“ბარსელონას” თავდამსხმელი, ლიონელ მესი ელის, რომ კლუბი სეზონის დასრულების შემდეგ პაკო ალკასერს გაყიდის, იტყობინება Don Balon.
ესპანელი ფეხბურთელი “ლურჯ-ბროწეულისფერთა” რიგებში 2016 წლის ზაფხულში, “ვალენსიადან”, 30 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა. როგორც “ბარსას” სამწვრთნელო შტაბი ფიქრობდა, მას ლუის სუარესისთვის უნდა გაეწია კონკურენცია, მაგრამ 23 წლის ფორვარდმა იმედები ვერ გაამართლა. მიმდინარე სეზონის პრიმერაში, პაკომ 11 მატჩში მხოლოდ 1 გოლი გაიტანა.
“ბარსელონა” მზადაა მესის მოუსმინოს და ახალი თავდამსხმელი იპოვოს, რომელიც გუნდის დონეს შეესაბამება. აქედან გამომდინარე, ლიონელს სურს, რომ კლუბმა მუნირ ელ-ჰადადი დაიბრუნოს, რომელიც ამჟამად “ვალენსიაში”, არენდის წესებით თამაშობს.
ადრე ესპანურმა პრესამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მესის “ბარსელონაში” ჟერემი მატიეს, ლუკა დინისა და ანდრე გომეშის ხილვა არ სურს.



