2006 წელს ნეიმარი ძალიან ახლოს იყო იმასთან, რომ “რეალ მადრიდის” აკადემიის წევრი გამხდარიყო. ბრაზილიელმა ფეხბურთელმა 14 წლის ასაკში მადრიდული კლუბის ბაზაზე ორი კვირა გაატარა და ახალგაზრდულ საერთაშორისო ტურნირზე მონაწილეობის მისაღებად შედგენილ განაცხადშიც მოხვდა.
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, საინტერესო ისტორია MIC-ის საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირის 25 წლის იუბილესთან დაკავშირებული საარქივო მასალების შესწავლისას გახდა ცნობილი.
ორგანიზატორებმა აღმოაჩინეს “რეალ მადრიდის” 2006 წლის განაცხადი, რომელშიც 1992 წელს დაბადებული 18 ფეხბურთელი იყო შეყვანილი. მათ შორის ნეიმარ და სილვა სანტოს ჟუნიორიც ფიგურირებდა.
იმავე განაცხადში იყვნენ დანი კარვახალი, ალექს ფერნანდესი და პაბლო სარაბია, რომელიც იმ პერიოდში მადრიდული კლუბის ამ ასაკობრივი გუნდის გამორჩეულ ფეხბურთელად მიიჩნეოდა.
მიუხედავად იმისა, რომ “რეალ მადრიდმა” ნეიმარი კატალონიაში გასამართ MIC-ის ტურნირზე სათამაშოდ შეიყვანა განაცხადში, ბრაზილიელი შეჯიბრებაზე არ გამგზავრებულა. ის სამშობლოში დაბრუნდა და მადრიდულ კლუბთან მისი თანამშრომლობა აღარ გაგრძელებულა.
ორი წლის შემდეგ, 2008 წელს, უკვე 16 წლის ნეიმარმა MIC-ის ტურნირზე მაინც ითამაშა, თუმცა ამჯერად ბრაზილიის ნაკრების შემადგენლობაში. მისი თანაგუნდელი ფილიპე კოუტინიო იყო, რომელთან ერთადაც მოედანზე გამორჩეულ დუეტს ქმნიდა.
მოგვიანებით “რეალ მადრიდი” ნეიმარის შეძენას კიდევ ცდილობდა, მაგრამ 2013 წელს ბრაზილიელი “ბარსელონაში” გადავიდა. კატალონიურ კლუბში მან ოთხი სეზონი გაატარა, ლიონელ მესისა და ლუის სუარესთან ერთად შემტევი ტრიო შექმნა, ორჯერ მოიგო ესპანეთის ჩემპიონატი და 2015 წელს ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულიც გახდა.
2017 წელს ნეიმარმა “ბარსელონა” დატოვა და პსჟ-ს შეუერთდა. თუმცა მისი კარიერის ისტორიის ერთ-ერთ საინტერესო ეპიზოდად 2006 წელი რჩება, როდესაც მომავალი ვარსკვლავი “რეალ მადრიდის” ახალგაზრდული გუნდის განაცხადში უკვე იყო შეყვანილი.




მოკლედ მაგარი აბნეული იყო ეს ტუტუცი, ბარსადან როგორ წავიდა ფულის გულისთვის. რამდენს ეხვეწნენ პიკე, მესი, სუარესი ლეომ ისიც კი უთხრა თუ ოქროს ბურთისთვის მიდიხარ მე მოგაგებინებო. ამაზე მეტი რა უნდა ექნათ. მაგრამ როცა თბილისში სუპერთასზე არ ჩამოვიდა და მერე არც ბილბაოში არ ითამაშა ესპანეთის სუპერთასზე სადაც 0-4 წავაგეთ ვალვერდეს ატლეტიკთან ცხადი გახდა, რომ არ იყო ეს ფეხბურთისთვის დაბადებული. ტრავმა მოიმიზეზა და დის დაბადების დღეზე იგულავა ერთი კვირა. ამიტომაც დარჩა ასე რიგით ფეხბურთელად როცა შეეძლო ერთხელ მაინც მოეგო ოქროს ბურთი.