომ საუბარი ლუიშ ფიგუზეა – ვისთვის ლეგენდა, ვისთვის კი მოღალატე. უდავოდ ყველაზე გახმაურებული და სკანდალური ტრანსფერი.
ტრიბუნებიდან საგნების წვიმა წამოვიდა, როდესაც კუთხურის ალამთან მივიდა თეთრ ფორმაში გამოწყობილი ფიგურა, რომელიც მარდად იცილებდა მისი მისამართით ნასროლ ბოთლებსა და მონეტებს. გამაყრუებელი სტვენა უფრო მძაფრდება, როდესაც იგი უგულველჰყოფს ხალხის რეაქციას. Pesetero!, Judas!– ასე უყვირიან მას ტრიბუნებიდან. კარლეს პუიოლის თხოვნაც კი ვერ აჩერებს აბობოქრებულ საზოგადოებას. წამიერად თითქოს ყველანი ჩუმდებიან, როდესაც დიდი ხორცის ობიექტი ვარდება ჰაერიდან და ეცემა მიზნიდან რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით. ობიექტი: ღორის თავი! მიზანი: “კამპ ნოუს” ყოფილი, გამორჩეულად საყვარელი ნახევარმცველი – ლუიშ ფიგუ!
1995 წელს, როდესაც ლუიშ ფილიპე მადეირა კაეირო ფიგუ კატალონიაში ჩავიდა, ის უკვე ვარსკვლავი იყო. პორტუგალიის “ოქროს თაობის” ლიდერი ფიგუს ტალანტი უდავო იყო: შემტევი სტილის ნახევარმცველი, რომელსაც შეეძლო საოცრად ეფექტურად წამოეწყო და დაესრულებინა თამაში. მან გადამწყვეტი წვლილი შეიტანა საკუთარი ქვეყნის წარმატებაში 1991 წლის მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე. ლისაბონის “სპორტინგის” აკადემიის აღზრდილის დებიუტი პირველ გუნდში 17 წლის ასაკში შედგა. პორტუგალიურ კლუბში მან ექვსი წარმატებული წელი გაატარა, ათი გოლი გაიტანა და ბოლო წელს ქვეყნის ჩემპიონატიც მოიგო.
1995 წლის ზაფხული მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ფიგუსთვის, ვინაიდან მავანთა მდაბიო რჩევების წყალობით მან ერთდროულად ორ იტალიურ კლუბთან გააფორმა კონტრაქტი – “იუვენტუსი” და “პარმა”. სკანდალი მაშინ გასკდა, როდესაც ორივე კლუბის კონტრაქტზე ლუიშ ფიგუს ხელმოწერა აღმოჩნდა. შედეგად მას ორ წლის განმავლობაში სერია ა–ში ასპარეზობის უფლება აუკრძალეს, რამაც კატალონიაში მის ტრანსფერს გაუხსნა გზა.
ფიგუს ძალიან ცოტა დრო დასჭირდა გულშემატკივრების გულის მოსაგებად, გაიტანა რა ცხრა გოლი სადებიუტო სეზონში და გახდა “კამპ ნოუს” ფავორიტი. პირველი რამდენიმე წელი ნაყოფიერი აღმოჩნდა როგორც ფიგუსთვის, ასევე კატალონიური მხარისთვის, რადგან მათ შეძლეს ესპანეთის სუპერ თასის (1996), უეფას თასების მფლობელთა თასის (1997), კოპა დელ რეის (1998, 1999) და ესპანეთის ლიგის თასის (1998, 1999) მოგება. ჟოსეპ გვარდიოლას გვერდით თამაშისას ის განსაკუთრებულად გამოირჩეოდა: მოედნის შუაგულში მიიღებდა თუ არა პასს, მარტივად გასცდებოდა მეტოქეთა დაცვას და დაარტყამდა კარის მიმართულებით. თავისი მცდელობების წყალობით მან კაპიტნის სამკლავურიც მოირგო. საქმე კარგად მიდიოდა როგორც კატალონიელებისთვის, ასევე პორტუგალიელისთვის, მაგრამ 2000 წლის ზაფხულში ყველაფერი შეიცვალა.
