6 ისტორიული “ქამბექი” “კამპ ნოუზე”

6 ისტორიული “ქამბექი” “კამპ ნოუზე”

“ბარსელონა” ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების 1/8 ფინალში, გასვლით მატჩში, “პარის სენ-ჟერმენთან” გამანადგურებელი ანგარიშით, 0:4 დამარცხდა. ახლა კატალონიელები სასწაულის იმედად არიან, მათ წონასწორობის აღსადგენად 4 უპასუხო გოლი სჭირდებათ.

უეფას თასი 1977-1978: “იფსვიჩ თაუნი”

“ბარსელონა” 1/8 ფინალის პირველ მატჩში, ბობი რობსონის “იფსვიჩ თაუნის” წინააღმდეგ ანგარიშით 0:3 დამარცხდა. თუმცა, საპასუხო შეხვედრაში კატალონიელებმა წონასწორობის აღდგენა შეძლეს. ძირითად დროში კრუიფმა 2, ხოლო რეშაკმა 1 გოლი გაიტანა. ინგლისური გუნდი პენალტების სერიაში დამარცხდა, გადამწყვეტი თერთმეტმეტრიანი ალფრედო ამარილომ გაიტანა.

თასების მფლობელთა თასი 1978-1979: “ანდერლეხტი”

“ბარსელონა” ბელგიაში, “ანდერლეხტის” წინააღმდეგ 0:3 დამარცხდა, რომელსაც იმ დროისთვის კარგად პატივცემული მწვრთნელი, რაიმონ გუტალსი თავკაცობდა. თუმცა, “ბარსელონამ” საპასუხო მატჩში კრანკლის, ჰერედიასა და ზუვირიას გოლებით დამატებით დრომდე გააღწია. საქმე პენალტების სერიამდე მივიდა, თერთმეტმეტრიანებში კი “ბლაუგრანამ” 4-1 გაიმარჯვა.

ჩემპიონთა თასი 1985-1986: “გოთენბურგი”

მორიგი “ქამბექი”, რომელიც კულეებს არასოდეს დაავიწყდება. “ბარსელონა” შვედეთში, ადგილობრივი “გოთენბურგის” წინააღმდეგ კვლავ 0:3 მარცხდება და საპასუხო შეხვედრაში კვლავ დამატებით დრომდე მიდის მატჩი. ძირითად დროში პიჩი ალონსომ ჰეთ-თრიქი შეასრულა (9′, 63′, 69′ წუთები). “ბარსელონა” პენალტების სერიის წყალობით (5-4) ტურნირის ფინალში გავიდა. სამწუხაროდ, სევილიაში, “სტიაუა ბუქარესტის” წინააღმდეგ კატალონიელებმა ფინალური მატჩი წააგეს.

ჩემპიონთა ლიგა 1993-1994: “დინამო კიევი”

“ბარსელონას” ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობა დასრულებულად ჩანდა, როდესაც კატალონიელები უკრაინაში 1-3 დამარცხდნენ. კრუიფის გუნდს “კამპ ნოუზე” რთული მატჩი ელოდა, თუმცა “ბარსელონამ” შთამბეჭდავი თამაში აჩვენა და “დინამო კიევი” 4-1 გაანადგურა. გოლები ლაუდრუპმა, ბაკერომ (2) და კუმანმა გაიტანეს.

ჩემპიონთა ლიგა 1999-2000: “ჩელსი”

კიდევ ერთი დასამახსოვრებელი მატჩი “კამპ ნოუზე”. ლუი ვან გაალის გუნდი “სტემფორდ ბრიჯზე” 1-3 დამარცხდა. საპასუხო მატჩი “კამპ ნოუზე” იგივე ანგარიშით, “ბარსელონას” სასარგებლოდ დასრულდა. ძირითად დროში კატალონიელთა მხრიდან გოლები რივალდომ, ფიგუმ და დანიმ გაიტანეს. დამატებით დროში კი კლიუვერტისა და რივალდოს მეორე გოლით ყველაფერს წერტილი დაესვა.

ჩემპიონთა ლიგა 2012-2013: “მილანი”

“ბარსელონას” ბოლო ყველაზე დიდი “ქამბექი” 4 წლის წინ ვიხილეთ. ტიტო ვილანოვას გუნდმა “სან სიროზე” 0:2 წააგო და “ბლაუგრანას” შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი მინიმალური გახდა. მაგრამ, “კამპ ნოუზე” გუნდი შესანიშნავი განწყობით გავიდა და იტალიური გუნდი 4:0 გაანადგურა. მესიმ პირველ ტაიმში დუბლის გაფორმება შეძლო, ხოლო მეორე ტაიმში გოლები დავიდ ვილიამ და ხორდი ალბამ გაიტანეს.

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია