სტატიაში საუბარია “ბარსელონას” მიერ მარკო ვერატის შეძენის აუცილებლობასა და იტალიელის შესაძლებლობებზე, რის წყალობით, კატალონიური გრანდი მწვერვალზე დაბრუნდება.
კრიშტიანუ რონალდუს სავარაუდო წასვლის შესახებ გავრცელებულმა ჭორმა, საზოგადოებას კიდევ ერთი ესპანური სატრანსფერო დრამა დაავიწყა.
“ბარსელონამ” პსჟ-ს 100 მილიონი ევრო შესთავაზა, მესი ფეხბურთელს იბიცაზე შეხვდა, მხარეები იტალიელისთვის მომგებიან ხელშეკრულებაზეც კი შეთანხმდნენ, მაგრამ პსჟ-ს ხელმძღვანელობის წინააღმდეგობა იდილიას ანგრევს.
იბიცაზე შეხვედრის შემდეგ, ვერატიმ პარიზელებს ულტიმატუმი წაუყენა: სანამ ისინი იტალიელს “ბარსელონაში” წასვლის ნებას არ დართავენ, მარკო გუნდის განკარგულებაში არ დაბრუნდება. ამას პსჟ-მ ცინიკურად უპასუხა: კატალონიელები დროს ფუჭად კარგავენ.
ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ვერატის ბოიკოტი პსჟ-ზე ზეწოლას მოახდენდა და მის “ბარსელონაში” ტრანსფერს დააჩქარებდა, მაგრამ მოვლენები საწინააღმდეგოდ განვითარდა და იტალიელი კლუბთან ერთად ამერიკაში გაემგზავრა.
ულტიმატუმი ტყუილუბრალოდ არასდროს ჩნდება. ვერატი წასვლას ისახავს მიზნად. პარიზში ის განსაკუთრებულ წარმატებას ვერ მიაღწევს, რამდენიმე იაფფასიანი ტიტულის გამო თავის ტალანტსა და საუკეთესო წლებს დამარხავს. შეიხებს შეუძლიათ იტალიელი ფინანსურად უზრუნველყონ – პსჟ მარკოს წელიწადში 12 მილიონ ევროს სთავაზობს, მაგრამ წარუმატებლად.
“ბარსელონაში” ვერატი ყველაფერს მიიღებს: ფულს, დიდებასა და ტიტულებს. აგრეთვე ექნება შანსი გახდეს ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო კლუბის ლეგენდა. კატალონია თბილი დახვედრისთვის ემზადება – კონტრაქტი შეთანხმებულია, ტრანსფერს პირადად მესი ემხრობა, ლეგენდარული ჩავიც კი საჯაროდ აცხადებს, რომ მარკო გუნდის დნმ-ს ატარებს.
კატალონიურ გრანდს ვერატის დათმობის უფლება არ აქვს. მის სანაცვლოდ “ლურჯ-ბროწეულისფრებმა” ნებისმიერი თანხა უნდა გადაიხადონ. პსჟ-ს მფლობელებს უნდა ესმოდეთ, რომ მარკო კონტრაქტში მითითებული 4 წლის განმავლობაში უმოტივაციოდ ვერ ითამაშებს, როგორც ეს სალვატორე სირიგუმ აღნიშნა. ამდენი ხნის მანძილზე იმ ფეხბურთელის შენარჩუნება, რომელიც სხვა კლუბისკენ მიისწრაფვის – შეცდომაა.
კატალონიელებს გამოსავალის პოვნა მართებთ, რადგან მარკო გუნდისთვის იდეალური ვარიანტია. მისი ტექნიკა, პასი და მოედნის ხედვა გვაფიქრებინებს, რომ წლების მანძილზე ვერატისთან არა პროვინციელი იტალიელები, არამედ ლა მასიას სპეციალისტები მუშაობდნენ.
თუ “ბარსელონა” ნახევარდაცვის გაძლიერებაზე სათანადოდ არ იზრუნებს გუნდი სერიოზული პრობლემის წინაშე დადგება. ეს იქნება იმაზე სერიოზული დაბრკოლება, ვიდრე 2016/17 წლების სეზონში შეიქმნა – დაცვის მარჯვენა ფლანგი “ბლაუგრანას” აქილევსის ქუსლად მოგვევლინა, რაც პრიმერასა და ჩემპიონთა ლიგაზე გამოჩნდა.
გუნდმა ჩავი ერნანდესს ღირსეული რეზერვისტი ვერ უპოვა, ანდრეს ინიესტა კი უკვე 33 წლისაა. კაპიტანი გუნდის ნახევარდაცვის ყველაზე მნიშვნელოვან ფიგურას წარმოადგენს, “ბლაუგრანას” კი სათანადო შემცვლელის შესაძენისთვის ცოტა დრო აქვს.
სწორედ ვერატიმ დაამტკიცა, რომ ესპანეთის ვიცე-ჩემპიონს ნახევარდაცვაში სერიოზული ჩავარდნა აქვს. თებერვალში გამართულ ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალურ მატჩში მარკო მოედნის ცენტრში გაბატონდა – მსგავსი დომინირებით “ბლაუგრანას” სხვა ვერცერთი მეტოქე ვერ დაიკვეხნის. იტალიელმა ფრანგთა ტრიუმფში განუზომელი წვლილი შეიტანა.
ლეგენდარული ვისენტე დელ ბოსკეს სიტყვები მარკოს რომ მოვარგოთ, შემდეგ ინტერპრეტაციას მივიღებთ: ვუყურებთ თამაშს – ვერ ვხედავთ ვერატის, ვაკვირდებით მარკოს – ვხვდებით, რატომ დომინირებს პსჟ.
ვალვერდეს ფილოსოფია ეფუძნება მყარ ნახევარდაცვას – გუნდის მამოძრავებელი ძალა, რომელიც დაცვასა და შემტევ ტრიოს აერთებს. ერნესტო ყველაზე ხშირად იყენებს ფორმაციას 4-2-3-1.
“ჭიანჭველა” ფსონს აკეთებს საყრდენზე, მკვეთრად გამოკვეთილ თამაშის ორგანიზატორზე და მას ურჩევნია ყოველთვის ერთ-ერთი ნახევარმცველი თამაშობდეს პოზიციურად.

ვერატი ვალვერდეს ტაქტიკის განსახიერება თავისუფლად გახდება. მარკო მოერგება ფორმაციას 4-2-3-1 და 4-3-3. სამი მცველით თამაშისას მას შეუძლია უზრუნველყოს დაზღვევა. ინტელექტუალურ, ტექნიკურ, შესანიშნავი პასის კულტურის მქონე იტალიელს, კონტაქტური ორთაბრძოლა უყვარს, რის გამოც მატჩში საშუალოდ 2-ჯერ ჯარიმდება.
დაცვაში დახვეწილად მუშაობის გარდა ვერატის შეტევის ორგანიზება შეუძლია, რომელიც სიღრმიდან იწყება. საშუალოდ, 1.6 შექმნილი შანსი მატჩში – შესანიშნავი შედეგია.
24 წლის მოთამაშე არამხოლოდ სტილით, არამედ გაბარიტებითაც ჩავისა და ინიესტას ჰგავს. მარკო თავმდაბალია, წინა პლანზე არასდროს დგას, მას არც გუნდის სხვა ვარსკვლავებივით ადიდებენ, მაგრამ – ის გენიოსია.
“ბარსელონა” და ვერატი ერთმანეთისთვის არიან შექმნილნი. ყველა გზა კატალონიისკენ მიდის. სატრანსფერო საგა აუცილებლად უნდა დასრულდეს და “ბლაუგრანას” იტალიელის დაკარგვის უფლება არ აქვს!



