workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
უბრალოდ რივალდო – იღბალზე გამარჯვება.. (ნაწილი II)

უბრალოდ რივალდო – იღბალზე გამარჯვება.. (ნაწილი II)

დასაწყისი

”ბარსას” მაისურში

კატალონიაში ისეთი ფართომასშტაბიანი დახვედრა არ მოუწყვიათ, როგორიც “რიასორზე” ერთი წლით ადრე. ჩემს სამედიცინო შემოწმებაზე ჟურნალისტები საერთოდ არ დაუშვეს.

ბევრი დრო დამჭირდა თავი “ბარსელონელად” რომ მეგრძნო. ახალი ქალაქი, ახალი თანაგუნდელები, ახალი ტვირთი.. გაურკვეველი გრძნობა დამეუფლა, ღამე ძილი მიჭირდა. ზუსტად მაშინ ვნახე ერთი გალისიური გაზეთი, რომელშიც “დეპორტივოს” უზარმაზარი ფოტო დაებეჭდათ. სხვებთან ერთად მეც ვიდექი, ოღონდ “ბარსელონას” მაისურში – ფოტომონტაჟი გააკეთეს. Aმანაც დამთრგუნა და მდგომარეობიდან გამოსასვლელად მთელი 2 თვე დამჭირდა.

თუმცა “ბარსას” ბევრი დრო არ ჰქონდა. ჩემთვის ოფიციალური მაისურის გადმოცემაც ვერ მოასწრეს, როცა ჩვენმა ჰოლანდიელმა მწვრთნელმა ლუის ვან გაალმა ხუან გამპერისადმი მიძღვნილ ტურნირში თამაში მთხოვა. რაღაც 11-ნომრიანი მაისური ჩამაცვეს, რომელზედაც ჩემი გვარი სახელდახელოდ, სხვებისგან განსხვავებული შრიფტით ეწერა. სიმართლეს ვიტყვი, მაშინ არც ფიზიკურად და არც ფსიქოლოგიურად არ ვიყავი მზად მოედანზე გასვლისათვის. იტალიურ “სამპდორიასთან შეხვედრა იყო, მოედანზე 45 წუთი დავყავი, პენალტიც შევაგდე, მაგრამ სასურველი ფორმისგან ძალიან შორს ვიყავი – პასს მაშინ ვაკეთებდი, როცა თამაში საკუთარ თავზე უნდა ამეღო, არ ვიცოდი საით გავქცეულიყავი, რომელი პოზიცია ამერჩია. ჩემდა გასაოცრად, კატალონიელი ქომაგები ამ ფაქტს საოცარი გაგებით მოეკიდნენ, მართლაც უნიკალური შემთხვევა იყო..

ინტეგრაციის პროცესი ზედმეტად ნელა მიმდინარეობდა, კარგ თამაშს სრული ჩავარდნა ცვლიდა, ჩემი პერსონა გამუდმებით ფიგურირებდა პოლემიკებში. და მაინც ამის მიუხედავად, უნდა ვაღიარო, რომ არნახული სისწრაფით ვიზრდებოდი, როგორც ფეხბურთელი..

ამ მონოგრაფიაში იმის აღწერას არ შევუდგები, სად, რომელ მეტოქესთან რამდენი და როგორი სილამაზის გოლები გავჭედე, რას ვგრძნობდი ოქროს ბურთით ხელში და ა.შ. იმას კი აუცილებლად აღვნიშნავ, რომ საუკუნეთა გასაყარის ფორმაციის “ბარსელონა” ევროპის და მსოფლიოს საუკეთესო კლუბი იყო. ამაში ნებისმიერი დარწმუნდება ჩვენი მაშინდელი გუნდის შემადგენლობისთვის ელემენტარულად თვალის ერთი გადავლებისთანავე. პირენეელი მეხი – ლუიშ ფიგუ, გალანტური პატრიკ კლიუვერტი და მისი ჰოლანდიელები, ტემპერამენტით სავსე ლუის ენრიკე, უბერებელი ხრისტო სტოიჩკოვი, ჩვენი უცვლელი კაპიტანი და “ბარსას” ლეგენდა პეპ გვარდიოლა.. პირადად მე მათ კამპანიაში ლამაზი ფეხბურთის უშედეგო დემონსტრირებითაც უზომოდ კმაყოფილი ვიყავი.

საუკეთესო დრო იყო.. და იმიტომ არა, რომ იმას მივაღწიე, რაზედაც არასოდეს მიოცნებია – ოქროს ბურთზე და ფიფას აღიარებაზე მართლა არასდროს მიფიქრია. მიმაჩნია რომ საფეხბურთო საზოგადოების მეხსიერებაში გარკვეული, არცთუ მცირე დროის განმავლობაში ჩემი “ბარსელონა” ნაღდად იარსებებს. კი, აუცილებლად გაგვიხსენებენ..

უმეტესად ძალიან არ გვიმართლებდა და ხანაც წარუმატებლობას გუნდის შიგნით არსებული უარყოფითი ატმოსფერო განსაზღვრავდა, რაშიც არაუკანასკნელ როლს ჩვენი მთავარი მწვრთნელი ასრულებდა..

პრობლემები ვან გაალთან

იმ 3 წლის განმავლობაში, რომელიც მე ვან გაალთან და ლუის ნუნიესთან გავატარე, ჩვენს შორის მუდმივად დაძაბული ურთიერთობა იყო. ჩემს მიმართ მათი პატივისცემა სიყვარულზე დამყარებული არანაირად არ ყოფილა. ეს ყველაფერი კი სპორცმენზე უარყოფითად მოქმედებს. ინტრიგები თანდათან მატულობდა..

იმისათვის რომ კლუბში არეულობა არ გამემძაფრებინა დისტანციის დაცვა მომიხდა ერთის მხრივ პრეზიდენტთან – ფინანსურ საკითხებში და მეორეს მხრივ, მწვრთნელთან – ტაქტიკურ მონახაზებთან დაკავშირებით. “ბარსაში” ჩარიცხვის პირველივე დღეებიდანვე ნათელი გახდა, რომ მე და ვან გაალს ფეხბურთი რადიკალურად განსხვავებულად გვესმის. ეს იმდენად აშკარა იყო, რომ ტრიბუნებიდანაც შეამჩნევდა დაკვირბებული თვალი.

ნორმალურად მივიჩნევ, რომ ზოგიერთ საკითხში მწვრთნელს და მოთამაშეს არაერთგვაროვანი აზრი ჰქონდეთ. მაგრამ როგორც ფეხბურთელს, რომელიც გუნდის თამაშის ხარისხის მთავარი ინდიკატორი იყო, ვფიქრობ უფლება მქონდა წმინდა წყლის პროფესიონალურ დეტალებში დამრიგებელს შევკამატებულიყავი. როდესაც ბავშვობაში იწყებ თამაშს, ადგილს თავად პოულობ და მერე უზომოდ რთული ხდება ამპლუის შეცვლა. ჩემი და ვან გაალის კონფლიქტი სწორედ ამასთან დაკავშირებით წარმოიქმნა – მე ყველაზე კომფორტულად თავს მოედნის ცენტრში გამთამაშებლად ვგრძნობდი და ეს გუნდზეც სასიკეთოდ აისახებოდა, იგი კი მუდმივად მარცხენა ფრთაზე თამაშს მთხოვდა.

სრული 3 წელიწადი ვცდილობდით ერთმანეთის გადარწმუნებას და საკუთარი სიმართლის დამტკიცებას, მაგრამ არაფერი გამოგვდიოდა – ორივენი ძალიან ჯიუტები აღმოვჩნდით, ნაბიჯს არ ვდგამდით უკან. როგორც ფეხბურთელი იძულებული ვიყავი მისი მითითებები შემესრულებინა, რაც უამრავ უხერხულობას მიქმნიდა. ეს ყველაფერი მალე აშკარა უკმაყოფილებაში გადაიზარდა, განსაკუთრებით მაშინ, როცა მწვრთნელი მცვლიდა ან შეცვლით მათამაშებდა.

