უნგრელთა ჯგუფი სუსხიან ზამთარს სატვირთო მანქანის საბარგულში არიდებდა თავს. თითოეული მათგანი, ხელში ყალბი დოკუმენტებით, რუს ჯარისკაცთა ფორმაში იყო გამოწყობილი. ალპები გადალახეს, მათი დანიშნულების ადგილი კი ავსტრიის, ამერიკის მიერ ოკუპირებული ტერიტორია იყო, რომელიც ლტოლვილებისთვის თავშესაფარს წარმოადგენდა.
ახალგაზრდებს მანქანის საზღვართან ახლოს დატოვება და რამდენიმე კილომეტრის ფეხით გავლა მოუწიათ. 1949 წლის იანვარი იდგა: აღმოსავლეთ ევროპის დიდი ნაწილი “რკინის ფარდით” იყო დაფარული.
ინსბრუკში ჩასვლის შემდეგ, ერთ-ერთმა მესაზღვრემ დოკუმენტების შემოწმებისას ცნობილი ფეხბურთელი ამოიცნო, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ ბუდაპეშტში იყო დაბადებული, ჩეხოსლოვაკიის ნაკრების ღირსებას იცავდა – პერსპექტიული თავდამსხმელი ლადისლავ კუბალა.

20 წლის კუბალას შესანიშნავი გოლის ალღო ჰქონდა. ჩეხოსლოვაკიაში გადაბარგებამდე (სადაც ეროვნულ გუნდში, ფერდინანდ დაუჩიკის ხელმძღვანელობით გამოდიოდა) ის “ჰანც ტორნასა” და “ფერენცვაროსში” ასპარეზობდა.
სამხედრო სამსახურში გაწვევის თავიდან აცილების მიზნით, 1948 წელს კუბალა ცოლთან ერთად უნგრეთში დაბრუნდა, სადაც კლუბ “ვაშაშთან” კონტრაქტი გააფორმა. შემდეგ მან ცოლი და ახალშობილი ვაჟი, ბრანკო დატოვა, რათა ალპები გადაეკვეთა. ოჯახთან შეხვედრას იტალიაში გეგმავდა, სადაც ავსტრიის გავლით უნდა აღმოჩენილიყო. ცოლს, თავის მხრივ, დუნაის გადაცურვა მოუწია.
ოჯახის მოლოდინში, კუბალამ იტალიურ “პრო პატრიაში” ითამაშა. “კლუბის პრეზიდენტმა ხუმრობით მითხრა, რომ თუ ბურთს 400-ჯერ ავკენწლიდი თავის საათს მომცემდა, მას ეს შეუძლებლად მიაჩნდა. მარჯვენა, მარცხენა, მარჯვენა, მარცხენა, მუხლი, თავი, შემდეგ 398, 399 და 400. ის გაოცდა. მართალი გითხრათ მეც! საათი ნამდვილად შესანიშნავი იყო.”-გაიხსენა ლადისლავმა.
1949 წლის მაისში “ტორინომ” (“Il Grande Torino”) კუბალას ლისაბონში, “ბენფიკას” წინააღმდეგ გასამართ ამხანაგურ მატჩში მონაწილეობის მიღება შესთავაზა. იტალიური კლუბი იმ დროისთვის, ლადისლავის გაფორმებას აქტიურად ცდილობდა. უნგრელი შემოთავაზებას დათანხმდა, მაგრამ პორტუგალიაში წასვლამდე დაბრუნდა თავისი დაუძლურებული ცოლი მძიმედ ავადმყოფ შვილთან, ბრანკოსთან ერთად (რომელიც მომავალში ფეხბურთელი გახდა).
მან პორტუგალიაში გამგზავრებაზე უარი განაცხადა და გადაწყვიტა შვილს დახმარებოდა. ამან კუბალას სიცოცხლე შეუნარჩუნა: როცა ლეგენდარული გუნდი ტურინისკენ მიემართებოდა, მოხდა ავიაკატასტროფა, რასაც თვითმფრინავში მყოფი ყველა ადამიანი ემსხვერპლა.

ამის შემდეგ, კუბალა FIFA-ს მიერ 1 წლით იქნა დისკვალიფიცირებული. უნგრეთის ფეხბურთის ფედერაცია რამდენიმე დარღვევის გამო მოითხვდა სასჯელს (მათ შორის გაქცევა და სამხედრო სამსახურზე თავის არიდება).
