მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
კარლეს პუიოლი ფეხბურთს დაუბრუნდა

კარლეს პუიოლი ფეხბურთს დაუბრუნდა

მოკლედ
"ბარსელონას" ყოფილი კაპიტანი კარლეს პუიოლი ანდორის "ინტერ ესკალდესის" ხელმძღვანელობას შეუერთდა. 48 წლის ესპანელი კლუბის საერთაშორისო ურთიერთობებისა და ფეხბურთის მიმართულების დირექტორი გახდება.

“ბარსელონას” ლეგენდარული კაპიტანი კარლეს პუიოლი ფეხბურთში ახალი როლით ბრუნდება. 48 წლის ყოფილი მცველი ანდორის “ინტერ ესკალდესში” იმუშავებს, სადაც საერთაშორისო ურთიერთობებისა და ფეხბურთის მიმართულების დირექტორის თანამდებობას დაიკავებს.

როგორც Mundo Deportivo იტყობინება, პუიოლი საქმიანობას 20 ნოემბრიდან შეუდგება. მისი მთავარი ამოცანა კლუბის საერთაშორისო მასშტაბით განვითარება, ახალი შესაძლებლობების შექმნა და ორგანიზაციული სტრუქტურის გაძლიერება იქნება.

“ინტერ ესკალდესისთვის” ეს ისტორიული სეზონია. გუნდი ანდორის პირველი წარმომადგენელი გახდა, რომელმაც UEFA-ს კონფერენს ლიგის ლიგის ეტაპზე გასვლა მოახერხა. კლუბის ხელმძღვანელობა იმედოვნებს, რომ პუიოლის გამოცდილება და საერთაშორისო ცნობადობა ამ წარმატების განვითარებაში დაეხმარება.

პუიოლს ანდორასთან მჭიდრო კავშირი აქვს. “ბარსელონას” ყოფილი კაპიტანი რამდენიმე წელია ამ ქვეყანაში ცხოვრობს. გარდა ამისა, ის “ინტერ ესკალდესის” მთავარ მწვრთნელ ფელიპ ორტისთან მეგობრობს. ისინი თავისუფალ დროს ხშირად ერთად თამაშობენ პადელს.

ახალ თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ პუიოლმა კლუბის მიღწევები შეაფასა და სამომავლო მიზნებზე ისაუბრა:

“მინდა, კლუბს მივულოცო ყველაფერი, რასაც აქამდე მიაღწია. გამარჯვება ყოველთვის რთულია, მაგრამ უმაღლეს დონეზე დარჩენა კიდევ უფრო რთული. ჩვენი გამოწვევაა, იმავე ამბიციითა და მოტივაციით გავაგრძელოთ მუშაობა, რათა განვითარება და ახალი მიზნების მიღწევა შევძლოთ”.

კარლეს პუიოლმა მთელი პროფესიული კარიერა “ბარსელონაში” გაატარა და ფეხბურთელის კარიერა 2014 წელს დაასრულა. კატალონიურ კლუბთან ერთად მან ჩემპიონთა ლიგა სამჯერ, ესპანეთის ჩემპიონატი კი ექვსჯერ მოიგო. ესპანეთის ნაკრებთან ერთად პუიოლი 2008 წელს ევროპის, ხოლო 2010 წელს მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

ახლა “ბარსელონას” ყოფილი კაპიტანი საკუთარ გამოცდილებას ანდორული კლუბის განვითარებას მოახმარს, რომელიც ევროპულ ფეხბურთში პოზიციების გამყარებას ცდილობს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (0)

დატოვე კომენტარი