ისიც სათქმელია, რომ აშკარად არ მიმართლებდა – იმ უიშვიათეს შემთხვევებში, როცა მწვრთნელი მითმობდა და ცენტრში მათამაშებდა (ეს სულ 4-5-ჯერ მოხდა), “ბარსა” აუცილებლად მარცხდებოდა. ეს კი ვან გაალის წისქვილზე ასხავდა წყალს და ისიც გაორმაგებული ენერგიით მედიდურად ამტკიცებდა, რომ რივალდოს ცენტრში მოქმედების მარგი ქმედების კოეფიციენტი ნოლს უტოლდება. ჰოლანდიელი საზოგადოებრივ აზრს ქმნიდა, რომ რივალდო ფლანგის მოთამაშეა და ცენტრში თამაშისთვის არასაკმარისი დისწიპლინა მაქვს, ნაკლებად ვიბრძვი ბურთისთვის და უკანაც ნელა ვიხევ. ამაზე პირისპირაც ხშირად ვკამათობდით და მიუხედავად იმისა, რომ პროფესიონალები ვართ, დისკუსია უხეშ ხასიათსაც ღებულობდა-ხოლმე. საქმე იქამდე მიდიოდა, რომ მოედანზე არ გავყავდი, მაგრამ დიდხანს ჩემს უგულვებელყოფას ვერ ახერხებდა და ჩემს მაღალ კლასს არ უარყოფდა – ჩემი ჩასვლიდან პირველივე წელს ესპანეთში დუბლი შევასრულეთ.

ყველაზე მეტად “კამპნოუზე” “მალიორკასთან” შეხვედრის სემდგომი ინციდენტი დამამახსოვრდა. ვან გაალმა შემცვალა. მე შხაპი მივიღე და პირდაპირ შინ წავედი, როგორც ადრე “დეპორტივოში” გამოსვლისას. მეორე დღეს მწვრთნელი ვარჯიშზე მომიახლოვდა და ხანგრძლივი ნოტაცია წამიკითხა ინგლისურ ენაზე. იქვე იყო ლუიშ ფიგუ, რომელიც უხამს სიტყვებს პორტუგალიურად მითარგმნიდა.

ალბათ ასე გაგრძელდებოდა უსასრულოდ, 1 კვირის შემდეგ მას ჩემთვის მოქმედების სრული თავისუფლება რომ არ მოეცა. Eქსპერიმენტმა გაამართლა – “ბარსამ” ზედიზედ რამდენიმე მატჩი მოიგო და ეს ძალიან ლამაზად გააკეთა. ვან გაალმა ამ წარმატების შემოქმედად საკუთარი თავი დაასახელა, თუმცა რამდენიმე კვირაში, სრულიად მოულოდნელად კვლავ დააბრუნა თავისი სწორხაზოვანი ჩარჩოები და უთანხმოებაც განახლდა.

მოთმინების ფიალა თანდათან ამევსო და ერთ დღეს გასახდელში მთელი გუნდის წინაშე საკუთარი უაზრო პრინციპების გამო გუნდს აზარალებ და ეგეც გკიდია-თქო, პირში მივახალე. იგი მიხვდა, რომ “ბარსელონას” საერთო საქმეზე ზრუნვა მალაპარაკებდა და არა პირადი ინტერესი. ამ დღის შემდეგ უიშვიათესად შემოდიოდა ჩემთან კონტაქტში მთელი დარჩენილი დროის განმავლობაში.

დანამდვილებით ახლაც არ ვიცი, საერთოდ სჯეროდა თუ არა ოდესმე ჩემი. ხშირად ამბობდა, რომ პლანეტის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე ვარ და ჩემი ნიჭის არგამოყენება ცოდვაა. ჟურნალისტებს არაერთხელ განუცხადა, ასეთსავე შესაძლებლობების მქონე მეორე მოთამაშეს ვეძებ და როგორც ვიპოვი, რივალდოს სრულ თავისუფლებას მივანიჭებო, საქმით კი არაფერს აკეთებდა. არც გასახდელში და არც მასმედიასთან მას ჩემი სახელი არ უხსენებია, მაგრამ ყველა მიხვდა თუ ვის გულისხმობდა, როცა განაცხადა, უდიდესი შეცდომა დავუშვი, როცა ვენდე ფეხბურთელს, ვინც ჩემს ნდობას არ იმსახურებდაო. სიტუაცია ჩემგან პასუხს მოითხოვდა, მაგრამ გუნდის ინტერესებიდან გამომდინარე გაჩუმება ვარჩიე.

საბოლოოდ ჩემი მოთვინიერება მაინც ვერ შეძლო, თუმცა ვერც მე მოვახერხე მისი დაგარწმუნება. ვერაფრით დავაჯერე, რომ მისი სქემით ჩვენ ოთხ უნიკალურ შემტევ ფეხბურთელს (ფიგუ, ენრიკე, კლიუვერტი, მე) სივრცეები უაზროდ გვეზღუდება და ჩანასახშივე ვაძლევთ მეტოქეს უპირატესობას. მე მაინც შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ვან გაალს პირადად რივალდო ეზიზღებოდა. უბრალოდ იგი თავისი კრედოს ერთგული იყო. ვარსკვლავებთან ვერასდროს, მხოლოდ დამწყებ ფეხბუთელებთან ურთიერთობაში გაამართლებს ვან გაალის პრინციპული და დესპოტური მეთოდები. იგი ვერასდროს იქნება საფეხბურთო გრანდის ძლიერი დამრიგებელი. ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ ამდენხნიანი ურთიერთობი მიუხედავად ჩემთვის ერთი თბილი სიტყვაც კი არ უთქვამს..

ნაღდად არ ვიცი რა მოხდებოდა, რომ არ გადაეყენებინათ თანამდებობიდან. ჰოლანდიელი 1999-2000 წლების მიწურულს მოხსნეს, როცა “ბარსამ” ერთნაირი ანგარიშით 3-0 წააგო “ოვიედოსთან” და “მალიორკასთან,”  შემდეგ კი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ფიასცო განიცადა “ვალენსიასთან,” ამჯერად უჩემოდ – ისე მოხდა, მატჩისწინა ვარჯიშზე ტრავმა მივიღე. ტკივილები მანამდეც მაწუხებდა, მაგრამ ამჯერად ვეღარ გავუძელი და ექიმს ვუხმე. მან მითხრა რომ განსაკუთრებული არაფერი იყო და თავისუფლად შემეძლო მოედანზე 90 წუთით თამაში. გამაყუჩებლებით ხშირად მიწევდა მოედანზე ყოფნა, მაგრამ მაშინ უარი ვთქვი, ტრავმის გართულებისა შემეშინდა.

ვან გაალს უნდოდა განაცხადში მაინც შევეყვანე, რათა წარუმატებლობა ცნობილი სუბიექტისთვის დაებრალებინა.. თუმცა მაინც მე დამბრალდა მარცხი. მეორე დღეს ყველამ – მწვრთნელმა, პრეზიდენტმა, ქომაგებმა – ნიშნის მოგებით გაიხსენეს, რომ რამდენიმე დღის უკან ბრაზილიის ნაკრებში ვითამაშე სწორედ ესპანელთა წინააღმდეგ…

ნაკრებშიც ტრავმირებული ვიყავი, თუმცა ტკივილი ასატანი იყო. ვაღიარებ, დიდ რისკზე ჭავედი და ეს რისკი უდიდეს დანაკლისად დამიჯდა.  საერთოდ ჩემს მიერ გამოტოვებულ შეხვედრებს კაცი ხელის თითებზე დაითვლის(ის კი მართალია, რომ უმეტესად გადამწყვეტ შეხვედრებს ვტოვებდი). აი ინექციის ქვეშ ჩატარებული შეხვედრების რიცხვის დათვლა კი უბრალოდ შეუძლებელია. ფეხბურთელობა დიდ მსხვერპლთანაა დაკავშირებული და ამ დროს მით უფრო ძნელი ასატანია უსაფუძვლო კრიტიკა. მე უნდა უკეთ ვიცი, როდის შემიძლია თამაში და როდის არა.

ის 4-1 დიდ ხინჯად დამრჩა. “ელ კლასიკო” ჩემპიონთა ლიგის ფინალში… არადა იმ “რეალს” ჩვენთან კარგი დღე არ დაადგებოდა..

პრობლემები ნუნიესთან

პრეზიდენტთანაც თავიდანვე არ ამეწყო ურთიერთობა. ჩვენი ურთიერთობა კიდევ უფრო დაძაბა ორმა ფაქტმა – პირველი ის იყო რომ კონტრაქტის პირობების ზუსტ შესრულებას ვითხოვდი ყოველთვის. გარდა ამისა ვან გაალთან დაძაბულობამ პრეზიდენტსა და ჩემს ურთიერთობაზეც უარყოფითად იმოქმედა. ამ ყველაფრის შედეგი კი ის იყო, რომ 1999-2000 წლის დამლევს პრეზიდენტმა განმიცხადა – შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალი შენი სხვაგან გადაბარგება იქნებაო..