ლადისლავი გარკვეული დროის განმავლობაში ამერიკის მიერ ოკუპირებულ ჩინეჩიტაში ცხოვრობდა (რომი, იტალია). კუბალას ჯიბეში გროშიც კი არ ჰქონდა, როცა “ჰუნგარიას” ჩამოყალიბებაში მიიღო მონაწილეობა. აღნიშნული გუნდი უნგრელების, ჩეხების, რუსებისა და ხორვატებისგან შედგებოდა, ლტოლვილებისგან, რომლებმაც “აღმოსავლური ბლოკის” ქვეყნები დატოვეს.
კოლექტივის მწვრთნელი ზემოთ უკვე ხსენებული დაუჩიკი იყო. 1950 წელს “ჰუნგარიამ” ესპანურ ტურნეში მიიღო მონაწილეობა, სადაც “რეალს”, “ესპანიოლსა” და ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდა.
“რეალის” პრეზიდენტმა, სანტიაგო ბერნაბეუმ დაკვირვების შემდეგ ლტოლვილს შემოთავაზება გაუკეთა, მაგრამ კუბალა მოითხოვდა, რომ მასთან ერთად “სამეფო კლუბის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე, დაუჩიკი დაენიშნათ. ეს მოვლენები იმის მიუხედავად ვითარდებოდა, რომ ლადისლავს ოფიციალურ მატჩებში მონაწილეობის მიღება ეკრძალებოდა.
მისით კიდევ ერთი მხარე იყო დაინტერესებული. არსებობს ვარაუდები კუბალას “ბარსელონაში” გადასვლასთან დაკავშირებით. ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით, თავდამსხმელი იმდენად მთვრალი იყო, რომ მას კონტრაქტის გაფორმებისას მოატყუეს.
სხვა მოსაზრების თანახმად, მადრიდელების წინადადება მის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებდა, მაგრამ უნგრელმა ხელშეკრულებას ხელი არ მოაწერა და ის “ბლაუგრანას” წარმომადგენლებს გადასცა, რათა კატალონიელებს მსგავსი დოკუმენტი შეედგინათ.
საბოლოო ჯამში, არ აქვს მნიშვნელობა, თუ როგორ განხორციელდა მისი ტრანსფერი “ლურჯ-ბროწეულისფერთა” რიგებში. მთავარი ისაა, რომ “კამპ ნოუს” წინ ნატურალიზებული ესპანელის ძეგლი დგას, რომელმაც “ბარსელონას” წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანა.
1999 წელს “ბარსელონას” ასი წლის იუბილეზე, კუბალა კლუბის ისტორიაში ყველაზე დიდ ფეხბურთელად აღიარეს (დიახ, ეს ლეგენდარული იოჰან კრუიფის მოღვაწეობის შემდეგ, უცხოპლანეტელი მესის კარიერის დაწყებამდე მოხდა). მისი ეპოქა ნამდვილად საოცარი იყო. სწორედ ლადისლავის დამსახურებით მოუწია “ბლაუგრანას” “კამპ ნოუს” აშენება.
კუბალამ და ფერდინანდ დაუჩიკმა 1950 წლის ივნისში “ბარსელონასთან” კონტრაქტი ფააფორმეს, მაგრამ ფეხბურთელი მომდევნო წლის აპრილამდე დისკვალიფიცირებული იყო. სეზონი პრაქტიკულად დასრულდა, “ბარსელონამ” კი პრიმერაში მე-4 ადგილი დაიკავა.
წინ გენერალისიმუსის თასი იყო: თავდამსხმელი “ბარსელონას” “სევილიასთან” მატჩებში დაეხმარა. “ბლაუგრანამ” ორივე შეხვედრა ანგარიშით 2:1 მოიგო, ლადისლავმა კი მეტოქის კარი 3-ჯერ აიღო. დაუჩიკის შეგირდება წარმატებული სვლა განაგრძეს და ფინალში “რეალ სოსიედადი” ანგარიშით, 3:0 დაამარცხეს.
უნგრელმა ფორვარდმა 7 ჩატარებულ მატჩში 6 გოლი გაიტანა და ტიტულთან ერთად გულშემატკივართა გული მოიგო. კატალონია “კუბალამანიამ” მოიცვა, ლადისლავი სუპერვარსკვლავი გახდა, “ლეს კორტსი” კი მისი თამაშის ნახვის მსურველებს ვეღარ იტევდა.
