დღეს, თბილისის დროით 23 საათსა და 45 წუთზე, “ბარსელონა”, ესპანეთის ჩემპიონატის 28-ე ტურის მატჩში, “ვალენსიას” საკუთარ კედლებში უმასპინძლებს. მთავარი არბიტრი ალეხანდრო ხოსე ერნანდესი იქნება.
“დეპორტივოსთან” გამართული მატჩის გამოტოვების შემდეგ, გუნდს ბრაზილიელი ფეხბურთელები, ნეიმარი და რაფინია დაუბრუნდნენ.
განაცხადს მიღმა, ტრავმირებული ვიდალის გარდა, მატიე, თურანი და მასიპი დარჩნენ.
“ბარსელონას” განაცხადი ასე გამოიყურება: ტერ შტეგენი, სილესენი, პიკე, რაკიტიჩი, ბუსკეტსი, დენისი, ინიესტა, სუარესი, მესი, ნეიმარი, რაფინია, მასკერანო, ალკასერი, ალბა, დინი, ს. რობერტო, გომეში, უმტიტი.
მადრიდის “რეალმა” ბილბაოს “ატლეტიკი” 2:1 დაამარცხა და “ბლაუგრანასთან” სხვაობა 5 ქულამდე გაზარდა. ამასთანავე, “სამეფო კლუბს” თადარიგში 1 შეხვედრა აქვს.
“პარი სენ-ჟერმენთან” გამართული უნიკალური შეხვედრის შემდეგ (6:1), “ბარსელონამ” არცთუ ისე კარგი თამაში აჩვენა “დეპორტივოსთან” მატჩში (1:2). კატალონიური კლუბი სტუმრად დამარცხდა, რამაც “რეალს” ლა ლიგის ტიტულის მოპოვების შანსები გაუზარდა.
სავსებით ნათელია, რომ “ვალენსიასთან” მატჩში ლუის ენრიკეს კოლექტივს ქულების დაკარგვის უფლება არ აქვს. სხვა შემთხვევაში, თუნდაც აპრილში გასამართ “ელ კლასიკოში” გამარჯვება, “ბარსელონას” ტიტულის მოგების გარანტიას არ აძლევს. განსაკუთრებით მაშინ, თუ “რეალი” “სელტასთან” შეხვედრას მოიგებს, რომელიც უამინდობის გამო გადაიდო.
“ბარსელონამ” “კამპ ნოუზე” გამართულ ბოლო 3 შეხვედრაში 17 გოლი გაიტანა და მხოლოდ 2 გაუშვა. თავის მხრივ, “ვალენსია” ზედიზედ 4 მატჩის განმავლობაში ვერ ახერხებს სტუმრად გამარჯვების მოპოვებას. ერთი შეხედვით, ასეთი მაჩვენებელი კატალონიურ კლუბს უპირატესობას აძლევს, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ბოლოს, როცა ეს გუნდები “ბლაუგრანას” კედლებში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, “ღამურებმა” მინიმალური ანგარიშით, 2:1 მოიგეს.
დღეს, მოედანზე დიდი მოტივაციით ითამაშებს ნეიმარ და სილვა, რომელიც “ბარსელონას” რიგებში თავისი მე-100 გოლის გატანასთან ახლოსაა. ამასთანავე, ლიონელ მესი და ლუის სუარესი ბომბარდირთა დავაში პოზიციების გამყარებას ისახავენ მიზნად. არგენტინელი რეიტინგის ლიდერია 23 გოლით, მეორე ადგილს კი მისი ურუგვაელი თანაგუნდელი იკავებს (21). სამეულშია კრიშტიანუ რონალდუც (19).

ლუის ენრიკე მატჩის წინ:
“ვალენსიას” წინააღმდეგ ჩატარებულ შეხვედრებს თუ გადავხედავთ, დავინახავთ, რომ ისინი ყოველთვის გვიქმნიან პრობლემას. მიუხედავად მათი პოზიციისა სატურნირო ცხრილში, “ღამურებს” მაღალი კლასის მოთამაშეებით აღსავსე შემადგენლობა ჰყავთ. ეს მძიმე მეტოქეა.”
სავარაუდო შემადგენლობები:




