15 ნოემბერს ამსტერდამში გამართულ საქველმოქმედო შეხვედრაში “ბარსელონას” ლეგენდებმა “აიაქსის” ვეტერანები 7-4 დაამარცხეს. მატჩის ერთ-ერთი მთავარი გმირი ნოლიტო იყო, რომელმაც ორი გოლი გაიტანა, ერთ-ერთით კი ლიონელ მესის ცნობილი გოლი გაიმეორა.
ნოლიტომ ლუდოვიკ ჟიულისთან ბურთი გაითამაშა, შემდეგ კი ერთი შეხებით ედვინ ვან დერ სარს ბურთი თავზე გადაუგდო და შორეულ კუთხეში გაიტანა. 1.97 მეტრი სიმაღლის მეკარეს ბურთის მოგერიების შანსი არ ჰქონია.
ამ ეპიზოდმა გულშემატკივრებს 2019 წლის 17 მარტს ლიონელ მესის მიერ “ბეტისის” კარში გატანილი გოლი გაახსენა. მაშინ არგენტინელმა საოცარი ტექნიკით მეკარეს ბურთი თავზე გადაუგდო. “ბარსელონამ” შეხვედრა 4-1 მოიგო, ხოლო “ბენიტო ვილიამარინზე” შეკრებილმა გულშემატკივრებმა მესის ფეხზე წამოდგომით დაუკრეს ტაში.
მსგავსი გოლი 2020 წლის 5 ივლისს ანტუან გრიზმანმაც გაიტანა “ვილიარეალის” წინააღმდეგ. ფრანგმა თავდამსხმელმა მესის გადაცემის შემდეგ ბურთი მეკარეს თავზე გადაუგდო. ის შეხვედრაც “ბარსელონას” გამარჯვებით, 4-1 დასრულდა.




forum კომენტარები (0)