კუბალას პირველმა სრულფასოვანმა სეზონმა “ბარსას” 5 ტიტული მოუტანა. 1951/52 წლების სეზონში ჩატარებულ 19 მატჩში მან 26 გოლი გაიტანა. “სპორტინგთან” შეხვედრა (9:0) უნგრელის ბენეფისით დასრულდა. ლადისლავმა ხიხონელთა კარი 7-ჯერ აიღო. დაუჩიკის კოლექტივმა პრიმერა, გენერალისიმუსის თასი, ევა დუარტეს თასი, ლათინური თასი და მარტინ როსის თასი მოიგო.

სამწუხაროდ, მომდევნო სეზონის დიდი ნაწილი კუბალამ ტუბერკულოზის გამო გამოტოვა, მაგრამ მისი ტრიუმფალური დაბრუნება “ბარსელონას” პრიმერა დივიზიონისა და გენერალისიმუსის თასის მოგებაში დაეხმარა. რამდენიმე ახალწვეულთან ერთად, ლადისლავი და დაუჩიკი კვლავ პიედესტალზე ავიდნენ.
ფერდინანდმა “ბარსელონა” 1954 წელს, უტიტულოდ დასრულებული სეზონის შემდეგ დატოვა. ის ბილბაოს “ატლეტიკმა” მიიწვია, რომლის სათავეში გენერალსიმუსის თასი (1955, 1956) და პრიმერა მოიგო (1955/56). დაუჩიკიც ლტოლვილი იყო ისევე, როგორც კუბალა. მან “ატლეტიკოს”, “პორტოს”, “ბეტისის”, “სევილიასა” და “ესპანიოლის” გაწვრთნა მოახერხა.
1967 წელს კუბალასთან ერთად დაუჩიკი “ტორონტო ფელკონსში” მუშაობდა, სადაც უნგრელმა ფეხბურთელმა ბუცები ლურსმანზე ჩამოკიდა, მწვრთნელის კარიერა კი დასასრულს მიუახლოვდა. ეს იყო ურთიერთობის განახლების ხანმოკლე პერიოდი.
დაუჩიკის წასვლის მიუხედავად “ლეს კორტსის მეფე” “ბარსელონაში” დარჩა. საზოგადოება სტადიონზე განსხვავებული სტილის მქონე გამთამაშებლის საყურებლად მიდიოდა. კუბალა ფიზიკურად ძლიერი, ენერგიული ფეხბურთელი იყო. ის ახალგაზრდა ბოქსიორივით ვარჯიშობდა, მისი სხეული კი შესანიშნავ მდგომარეობაში იმყოფებოდა. სიდ ლოუ, თავის წიგნში “შიში და სიძულვილი ლა ლიგაში”, კუბალას ჰალკს უწოდებს.
ბრაზილიური “ბოტაფოგოს” მცველებმა, რომლებიც კუბალას შეჩერებას უშედეგოდ ცდილობდნენ, მას მაისური შემოახიეს. თითქმის შიშველმა უნგრელმა თამაში განაგრძო და გოლი გაიტანა. მადრიდის “რეალის” ლეგენდა, ალფრედო დი სტეფანო ლადისლავს უწოდებს “ძლევამოსილ ფეხბურთელს, რომელსაც ტყვიამფრქვევიც კი ვერ შეაჩერებს“. მას რამდენიმე ოპონენტის სწრაფად მოტყუება და მეტოქის კარის აღება შეეძლო.
კუბალა მხოლოდ ათლეტიზმზე დამოკიდებული ფეხბურთელი არ ყოფილა. მას ესთეტიკა და მოძრაობის სილამაზე ყოველთვის აინტერესებდა. ყველა ჩამოთვლილ შესაძლებლობას ემატებოდა თამაშის იდეალური ხედვა. ეს იყო ინოვაცია!
კუბალა იყო პირველი ფეხბურთელი, რომელმაც საჯარიმო დარტყმა ცოცხალ კედელს გადააცილა და გოლი გაიტანა.

“ოქროს ბურთის” ლაურეატი ლუის სუარესი კუბალაზე ამბობდა: “ის იყო ფეხბურთელი, რომელმაც ფიზიკური ძალისა და ტექნიკის კომბინირება მოახერხა“. არსებული ინფორმაციის თანახმად, ლადისლავმა კარიერაში თერთმეტმეტრიანი მხოლოდ ერთხელ ააცილა.
რაც ყველაზე მთავარია, კუბალა გუნდური მოთამაშე იყო. ლიდერი, რომელიც თანაგუნდელებს რწმენას უმაღლებდა. მისი პარტნიორები გრძნობდნენ, რომ დამარცხება არ შეეძლოთ.