ეს ყველაფერი ასე მოხდა: პრეზიდენტმა მე და ვან გაალი თავისთან მიგვიწვია აუდიენციაზე. მათთან გახსნილი საუბარი და ყველაფრის გარკვევა მინდოდა და ამიტომ პირდაპირ დავსვი საკითხი, თუ რატომ მათამაშებენ მარცხენა ფლანგზე და რატომ არ სრულდება ჩემი კონტრაქტი. ვან გაალი კამათში ამყვა. პეზიდენტი ჯერ ჩუმად გვისმენდა და მერე, აუღელვებლად და ჩემთვის აბსოლუტურად მოულოდნელად განმიცხადა, თუ აქაურობა არ მოგწონს, ოთხივ კარი ღია გაქვს, საითკენაც გაგიხარდება იქით გასწიე, სეზონის ბოლოს კლუბს იოლად გამოგიძებნიო.. ამაზე განვუცხადე, რომ აქაურობა ძალიან მომწონს და “ბარსადან” ჩემი ფეხით წამსვლელი არასდროს ვიყავი. უფრო მეტიც, განვუცხადე, რომ მათთან ერთად ან მათ გარეშე “ბარსელონაში” მივაღწევდი იმ პოზიციაზე თამაშს, სადაც გუნდს უფრო მეტად ვჭირდებოდი და კონტრაქტის ჩემი პირობებიც აუცილებლად ბოლომდე შესრულდებოდა..

მაგრამ მათ რივალდოს გაგდება უკვე გადაწყვეტილი ჰქონდათ. იმდენი მოახერხეს, პრესა მათ მხარეს აღმოჩნდა და რივალდოს შეურაცხმყოფელი სტატიებით აჭრელდა. ძირითადად მუსირებდა აზრი, რომ რივალდო უმადური და ხარბია. ცოტა ხანში გავიგე, რომ მათ ინტენსიური მოლაპარაკებები ჰქონდათ რომის “ლაციოსთან’ – იმ დროის უძლიერეს იტალიურ გუნდთან. სიტუაცია ნელ-ნელა იკარგებოდა ჩემი კონტროლის არეალიდან. ნუნიესმა მოახერხა იმდენი, რომ რივალდოს პერსონით მანიპულირების ბერკეტები თითქმის მთლიანად მის ხელში გადავიდა. 1991 წლიდან – ანუ მას შემდეგ რაც პროფესიონალი გავხდი – ასეთი დაუცველობის შეგრძნება არასდროს მქონია.

იმ ხანებში ჩემით “მანჩესტერ-იუნაიტედიც” დაინტერესდა, თანაც სერიოზულად. მაგრამ “ლაციოსთან” მოლაპარაკება იმდენად შორს იყო წასული და იმდენად დიდ თანხაზე იყო ლაპარაკი, რომ ვან გაალმა ჩიჩინი დამიწყო, ინგლისელებთან საქმის დაჭერა არ ღირსო. არგუმენტები?.. მანჩესტერი თურმე ნაცრისფერი და მოსაწყენი ქალაქი ყოფილა. ამას გარდა, “მანჩესტერის” ტაქტიკურ მონახაზებში ვერ გავქაჩავდი. თუმცა – ირონიით ამატებდა – შენ ხომ ნაკლებად აქცევ ყურადღებას სქემებს და მსგავს “სისულელეებს..”

ანუ მათთვის ჩემი რაც შეიძლება სარფიანად გაყიდვა იყო უმთავრესი და რივალდოს ბედი საერთოდ არ აინტერესებდა, რათა მომავალში როცა საპრეზიდენტო სავარძელს გაათავისუფლებდა, მემკვიდრისთვის მაქსიმალურად დაბალანსირებული ბიუჯეტი დაეტოვებინა. ხალხისგან განსხვავებით, იგი დარწმუნებული იყო რომ ბარსელონას სათავეში დიდხანს აღარ მოუწევდა ყოფნა და ეს მეც კარგად ვუწყოდი. მოკლედ, “ბარსადან” ცოცხალი თავით წამსვლელი არ ვარ და შედეგად რადგან ჩემი გაყიდვა არ გამოუვიდა, კლუბიფინანსურ ქაოსში მყოფი მიატოვა

რატომ ვერ პოვა განვითარება მწვრთნელის და პრეზიდენტის მზაკვრულმა გეგმამ?!.. იმიტომ რომ რივალდოს თავიდან მოშორება, თანაც უსამართლოდ, არც თუ ისე იოლი საქმეა. მათ ვერც ჩემი პროვოცირება მოახდინეს – დისწიპლინას სამაგალითოდ ვიცავდი, მშვენივრად ვთამაშობდი და რაც ყველაზე მთავარია “ბარსას” ერთგული გულშემატკივრები ჩემს მხარეს იყვნენ, რამაც გადამწყვეტი მნიშვნელობა იქონია.

ასე, რომ სულ ცოტა ხნის წინ რივალდო უკვე დიდი პოლიტიკის, დიპლომატიის ნაწილად იქცა და ისეთი მნიშვნელოვანი ფიგურების გადადგომა გამოიწვია, როგორიც ერთის მხრივ ნუნიესი იყო – გუნდის ისტორიაში საუკეთესო პრეზიდენტი, რომლის სახელსაც “ბარსას” დიდება უკავშირდება და, მეორეს მხრივ, ლუის ვან გაალი – ასევე უდიდესი ტაქტიკოსი ტოტალური ფეხბურთის ისტორიაში..

მაგრამ მე ამ მსხვერპლზე წამსვლელი ვიყავი.. “ბარსა” ჩემი სულის ნაწილად იქცა… დღეს მომავალს იმედით ვიყურებ და მჯერა, ბარსელონის ლაჟვარდოვან სანაპიროზეც გამოანათებს დანტეს საოცნებო მზე…

და ბოლოს, ერთი გულისტკივილის შესახებაც ორიოდ სიტყვით..

ბრაზილიელ მწერალს, პაულო კოელიოს ერთი მეტად საინტერესო ფრაზა ეკუთვნის: “ბრაზილია იშვიათად იხსენებს საკუთარ ისტორიას, რადგან ამ გზით ცდილობს შეცდომების და მარცხების დამალვას და დავიწყებას”. ჩვენი ეროვნული გუნდის წარუმატებლობებიც უკვალოდ ქრება ბიოგრაფთა ჩანაწერებში. Gისინი გამონაკლისს მხოლოდ მაშინ უშვებენ, როდესაც საქმე მე მეხება. ჩვენი ჟურნალისტები საოცარი მონდომებითა და კმაყოფილებით იხსენებენ რივალდოს ჩაგდებულ თამაშებს.. რამ გამოიწვია ასეთი ინდიფერენტულობა ჩემს მიმართ?.. ეს კითხვა არ მასვენებს.

არასდროს შემშურებია რომარიოსი და რონალდოსი. პირიქით, მათთან ყოველთვის დიდი მეგობრობა მაკავშირებდა, მაგრამ “ბარსელონასთვის” მათზე არანაკლები გამიკეთებია და მიღწეულზე გაჩერებას არც ვაპირებ. რივალდოს ევროპულ ფეხბურთშიც უკვე თავისი მოკრძალებული სიტყვა აქვს ნათქვამი და ამას ყველგან აღიარებენ.. ყველგან გარდა ჩემი სამშობლოსი.

როდესაც მსოფლიოს და ევროპის საუკეთესო ფეხბურთელისთვის განკუთვნილი ჯილდოები ჯერ რომარიომ და შემდეგ რონალდომ მიიღეს, ევროპაში ბრაზილიელ ჟურნალისტთა უდიდესი ნაკადი ჩაფრინდა ინტერვიუებისთვის. აი როცა მსოფლიომ და ევროპამ რივალდო აღიარა, იგი თითქმის არცერთ თანამემამულეს არ გახსენებია..

დიდი იმედის თვალით ვუყურებ მომავალ მუნდიალს. მჯერა, რივალდო იქ თავის სიტყვას იტყვის.. მერე კი წავალ.. წავალ და უბრალოდ რივალდოდ დავრჩები.. იღბალზე საბოლოოდ გამარჯვება მინდა..

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში