მოგეხსენებათ, მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე აქტიურად იწერება მარკო ვერატის შესაძლო ტრანსფერზე კატალონიის “ბარსელონაში”. ფეხბურთელი ამჟამად პსჟ-ს რიგებში ირიცხება. თუმცა, “ბლაუგრანას” პარიზელებთან ტრანსფერების მხრივ არც თუ ისე კარგი ისტორია აქვს.
“ბარსელონაში” კარგად ესმით, რომ პსჟ-ს ერთ-ერთი საკვანძო ფეხბურთელის წყალობით ერნესტო ვალვერდეს გუნდი ძალიან გაძლიერდება და ლა ლიგასა და ჩემპიონთა ლიგაზე კლუბის წარმატების შანსებს 24 წლის ნახევარმცველი კიდევ უფრო გაზრდის. ერთადერთი პრობლემა ხელმძღვანელობებს შორის შეუთანხმებლობაა – ნასერ ალ-ხელაიფს საკმაოდ დიდი მიზნები აქვს და არ აპირებს მარტივად შეელიოს თავისი გუნდის ერთ-ერთ ყველაზე მთავარ მოთამაშეს.
აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა სატრანსფერო ფანჯარაზე ამ გუნდთა გზები გადაიკვეთა. სამწუხაროდ, აქამდე თითქმის ყველა შემთხვევა პსჟ-ს გამარჯვებით დასრულდა – რასაც, რა თქმა უნდა ნაწილობრივ პარიზელთა დიდი ფინანსური შესაძლებლობები განაპირობებს. აქამდე იყვნენ ფეხბურთელები, როგორებიც არიან ტიაგო სილვა, მარკინიოსი, რაბიო და ა.შ.
ახლა კი ეს ყველაფერი ვერატიზე მეორდება. იტალიელი ფეხბურთელი არ მალავს თავის სურვილს, ითამაშოს “კამპ ნოუზე” ლეო მესისთან ერთად და მასთან ერთად ბევრი ტიტული მოიგოს.
ეს ყველაფერი ნაწილობრივ პარიზელთა წარუმატებლობამაც განაპირობა ჩემპიონთა ლიგაზე. 8 მარტს მომხდარი საფეხბურთო სასწაული ალბათ ბოლო წვეთი იყო. პსჟ-მ ვერ შეძლო კატალონიელთა სრული ფიასკოს შემდეგ 4-ბურთიანი უდიდესი უპირატესობა შეენარჩუნებინა, რამაც დიდი ალბათობით უბიძგა კიდეც ვერატის კლუბის დატოვებისკენ – ვკითხულობთ La Gazzetta dello Sport-ისეულ ახსნას sport.es-ის სტატიაში.
ფრანგთა პასუხი კი ამჯერადაც იგივეა – არა! ჯერ-ჯერობით კლუბებს შორის შეთანხმება არ მიღწეულა და მოლაპარაკებებშიც წარმატებები ნაკლებადაა. როგორც ჩანს, სიტუაცია ემსგავსება შემდეგი 5 ფეხბურთელის ტრანსფერებს:
1) ტიაგო სილვა
ბრაზილიელი მცველი საფრანგეთში 2012 წელს გადავიდა და “მილანმა” მის სანაცვლოდ 42 მილიონი ევრო მიიღო და პსჟ-ს კაპიტანი გახდა. “ბარსელონა” კი, რომელიც იმ სატრანსფერო ფანჯარაზე დამარცხდა, შემდეგ ზაფხულებშიც ცდილობდა ფეხბურთელის სურვილი გამოეყენებინა და ტიაგო სილვა ლურჯ-ბროწეულისფერ ფორმაში ენახა, მაგრამ კონტრაქტის პირობებმა და პსჟ-ს ხელმძღვანელობამ ამ ყველაფერს ხელი შეუშალა.
2) მარკინიოსი
1 წლის შემდეგ იგივე ისტორია განმეორდა, ამჯერად მარკინიოსზე. ამჯერად ეს ტრანსფერი მომავალზე იყო გათვლილი, რადგანაც მარკინიოსი ტიაგო სილვაზე გაცილებით ახალგაზრდაა და მისი შეძენით კლუბი ამ პოზიციაზე ადგილს დიდი ხნით შეავსებდა. მაგრამ კატალონიელები ამჯერადაც დამარცხდნენ და პსჟ-მ 31.4 მილიონი ევროს სანაცვლოდ 19 წლის მარკინიოსი “რომადან” შეიძინა. “ბარსელონას” ინტერესი ამის შემდეგაც არ განელებულა, მაგრამ ნასერ ალ-ხელაიფი კატეგორიულ უარზე იყო.
3) დავიდ ლუიზი
საქმე კიდევ ერთ ბრაზილიელ ცენტრალურ მცველს ეხებოდა. “ბლაუგრანა” ამჯერად ფიზიკურად უფრო ძლიერ ცენტრალურ მცველს ეძებდა, მაგრამ პარიზული ბარიერი ვერც ამჯერად გადალახა. ფრანგებმა ფეხბურთელის სანაცვლოდ “ჩელსის” 49.5 მილიონი ევრო გადაუხადეს. საბოლოოდ, 2016 წლის ზაფხულში დავიდ ლუიზი “სტემფორდ ბრიჯზე” 35 მილიონ ევროდ დაბრუნდა.
4) ადრიენ რაბიო
ახალგაზრდა ფრანგი ფეხბურთელის კარიერა პარიზულ კლუბში დაიწყო, შემდეგ იყო ტრანსფერი “ტულუზაში” და 2012 წელს ისევ პსჟ-ში დაბრუნება. “ბარსელონამ” მალევე შეამჩნია ახალგაზრდა ტალანტი, მაგრამ როგორც წინა სამ შემთხვევაში, ტრანსფერი ახლაც არ შედგა.
4) ანხელ დი მარია
არგენტინელმა ფეხბურთელმა მადრიდის “რეალი” დატოვა და “მანჩესტერ იუნაიტედს” 75 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა, თუმცა პრემიერ ლიგაში მისი კარიერა ვერ აეწყო. ის მალევე გახდა რამდენიმე ევროპული გრანდის სამიზნე, მათ შორის “ბარსასიც”, რომელშიც კარგად იცოდნენ ლეო მესის დამოკიდებულება თანამემამულისადმი… ყველას აქაც პსჟ-მ აჯობა ფეხბურთელი 63 მილიონ ევროდ გაიფორმა.
6) მარკო ვერატი
და 2017 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარამდეც მოვედით. ვერატი თვლის, რომ მისი პარიზული კარიერა უნდა დასრულდეს და კლუბის ხელმძღვანელობას თავისი სურვილიც გააცნო. “ბარსელონამაც” გადადგა პირველი ნაბიჯი მოლაპარაკებების დასაწყებად და ტრანსფერის ღირებულებად დაახლოებით 80 მილიონი ევრო განიხილება. შეგახსენებთ, რომ კატალონიელებს ამხელა თანხა ჯერ არც ერთი ფეხბურთელისთვის არ გადაუხდია. სამწუხაროდ, ნასერ ალ-ხელაიფის პასუხი ისევ იგივეა. თუმცა ვერატის დიდი მონდომება და სურვილი, რომ დატოვოს ამჟამინდელი კლუბი, ტრანსფერს ამარტივებს და მის ალბათობას საგრძნობლად ზრდის.