“კუბალამანია” 1957 წელსაც ვრცელდებოდა. “ბარსელონა” მისი წყალობით უფრო პოპულარული გახდა. კლუბმა ახალი სტადიონი უკვე არაერთხელ ნახსენები მიზეზის გამო ააშენა.
მომდევნო წელს, “ბლაუგრანამ” დომენეკ ბალმანიო ცნობილი არგენტინელი სპეციალისტით ჩაანაცვლა, რომელმაც კუბალას კარიერაზე დიდი გავლენა მოახდინა.
“რეალმა” 1954, 1955, 1957 და 1958 წლებში ესპანეთის ჩემპიონობა იზეიმა და აგრეთვე, ევროპის თასის პირველი სამი გათამაშება მოიგო (1955-1957). “ბარსელონა” ამ ტურნირზე გასვლასა და სამშობლოში გაბატონებასაც კი ვერ ახერხებდა. გუნდს ჰყავდა შესანიშნავი შემადგენლობა – ისეთი მოთამაშეები, როგორებიც ლუის სუარესი, ლადისლავ კუბალა, შანდორ კოჩიში და ზოლტან ციბორი იყვნენ. მიუხედავად ამისა, კლუბს არასრულფასოვნების შეგრძნება არ ტოვებდა, მაშინ, როცა მუდმივი ანტაგონისტი მწვერვალებს იპყრობდა.
1958 წელს “ბარსელონამ” “რეალის” დამხობის მიზნით, ელენიო ერერა მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშნა. კონკურენტუნარიანი გუნდის ჩამოსაყალიბებლად, მან რამდენიმე მოთხოვნა წამოაყენა, რაც ალკოჰოლის მიღებასა და მოწევის აკრძალვას ითვალისწინებდა. ერთმა ფეხბურთელმა წესები არ გაითვალისწინა. რა თქმა უნდა, ეს იყო იმდროინდელი “ბლაუგრანას” მეფე, ლადისლავ კუბალა – დალევის მოყვარული მოთხოვნადი მამაკაცი.
აგრეთვე წაიკითხეთ
ბუნებრივია, თავკაცი ამას ეწინააღმდეგებოდა. ერერას არ სურდა, რომ გუნდში მასზე დიდი გავლენა რომელიმე ფეხბურთელს ჰქონოდა. ამიტომ, კუბალა სარეზერვო მოთამაშედ იქცა. ელენიომ უნგრელის შესაძლებლობები არ დააფასა, რაც მისი უდიდესი შეცდომა აღმოჩნდა.
მიუხედავად იმისა, რომ “ბლაუგრანამ” ზედიზედ ორჯერ პრიმერა მოიგო, გენერალისიმუსის თასი მოიპოვა და “ლოს ბლანკოსის” ჰეგემონია შეწყვიტა, ევროპის ჩემპიონთა თასის 1/2 ფინალში, კატალონიელები მადრიდელებთან ორი მატჩის ჯამში 2:6 დამარცხდნენ, არგენტინელმა კი ლადისლავი მოედანზე არ გამოუშვა. უპატიებელი შეცდომის გამო სპეციალისტი გაათავისუფლეს, ფეხბურთელმა გაიმარჯვა.
კუბალა წარმატებული პერიოდით ტკბებოდა, მაგრამ ორმოცდაათიან წლებში უნგრეთის ეროვნული ნაკრები დომინირებდა. მიუხედავად ამისა, “ბლაუგრანას” ლეგენდა არ ნანობდა, რომ ჯადოსნური გუნდის ნაწილი არასდროს ყოფილა.
ალბათ, 1954 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი, რომელსაც ხშირად “ბერნის სასწაულს” უწოდებენ, სხვა ანგარიშით დასრულდებოდა კუბალა ფერენც პუშკაშის პარტნიორი რომ ყოფილიყო. ფეხბურთი მილიონობით ადამიანს სწორედ იმის გამო უყვარს, რომ მცირე ცვლილებამ, შესაძლოა, მოსალოდნელისგან რადიკალურად განსხვავებული შედეგი მოგიტანოს. არავინ იცის, რას მიაღწევდა გუსტავ შებეშის ოქროს თაობა კუბალასთან ერთად…
კუბალა ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მოთამაშე იყო, რომელიც იმ ეპოქის სხვა გმირებმა დაუმსახურებლად დაჩრდილეს. ლადისლავმა სირთულეები დაძლია და მისი სახელი უკვადვყო…

სპეციალურად, Barcamania.ge-სთვის.