საპრეზიდენტო არჩევნები ნებისმიერი კლუბისთვის საშინელი მოვლენაა – სავსე გრანდიოზული დაპირებებითა და პიროვნული მესისხლეობით. არაფრით განსხვავდებოდა 2000 წელს მადრიდის “რეალის” საპრეზიდენტო არჩევნებიც: მოქმედი ხელმძღვანელი, ლორენცო სანსი სკამის შენარჩუნებისთვის იბრძოდა. მისი კონკურენტი კი პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი და მადრიდის საბჭოს წევრი, ფლორენტინო პერესი გახლდათ. 1995 წლის არჩევნებში განცდილი წარუმატებლობის შემდეგ პერესი არაფრის დათმობას არ აპირებდა. გარდა არსებული რეჟიმის ლანძღვისა, მისი საარჩევნო კამპანია კიდევ ერთ დაპირებაზე იდგა – ლუიშ ფიგუს გადაყვანა მადრიდის “რეალში”. პრესაში უმალვე აჟიოტაჟი ატყდა.
პერესი ირწმუნებოდა, რომ მას ჰქონდა საიდუმლო დოკუმენტი, ხელმოწერილი ფიგუს მიერ, რომელიც “რეალში” პორტუგალიელი ფეხბურთელის გადასვლის გარანტიას იძლეოდა. თავად ფიგუ უარყოფდა ყოველვივე ხსენებულს და “სპორტისთვის” მიცემულ ინტერვიუში აცხადებდა: “მინდა დავაწრმუნო გულშემატკივრები, რომ ლუიშ ფიგუ 24 ივლისს იქნება “კამპ ნოუზე” ახალი სეზონის დასაწყებად.” პერესთან გაფორმებულ საიდუმლო დოკუმენტზე კი ფიგუმ ასეთი კომენტარი გააკეთა: “მე გიჟი არ ვარ, რომ მსგავსი რამ გავაკთო.” ეს იყო დაახლოებით ივლისის დასაწყისში.
მიუხედავად ევროპის თასის მოგებისა, ლორენცო სანსი საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხდა. მადრიდელთა ახალი ხელმძღვანელის, პერესის ხედვა ემყარებოდა ისეთი გუნდის ჩამოყალიბებას, როგორიც მსოფლიოს ჯერ არ ენახა. იგი მადრიდისთვის 1950–ანი წლების დიდების დაბრუნებას გეგმავდა. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გამოვლენამდე ფიგუ ოჯახთან ერთად არდადეგებს სარდინიაზე ატარებდა. შედეგების გამოცხადებისთანავე ფიგუ და თავისი ოჯახი სპეცრეისით მადრიდის მიმართულებით გაფრინდნენ.
ლუიშ ფიგუ მადრიდის “რეალის” ფეხბურთელი 24 ივლისს გახდა. იგი პრესას პომპეზურად წარუდგინა “თეთრების” ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა პერესმა. იმ დროისთვის რეკორდული სატრანსფერო თანხა (37 მილიონი ევრო) იყო ერთადერთი, რაც სულ მცირედ მაინც უმსუბუქებდა კატალონიელებს იმ ტკივილს, რომელიც მათ ერთ–ერთმა საყვარელმა ფეხბურთელმა მიაყენა. პორტუგალიურმა გამოცემამ Diário de Notícias შეაჯამა ფიგუს სატრანსფერო საგა – “ფიგუ არის ბოლო დროის ყველაზე დიდი ფულის მტაცებელი.”
ერთ–ერთი “კლასიკოს” დროს “კამპ ნოუზე” შეკრებილმა გულშემატკივრებმა გამოფინეს ბანერი წარწერით, რომელიც არასდროს არავის დაავიწყდება: “საშინლად გვძულხარ, იმიტომ, რომ ძალიან გვიყვარდი.”
რა თქმა უნდა ამ ტრანსფერზე ჯერ კიდევ დიდი დავა მიმდინარეობს, ბევრი თავად ფეხბურთელს აკრიტიკებს, ზოგი კი თვლის, რომ მისი გადასვლა “ბარსელონას” იმჟამინდელი ხელმძღვანელობის კისერზეა.
კატალონიურ გრანდში ამის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. 2003 წლის ზაფხულში კი მოხდა კლუბის ისტორიაში ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო რამ – “ბარსელონამ” “პარი სენ-ჟერმენიდან” რონალდინიო შეიძინა.
