“ბარსელონამ”, 2016/17 წლების სეზონში, რეკორდული შემოსავალი მიიღო. ამ ინფორმაციას კატალონიური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
“ბარსას” დირექტორთა საბჭომ გასული სეზონის ფინანსური მხარე შეაჯამა. გაირკვა, რომ კლუბმა რეკორდული რაოდენობის, 708 მილიონი ევროს შემოსავალი მიიღო, რაც ბიუჯეტით დაგეგმილზე 13 მილიონით მეტია. გადასახადების გადახდის შემდეგ, სუფთა მოგებამ კი 18 მილიონი ევრო შეადგინა.
კატალონიური კლუბი დასახულ სტრატეგიულ გეგმას მიჰყვება, რომლის მიხედვითაც, 2021 წლისთვის, კლუბის წლიურმა შემოსავალმა მილიარდ ევროს უნდა მიაღწიოს.
“ბარსელონამ” ასევე მოახერხა კლუბის ვალის 24.5 მილიონით შემცირება.
რაც შეეხება ხარჯს – რა თქმა უნდა, მთავარი გასავალი ფეხბურთელების ხელფასებია, რომელიც ხარჯის 66%-ს შეადგენს.
ამერიკულმა Forbes-მა, ახლახანს, “ბარსელონა” მსოფლიოს მე-4 ყველაზე ძვირადღირებულ კლუბად დაასახელა. კატალონიური კლუბი 3.64 მილიარდად შეფასდა, რაც, წინა წელთან შედარებით, 2%-იან ზრდას ნიშნავს. “ბარსა” მხოლოდ “დალას ქოუბოისს”, “ნიუ იორკ იანკისა” და “მანჩესტერ იუნაიტედს” ჩამორჩება.

