“ბარსელონასა” და “მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდებს შორის გამართული მატჩი ინგლისელთა გამარჯვებით, 3:1 დასრულდა.
“კამპ ნოუზე” კატალონიელთა ღირსებას რონალდინიო, რივალდო, ედგარ დავიდსი და პატრიკ კლუივერტი იცავდნენ, მაგრამ “წითელი ეშმაკები” მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდებს არ შეუშინდნენ. ენდი რიჩის შეგირდებმა ხოსეპ მარია ბაკეროს კოლექტივს დამაჯერებლად სძლიეს.
იასპერ ბლომკვისტის (14′), კარელ პობორსკისა (57′) და დუაიტ იორკის (77′) გოლებს “ბარსელონას” მხრიდან დეჰუმ (90′) უპასუხა. შეხვედრა სანახაობრივი გამოდგა და ის გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. რომ არა აშკარა რეალიზაციის პრობლემა, კატალონიელები დღევანდელ მატჩს რადიკალურად განსხვავებული შედეგით დაასრულებდნენ.
მიუხედავად განცდილი მარცხისა, ლეგენდარულმა რონალდინიომ ქომაგებს თავი ულამაზესი ფინტით დაამახსოვრა. როგორც ჩანს ფორმა დროებითია, კლასი კი მართლაც სამუდამო.

“ბარსელონა” და “მანჩესტერი” ერთმანეთს ინგლისში, 2 სექტემბერს კვლავ დაუპირისპირდებიან. ამჯერად მატჩი “ოლდ ტრაფორდზე” გაიმართება.
[media=https://www.youtube.com/watch?v=W_nMj5_-HAs]



