რამდენიმე დღის წინ ინტერნეტის საშუალებით სიმფსონების 11 ახალი წევრი გაიცნო მსოფლიომ. ეს სწორედ ის ადამიანებია, რომლებმაც 2010 წლის მუნდიალი წარმატებით დაასრულეს. როგორც მოსალოდნელი იყო, ამ სახის კარიკატურამ დიდი გამოხმაურება ჰპოვა. მინი-ფეხბურთელებმა თავად რეალური ფეხბურთელების ყურადღებაც კი მიიპყრეს, მათ შორისაა სესკ ფაბრეგასი და კარლეს პუიოლი.
ლონდონის არსენალის კაპიტანმა გავრცელებული სურათი დაუყონებლივ განათავსა “თვითერის” საკუთარ ვებ-გვერდზე და შემდეგი კომენტარი დატოვა: “სიმფსონების” კარიკატურებშიც კი ყველაზე სიმპატიური მაინც კარლეს პუიოლი გამოვიდა!”
როგორც ხედავთ, სურათზე ესპანეთის ნაკრების ტოპ-ფეხბურთლები არიან გამოსახულნი, ხოლო ნახატის ქვეშ მიწერილია წარწერა: “ჩემპიონები 2010 – ესპანეთი”.
ამ სურათის ინტერნეტში განთავსების შემდეგ, გაჩნდა ერთი კითხვა, რომელზეც პასუხი ჯერჯერობით ბურუსით არის მოცული – ესპანელი სპორტსმენები მართლაც “სიმფსონების” შემქმნელის, მეთ გროენინგის ნახელავია თუ არა? ნებისმიერ შემთხვევაში ამ კარიკატურამ უკვე დიდი ინტერესი გამოიწვია მთელ მსოფლიოში.



