ჟერარ დეულოფეუმ, რომელმაც სულ რამდენიმე საათის წინ გააფორმა ახალი კონტრაქტი, განაცხადა, რომ იგი 2013 წლის შემდეგ ძალიან შეიცვალა. მას შემდეგ, რაც ესპანელმა “ბარსელონა” დატოვა, “ევერტონი”, “სევილია” და “მილანი” გამოიარა ისევ მშობლიურ კლუბში დასაბრუნებლად.
“მე ძალიან შევიცვალე. ბოლოს, როცა აქ ვთამაშობდი, ბავშვი ვიყავი. მე მოედანზეც შევიცვალე და მის გარეთაც და ამის დამტკიცებას ვეცდები.” – განაცხადა ფორვარდმა “Barca TV”-სთან, კონტრაქტზე ხელის მოწერის შემდეგ.
მან ასევე დაამატა, რომ “სხვა კლუბების მაისურით თამაშისას ბევრი რამ ვისწავლე. შესანიშნავ ფეხბურთელებთან ერთად ვთამაშობდი და დიდი გამოცდილება მივიღე. აქ ძალიან გაძლიერებული დავბრუნდი.”
“აქ ყოფნა ყოველთვის მსურდა და ვიცი, რომ ბევრი უნდა ვივარჯიშო. შევეცდები კლუბს დავეხმარო და ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოვავლინო – კონკურენცია ძალიან დიდია და დარწმუნებული ვარ, რომ “ბარსელონას” ტიტულების მოგებაში დავეხმარები.”
ფეხბურთელმა მის ოჯახზეც ისაუბრა: “მე აქ ჩემს ოჯახთან ერთად მოვედი (ცოლი და ქალიშვილი). გოგონა ჯერ მხოლოდ 3 თვისაა და მოხარული ვარ, რომ მათთან ერთად ვარ. ისინი მე მაძლიერებენ. ჩვენ სახლში ვართ და ეს მისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია.”