გუშინ, ესპანეთის პრიმერა დივიზიონის 26-ე ტურის მატჩში მოქმედმა ჩემპიონმა “ბარსელონამ” ვიგოს “სელტა” დამაჯერებლად დაამარცხა(5:0) და სატრუნირო ცხრილში პირველი ადგილი დაიბრუნა. როგორი რეაგირება მოახდინა მედიამ განვითარებულ მოვლენებზე?
მესიმ პიჩიჩიზე განაცხადი გააკეთა
წინა 2 სეზონში ლიონელ მესი ასისტენტად მოგვევლინა, მაგრამ მაინც საოცრად შედეგიანი იყო.
მიმდინარე სეზონში, “ბარსელონას” ლიდერმა თავი უამრავჯერ გამოიჩინა – როგორც ამას თავის საუკეთესო წლებში აკეთებდა.
დუბლი “სელტას” წინააღმდეგ – დამადასტურებელი საბუთი. უფრო მეტად მნიშვნელოვანი კატალონიელებისთვის არის ის, რომ 2016/17 წლების სეზონში “ბლაუგრანამ” 122-ჯერ აიღო მეტოქის კარი, გოლთა 42% კი მესის მონაწილეობით გავიდა. ვიცე-კაპიტნის ანგარიშზე 38 გოლი და 15 შედეგიანი გადაცემაა 37 მატჩში.
მესიმ და ნეიმარმა ვიგოელების კარი საერთო ჯამში 3-ჯერ აიღეს. ისინი მთელი მატჩის განმავლობაში შეუჩერებლად ურთიერთქმედებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ “სელტა” ლუის ენრიკეს “ბარსელონასთვის” ერთ-ერთ ყველაზე მძიმე მეტოქედ ითვლება, გუშინ სტუმრებმა ფიასკო განიცადეს.
ბომბარდირთა დავაში არგენტინელმა პირველი პოზიცია გაიმყარა. 23 გოლით ის პიჩიჩის ფავორიტი და “ოქროს ბუცის” სერიოზული პრეტენდენტია. როგორც იცით, ეს პრიზი გასულ წელს ლუის სუარესს გადაეცა.
29 წლის ფორვარდმა ლა ლიგის ფარგლებში ჩატარებულ 9 მატჩში შეძლო გოლის გატანა და შედეგიანი გადაცემის გაკეთება. ეს ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო შედეგია. მისი უახლოესი მდევრები არიან იაგო ასპასი და თანაგუნდელი, ლუის სუარესი (7).
ტაქტიკურმა ცვლილებამ “ბარსელონას” წარმატება მოუტანა
მედიისა და გულშემატკივარების კრიტიკამ გუნდზე შესაბამისი ეფექტი მოახდინა და მას მობილიზება აიძულა. რა თქმა უნდა, ამაზე გავლენა იქონია ენრიკეს გადაწყვეტილებამაც. ესპანეთის მოქმედი ჩემპიონის ძველებურ ფორმაში შესვლა და “რეალის” ჩავარდნა, შიდა ჩემპიონატში კატალონიელთა გამარჯვების შანსს ზრდის.
ცვლილება გამოიწვია საფრანგეთში, “პარი სენ-ჟერმენის” წინააღმდეგ განცდილმა მარცხმა (0:4). “ლეგანესთან” მატჩის შემდეგ, სადაც “ბარსელონამ” ბოლო წუთებში მოიპოვა გამარჯვება, თითქოს კატალონიელთა ქომაგები დეპრესიამ მოიცვა.
“ლეგანესთან” ნაჩვენები არადამაკმაყოფილებელი თამაშის შემდეგ, “ლურჯ-ბროწეულისფრებმა” 3 მატჩში 13 გოლის გატანა შეძლეს. მათი განწყობა შეიცვალა და გულშემატკივართა ნაწილმა ირწმუნა, რომ ძალიან დიდი დეფიციტის აღმოფხვრა შესაძლებელია – წერს ხუან ხიმენესი (გამოცემა AS).
ტაქტიკური ცვლილებები. საფრანგეთის ჩემპიონთან განცდილმა მარცხმა ნათლად აჩვენა, რომ სქემა 4-3-3 დაძველდა. გუნდის ავტომატიზირებული ქმედებები პროგნოზირებადი გახდა და მეტოქეები მარტივად სარგებლობდნენ შექმნილი სიტუაციით, კონტრშეტევაზე თამაშისას. “ბლაუგრანას” თავად არ სჯეროდა იმის, რასაც აკეთებდა. შემსრულებლები მოედანზე გამოიყურებოდნენ ისე, თითქოს ეს იყო სუფთა სახის ბიუროკრატია ყოველგვარი ფანტაზიის გარეშე.
ლუის ენრიკემ ცვლილებას მიმართა და გუნდმა შესაფერისი შედეგი აჩვენა. დაცვით ფაზაში “ბარსელონას” სქემა იგივეა(4-4-2), მაგრამ ახლა კოლექტივი მოქმედებს 3-4-3 სისტემის მიხედვით. ერთ-ერთი ფეხბურთელი უკანა ხაზებიდან (სერხიო ბუსკეტსი “სპორტინგის” წინააღმდეგ, რობერტო “სელტასა” და “ატლეტიკოს” წინააღმდეგ), მოედნის ცენტრში მოქმედებს. მესი გამთამაშებლის პოზიციაზეა, ხოლო რაფინია – მარჯვენა ფლანგზე. ამგვარად, კატალონიელებს შეტევაში ერთი მოთამაშით მეტი ჰყავთ.
პსჟ რიგში?
ზედიზედ ორჯერ გამარჯვება ანგარიშით 5:0 – ძალიან რთული დავალება, თუნდაც ნებისმიერი მეტოქის წინააღმდეგ. ამის გაკეთება კატალონიელებს ოთხშაბათს, “კამპ ნოუზე” “პარი სენ-ჟერმენის” წინააღმდეგ მოუწევთ. ნაკლებად რეალურია, რომ “ბარსელონა” მომდევნო ეტაპის საგზურს მოიპოვებს, მაგრამ ასეთი თამაშით, როგორსაც “ლურჯ-ბროწეულისფრები” ბოლო შეხვედრებში დემონსტრირებენ, შანსი არცთუ ისე მცირეა.
უცნობია, იყო თუ არა ეს ლუის ენრიკეს ჩანაფიქრი, მაგრამ მისი განცხადება “ბარსელონადან” წასვლასთან დაკავშირებით, გუნდისთვის შთაგონების წყაროდ იქცა. ახლა კატალონიური კლუბი საუკეთესო შედეგებს აჩვენებს შიდა ჩემპიონატში: “სელტასთან” 5:0 გამარჯვებამ, გასული წელს ჩატარებული მატჩი გამახსენა (6:1) – წერს ESPN-ს პორტალზე რიჩარდ მარტინი.
“ბარსელონას” ქომაგები ოპტიმიზმით არ გამოირჩევიან, მაგრამ ბოლო შეხვედრის შემდეგ მათ ირწმუნეს, რომ ისტორიის დაწერა და პსჟ-ს დამარცხება შესაძლებელია. ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში მსგავსი დეფიციტი (0:4) ჯერ არავის აღმოუფხვრია. სწორედ ამიტომ, ტრიბუნებიდან სკანდირებდნენ: “დიახ, ჩვენ შეგვიძლია”.
მატჩი, სადაც ლიონელ მესი და ნეიმარი შეუჩერებლები იყვნენ, სერხიო ბუსკეტსი კი ძველებურად, დამაჯერებლად მოქმედებდა. რატომ არ უნდა სჯეროდეთ ქომაგებს?



