მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონა” – 18 მილიონი მარკო ვერატისთვის

“ბარსელონა” – 18 მილიონი მარკო ვერატისთვის

როგორც მოგეხსენებათ, მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე “ბარსელონას” მიზანს დაცვის მარჯვენა ფლანგისა და ნახევარდაცვის გაძლიერებასთან ერთად, მსნ-ს ღირსეული შემცვლელის პოვნაც წარმოადგენდა. მარჯვენა მცველი და თავდამსხმელი კლუბმა უკვე შეიძინა ნელსონ სემედუსა და დეულოფეუს სახით, წინ კი ნახევარმცველია, რომლის მთავარ კანდიდატურადაც მარკო ვერატი განიხილება.

თუმცა, საქმე ასე მარტივად არაა. დავიწყოთ იქიდან, რომ პსჟ თავისი საკვანძო ფეხბურთელის გაყიდვაზე კატეგორიულ უარს აცხადებს. გარდა ამისა, ნასერ ალ-ხელაიფი და მისი კოლეგები იტალიელი ნახევარმცველის ტრანსფერს რომ დათანხმდნენ, კატალონიელებს ვერატის გაფორმება 80 მილიონ ევროზე ნაკლები არ დაუჯდებათ.

ზემო აღნიშნულ ორ ტრანსფერში “ბლაუგრანამ” 42 მილიონი ევრო დახარჯა – 30 მილიონად ნაყიდი სემედუ და 12 მილიონად დაბრუნებული დეულოფეუ. რამდენიმე დღის წინ კი ბართომეუმ დაადასტურა, რომ კლუბს ტრანსფერებისთვის 60 მილიონი ევრო აქვს გამოყოფილი, რაც იმას ნიშნავს, რომ ვერატისთვის საჭირო თანხის დანარჩენი ნაწილი კატალონიელებმა ფეხბურთელების გაყიდვით უნდა მიიღონ.

ამ 62 მილიონი ევროს გამომუშავება კი არც თუ ისე მარტივი იქნება. წასვლის მთავარი კანდიდატები არდა თურანი და რაფინია ალკანტარა არიან. თურქი ფეხბურთელის ჩინეთში ტრანსფერი გამოირიცხა, რადგან ამ აზიურ ქვეყანაში კლუბებს ფეხბურთელების დამატებისთვის განკუთვნილი დრო გუშინ ამოეწურათ. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იანვარში კატალონიელებმა თურანის სანაცვლოდ 50 მილიონიანი შეთავაზება მიიღეს, ახლა კი ჯერ-ჯერობით მსურველები არ ჩანან. რაფინიას შემთხვევაში კი ტრანსფერი ალბათ ჯერ არ გაირკვევა, რადგან გასარკვევია ბრაზილიელის ტრავმის სერიოზულობა, თავის მხრივ, ახალგაზრდა ნახევარმცველს მეტი სათამაშო დრო სურს, რათა 2018 წლისთვის ფორმაში შევიდეს და მსოფლიო ჩემპიონატზე ბრაზილიის ნაკრების ღირსება დაიცვას.

ასე რომ, ყველაფერი მიუთითებს იმაზე, თუ რაოდენ რთული იქნება მარკო ვერატის გაფორმება “ბარსელონასთვის”. დიდი ალბათობით, ჯერ კლუბმა ფეხბურთელების გაყიდვას უნდა მიხედოს. “ვერატის პსჟ-სთან კონტრაქტი აკავშირებს. ასე რომ, ამაზე ბევრს ვერაფერს ვიტყვი. თუ ფეხბურთელის შეძენა გსურს, რომელსაც მოქმედი კონტრაქტი აქვს, ჯერ ყველაფერი მის გუნდთან უნდა შეათანხმო.” – ასეთია რობერტ ფერნანდესის კომენტარი იტალიელის შესაძლო ტრანსფერზე.

“ბარსელონას” სპორტულმა დირექტორმა ისიც განმარტა, რომ ზაფხულის ბოლომდე დიდი დროა და კატალონიელებს წინ საკმაოდ რთული გზა ელით.

“სისწრაფე არ მიყვარს. ჩვენ წინ ჯერ კიდევ დიდი დრო გვაქვს და ჯერ-ჯერობით დიდი ცვლილებები არ განგვიხორციელებია. ვიცით, ფანჯრის დახურვამდე რაც უნდა გავაკეთოთ. გასულ სეზონში ბევრმა სირთულემ იჩინა თავი, რადგან ზოგჯერ გავიწყდება, თუ რა ფუფუნება გაქვს. ჩვენ შესანიშნავი გუნდი გვყავს მაღალი დონის ფეხბურთელებით და 3-4 ახალი ფეხბურთელი ამ შემადგენლობას საუკეთესოს გახდის.”

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში