ქალთა ჩემპიონთა ლიგის ლიგის ეტაპის მეხუთე ტურში “ბარსელონამ” შვეიცარიული “სერვეტი” 6-0 გაანადგურა. პერე რომეუს გუნდმა ამ გამარჯვებით 13 ქულა მოაგროვა, სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე გადაინაცვლა და მეოთხედფინალში პირდაპირ გასვლა გაინაღდა.
“იოჰან კრუიფის” სტადიონზე გამართული შეხვედრა კატალონიელთა სრული უპირატესობით წარიმართა. სტუმრები თავდაპირველად ორგანიზებულად იცავდნენ თავს, თუმცა მე-19 წუთზე კლაუდია პინას გადაცემით აიტანა ბონმატიმ ანგარიში გახსნა. შვიდ წუთში აიტანამ პინას საგოლე გადაცემით უპასუხა, 31-ე წუთზე კი კაროლინ გრემ ჰანსენის კუთხურის შემდეგ ესმე ბრუგტსმა თავური დარტყმით სხვაობა სამ ბურთამდე გაზარდა.
“სერვეტმა” რამდენიმე სახიფათო კონტრშეტევა განახორციელა და ერთხელ გოლიც გაიტანა, თუმცა მსაჯმა ის არ ჩათვალა. პირველი ტაიმის მიწურულს კატა კოლმა მნიშვნელოვანი მოგერიებაც შეასრულა.
შესვენების შემდეგ “ბარსელონამ” მეტოქეზე ზეწოლა გააგრძელა. 62-ე წუთზე ბრუგტსის მიერ მოპოვებული პენალტი გრემ ჰანსენმა გამოიყენა და ანგარიში 4-0 გახადა.
შეხვედრის ბოლო მონაკვეთი კლაუდია პინას ეკუთვნოდა. ესპანელმა თავდამსხმელმა 77-ე წუთზე თავისი მეორე გოლი გაიტანა, 88-ე წუთზე კი ბრუგტსის ჩაწოდებით ისარგებლა და ჰეთ-თრიქი გაიფორმა.
მეოთხედფინალის საგზური და პირველი ადგილი
“ბარსელონამ” ჩემპიონთა ლიგის ლიგის ეტაპის ხუთ შეხვედრაში 13 ქულა მოაგროვა. კატალონიელებმა “პარიზი” 5-2, “რომა” 6-0, “კიოგე” 8-0 და “სერვეტი” 6-0 დაამარცხეს, ხოლო “არსენალთან” ფრედ, 1-1 ითამაშეს.
ტურნირის ფორმატის მიხედვით, 18-გუნდიანი ლიგის ეტაპის საუკეთესო ოთხეული პირდაპირ მეოთხედფინალში გადის. “ბარსელონამ” ოთხეულში ადგილი უკვე გაინაღდა, რაც იმას ნიშნავს, რომ გუნდს დამატებითი ორმატჩიანი დაპირისპირების გამართვა არ მოუწევს.
ამ გამარჯვების შემდეგ “ბარსელონა” პირველ ადგილზე გადავიდა. კატალონიელები 13 ქულით “ლიონს” უსწრებენ, რომელსაც ასევე 13 ქულა აქვს, თუმცა ბურთების უარესი სხვაობით მეორე პოზიციაზეა.
ლიგის ეტაპის ბოლო შეხვედრას “ბარსელონა” 16 დეკემბერს, სტუმრად “ბაიერნთან” გამართავს. ამ მატჩში საბოლოო პოზიცია გადაწყდება. გერმანიაში ფრეც კი კატალონიელებს პირველ ორ ადგილზე დასრულების ძალიან კარგ შანსს მისცემს, რაც მეოთხედფინალსა და შესაძლო ნახევარფინალში საპასუხო მატჩის საკუთარ მოედანზე ჩატარების უპირატესობას უზრუნველყოფს.




forum კომენტარები (0)