უსაზღვრო ტექნიკისა და ნიჭის მქონე ფეხბურთელი, ბევრისთვის დღემდე საყვარელი მოთამაშე და ზოგისთვის, მათ შორის ჩემთვის, უბრალოდ ადამიანი, რომელმაც ეს სპორტი შეაყვარა.
გაუჩო საფეხბურთო სამყარომ მალე შეიყვარა და გუნდის ლიდერადაც იქცა. ბევრი “ბარსელონელი” ვერ დაიკვეხნის იმით, რომ მას “სანტიაგო ბერნაბეუზე” შეკრებილი საზოგადოება ტაშს უკრავდა, ეს მხოლოდ რჩეულების ხვედრია და რონალდინიოც ამ რჩეულებში შედის.
სწორედ რონალდინიოს ერაში დაიწყო მომავალი მსოფლიოს ვარსკვლავის, ხუთგზის საუკეთესო ფეხბურთელისა და ბევრისთვის ყველა დროის #1 მოთამაშის, ლიონელ მესის აღზევება და ბევრის აზრით, ბრაზილიელმა არგენტინელის სწორად განვითარებაში უდიდესი წვლილი შეიტანა.
რონალდინიოს “ბარსელონამ” შეძლო და 14 წლის შემდეგ ნანატრი, რიგით მეორე ჩემპიონთა ლიგა მოიგო. კატალონიელებმა ფინალში საკმაოდ დაძაბულ ბრძოლაში ლონდონის “არსენალი” 2-1 დაამარცხეს.
სამწუხაროდ, ბრაზილიურმა სენმა მალევე იჩინა თავი და გაუჩოს კარიერა ისე არ აეწყო, როგორც ამას ბევრი იმედოვნებდა და წინასწარმეტყველებდა. რონალდინიომ “ბარსელონაში” მხოლოდ 5 წელი გაატარა და 2008 წელს “მილანის” რიგებს შეუერთდა.
მისი წასვლის შემდეგ, “ბარსელონას” შემტევი ტრიო მესიმ, ეტოომ და ტიერი ანრიმ დააკომპლექტეს და ეს სეზონი კლუბის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო გამოდგა. კატალონიელებმა პეპ გვარდიოლას მეთაურობით ტრებლი მოიგეს, დაამარცხეს რა ჩემპიონთა ლიგის ფინალში “მანჩესტერ იუნაიტედი” ანგარიშით 2-0 ეტოოსა და მესის გოლებით.
2009 წელს, “ბარსელონამ” და “ინტერმა” ლიდერები გაცვალეს. კატალონიელებმა სამუელ ეტოოსა და კიდევ თანხის სანაცვლოდ იტალიელებისგან ზლატან იბრაჰიმოვიჩი მიიღეს. ბევრისთვის სწორი, ბევრისთვის კი არასწორი გადაწყვეტილება იმით დასრულდა, რომ ამ სეზონში “ბარსელონა” ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში სწორედ ჟოზე მოურინიოს “ინტერმა” დაამარცხა ორი მატჩის ჯამში ანგარიშით 3-2.
“ბლაუგრანას” შემტევი ტრიო ამ სეზონის შემდეგაც შეიცვალა. კლუბი ტიერი ანრიმ და ზლატან იბრაჰიმოვიჩმა დატოვეს და მომდევნო სეზონისთვის მეტოქეებს მესი-ვილია-პედროს ტრიო უტევდა. ეს სეზონი შესანიშნავი გამოდგა – სწორედ ამ სამეულის გოლებით, “ბარსელონამ” “უებლიზე” 3 მაისს, ჩემპიონთა ლიგის ფინალში კვლავ “მანჩესტერ იუნაიტედს” სძლია ანგარიშით 3-1 და ამ ტიტულს ისტორიაში მეოთხედ დაეუფლა.
2011/12 წლების სეზონისთვის “ბარსელონას” შეტევა კვლავ განსხვავებული იყო. მართალია გუნდი ვილიასა და პედროს არ დაუტოვებიათ, თუმცა კატალონიელებმა “უდინეზედან” ალექსის სანჩესი შეიძინეს და ეს ფეხბურთელი ლურჯ-ბროწეულისფერ ფორმას 2014 წლამდე ატარებდა.
ამ შეტევამ 2012/13 წლების სეზონის ჩათვლით “გაძლო”, 2013 წელს კი კლუბს შეუერთდა წლევანდელი ზაფხულის მთავარი პროტაგონისტი, ნეიმარ ჯუნიორი. კლუბი დავიდ ვილიამ დატოვა.
ერთი წლის შემდეგ, “ბარსელონამ” “ლივერპულიდან” ლუის სუარესიც შეიძინა და საბოლოოდ დაკომპლექტდა მსნ-ს მრისხანე შემტევი ტრიო.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ 2015 წელს გუნდი პედრო როდრიგესმა დატოვა. საკმაოდ ხანგრძლივი და ძალზე წარმატებული “ბარსელონური” კარიერის შემდეგ ესპანელმა ლონდონის “ჩელსის” მიაშურა.
როგორც ვხედავთ, ბოლო ათწლეულის განმავლობაში ვარსკვლავები მოდიოდნენ და მიდიოდნენ. უცვლელი რჩებოდა მხოლოდ ერთი – ის, ვინც მთელი კარიერა “ბლაუგრანას” მიუძღვნა, ის, ვინც ამ გუნდის ბოლოდროინდელ წარმატებებში ლომის წვლილი შეიტანა და ის, ვინც გულშემატკივრებს უბრალოდ სახტად ტოვებდა მისი შესანიშნავი თამაშით – ლიონელ მესი.
დავუბრუნდეთ ისევ მთავარ თემას, როგორც უკვე აღვნიშნეთ, 2013 წელს ნეიმარისა და 2014 წელს ლუის სუარესის ტრანსფერის შემდგომ დაკომპლექტდა სამხრეთ ამერიკული ტრიო – მსნ. ამ შეტეევამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა და ბოლო წლების ერთ-ერთი საუკეთესო (თუ საუკეთესო არა) წინა ხაზი ჩამოაყალიბა.
2014/15 წლების სეზონში ამ ტრიოს გოლებით გუნდმა ჩემპიონთა ლიგაც მოიგო. ფინალში კი ტრიოდან ორმა გოლის გატანაც მოახერხა. შეგახსენებთ, რომ მაშინ კატალონიელებმა ტურინის “იუვენტუსს” რაკიტიჩის, სუარესისა და ნეიმარის გოლებით 3-1 სძლიეს.
ამის შემდგომ იყო არც თუ ისე წარმატებული 2 სეზონი. 2016 წელი კატალონიელებმა ლა ლიგითა და კოპა დელ რეით დაასრულეს, რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას – მეოთხედფინალში ისინი “ატლეტიკოსთან” დამარცხდნენ.
გასულ სეზონს კი, სამწუხაროა, რომ “კამპ ნოუზე” მომხდარი სასწაულის მიუხედავად, მაინც წარუმატებელი უნდა ვუწოდოთ. “ბარსელონამ” ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში პსჟ-სთან 0-4 დამარცხების შემდეგ ისტორიული ქამბექი დადო და სუარესის, ნეიმარის, მესის, სერჟი რობერტოს გოლებითა და კურზავას ავტოგოლით პარიზელები 6-1 გაანადგურა. მიუხედავად ამისა, მომდევნო ეტაპზე “ბლაუგრანა” “იუვენტუსმა” 3-0 დაამარცხა.
საბოლოოდ კი ისე მოხდა, რომ ლუის ენრიკეს ბოლო სეზონში გუნდმა მხოლოდ ესპანეთის თასი მოიგო.
ამის შემდეგ, კლუბის ისტორიაში დაიწყო ახალი ერა, შეიცვალა მწვრთნელი და გუნდს სათავეში ჩაუდგა ერნესტო ვალვერდე. ყველასთვის ნათელი იყო, რომ “ბარსელონას” გაძლიერება სჭირდებოდა და განსაკუთრებით ორ პოზიციაზე – მარჯვენა მცველსა და ცენტრალურ ნახევარმცველზე. კლუბის პრეზიდენტიც ტრანსფერებს და მომდევნო სეზონისთვის შესანიშნავ და კონკურენტუნარიან გუნდს გვპირდებოდა.
პირველ რიგში, ხოსეპ მარია ბართომეუმ მთელი ყურადღება მარკო ვერატის ტრანსფერს მიაპყრო, რომელიც პსჟ-ს ღირსებას იცავს. ბოლო წლებში ამ გუნდთან კატალონიელებს არც თუ ისე კარგი სატრანსფერო ისტორია აკავშირებთ და სამწუხაროდ ნავსი არც ამჯერად გატყდა – კლუბს იმედი თითქმის გადაეწურა.
ხელმძღვანელებმა გადაწყვიტეს, ჯერ მეორე პრობლემა მოეგვარებინათ და მთავარ კანდიდატურას, ექტორ ბელერინს მიუბრუნდნენ. ტრანსფერი ამ შემთხვევაშიც არ შედგა, თუმცა საბოლოოდ არჩევანი მის ალტერნატივაზე, ნელსონ სემედუზე შეჩერდა და პორტუგალიელი ფეხბურთელი კლუბს “ბენფიკადან” შეუერთდა.
ახლა კი მოვედით დღემდე – დღეს 31 ივლისია და ნეიმარი პსჟ-ში გადასვლასთან ისე ახლოსაა, როგორც არასდროს. როგორ დაიწყო ყველაფერი?
“პარი სენ-ჟერმენი” ნეიმარის შეძენას უკვე მერამდენე ზაფხულია ცდილობს. ამ გუნდის ფინანსურ შესაძლებლობებში ეჭვი არავის ეპარება, მაგრამ მაინც წარმოუდგენელი იყო, რომ ნასერ ალ-ხელაიფი და მისი კოლეგები ბრაზილიელის ტრანსფერს ასე მიუახლოვდებოდნენ.
ჭორები და მითქმა-მოთქმა სულ რამდენიმე კვირის წინ დაიწყო და მალევე მოიცვა მთელი მსოფლიო. ყველას ყურადღების ქვეშ მოქცეული ნეიმარი სიჩუმეს ახლაც ინარჩუნებს და თავის მომავალზე არ საუბრობს, ეს კი ბევრისთვის სწორედ იმის მიმანიშნებელია, რომ ფეხბურთელს წასვლა გადაწყვეტილი აქვს.
რა თქმა უნდა, ყველას აქვს არჩევანის თავისუფლება და ნეიმარსაც ამას არავინ ვუზღუდავთ – თავად შემტევის გადასაწყვეტია, თუ როგორ განაგრძობს იგი კარიერას, მაგრამ ახლა, როდესაც 25 წლის ფეხბურთელი ჩვენი კლუბის დატოვებასთან ძალიან ახლოსაა, თავს უფლებას მივცემ, ეს თითქმის შემდგარი ტრანსფერი განვიხილო.
რა შეიძლება იყოს ნეიმარის წასვლის მიზეზი? ვერავინ ვიტყვით, რომ მას კლუბში ცუდი ურთიერთობა აქვს. რა თქმა უნდა, გვახსოვს რამდენიმე დღის წინანდელი ჩხუბი ნელსონ სემედუსთან, თუმცა ეს სატრანსფერო საგის დაწყების შემდეგ მოხდა და თანაც ამხანაგური “ელ კლასიკოს” შემდეგ დავრწმუნდით, რომ სერიოზული არაფერია და ნეიმარისა და სემედუს ჩახუტებულმა ფოტომ სოციალური ქსელებიც მოიარა.
ტრანსფერის მიზეზად უამრავი ადამიანი კოლოსალურ თანხებს ასახელებს. მართლაც რთულია წარმოიდგინო, რომ ოდესმე შეძლებ და წელიწადში 30 მილიონიან თანხებზე უარს იტყვი. თუმცა დავესესხები უამრავ ფილოსოფოსს, მოაზროვნეს და ჩავრთავ საკმაოდ ბანალურ ფრაზას – “ფული მთავარი არ არის.” ჩვენთვის წარმოუდგენელია ამხელა თანხაზე უარის თქმა, მაგრამ იქნებ იმიტომ, რომ ასეთ კოლოსალურ თანხებთან შეხება არ გვქონია? არსებობს განსხვავება რიგით ადამიანსა და ნეიმარს შორის. გულწრფელად გეტყვით, ჩემთვის წარმოუდგენელია ნეიმარისთვის, რომლის ანაზღაურება 15 მილიონ ევროს შეადგენს, ასეთი რთული იყოს თუნდაც ამ თანხაზე ორჯერ მეტ ხელფასზე უარის თქმა სპორტული თვალსაზრისით უკან გადადგმული ნაბიჯის სანაცვლოდ. საფრანგეთის ჩემპიონატი ოფიციალური შეფასებით ევროპის ხუთეულშიც კი არ არის, მოგეხსენებათ, ოქროს ბუცის რეიტინგში ამ ჩემპიონატჩი მოთამაშეთა გოლების კოეფიციენტი 1.5-ა. “პარი სენ-ჟერმენი” ევროტურნირებზე დიდი წარმატებითაც ვერ დაიკვეხნის და აქედან გამომდინარე, ვფიქრობ არ განმკიცხავთ, თუ ვიტყვი, რომ ნეიმარი შედარებით სუსტ გუნდში აგრძელებს კარიერას. მაინცდამაინც ვერც იმ ადამიანებს ვეთანხმები, რომლებიც თვლიან, რომ ამხელა თანხაზე ადამიანი უარს ვერ იტყვი. არ დავიწყებ მაგალითების ძიებას და დაგისახელებთ გაბრიელ ბატისტუტას – ერთ-ერთი საუკეთესო არგენტინელი და ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრ ფორვარდი, რომელმაც “ფიორენტინა” არანაირი დიდი თანხის სანაცვლოდ არ მიატოვა. ისიც გავითვალისწინოთ, რომ ბატისტუტამ თავისი ერთგულებით, ვინ იცის, რამდენი ტიტულის მოგების შანსი დაკარგა. ნეიმარის “ბარსელონური” კარიერა კი ასე თუ ისე წარმატებით მიმდინარეობს და ჩემი პირადი მოსაზრებით, კატალონიური კლუბიც ნებისმიერ ტურნირზე გაცილებით უფრო კონკურენტუნარიანია, ვიდრე “პარი სენ-ჟერმენი”.
მიუხედავად ამისა, ეს ერთი მოსაზრებაა და ჩემს თავს უფლებას ვერ მივცემ ნეიმარს ცილი დავწამო – არავინ იცის, რეალურად რატომაა იგი ფრანგულ კლუბში გადასვლასთან ასე ახლოს. აქ კი ბევრისთვის და განსაკუთრებით პრესისთვის მეორე არგუმენტი შემოდის. ნეიმარს სურს, რომ “მესის ჩრდილს გაექცეს”. სიმართლე გითხრათ, ჩემთვის წარმოუდგენელია როგორ შეიძლება ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელის ჩრდილს შედარებით სუსტი ჩემპიონატის შედარებით სუსტ გუნდში გადასვლით გაექცე. ბევრის აზრით, ნეიმარი “ბარსელონაში” თავის შესაძლებლობებს ბოლომდე ვერ ავლენს.
დიდი იოჰან კრუიფის აზრით, “ერთ ბუნაგში ორი დათვი ვერ გაჩერდება”. ბევრს გვეგონა, რომ სამი შესანიშნავი მოთამაშე ერთ გუნდში, ერთ ბუნაგში ძლიერ შემტევ ხაზს ვერ ჩამოაყალიბებდა. ორი თვის წინ, ან თუნდაც ორი კვირის წინ, თამამად ვიტყოდით, რომ ასეთი ადამიანებიც და მათ შორის იოჰან კრუიფიც, ცდებოდა. მაგრამ, როგორც ჩანს, ნეიმარის “დათვობამაც” იჩინა თავი და ბევრი გულშემატკივრის აზრით, სწორედ ესაა მოახლოებული ტრანსფერის მიზეზი.
საკითხავი კი ისაა, უფრო დაბალი, ან ზუსტად იმავე ოდენობის ხელფასის შეთავაზების შემთხვევაში, გახდებოდა თუ არა ეს ტრანსფერი ასე რეალური? ამ კითხვაზე პასუხი მოგვცემს საბოლოო განმარტებას, რა არის ნეიმარის კლუბიდან წასვლის მიზეზი – კოლოსალურ თანხებზე უარის ვერ თქმა, თუ საკუთარი შესაძლებლობებისა და ლიდერული ფუნქციების უკეთესად წარმოჩენა…