სავარაუდოდ, ალეიშ ვიდალი “ბარსელონას” ზამთარში არ დატოვებს. Sport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ნაკლებია იმის შანსი, რომ განაპირა მცველმა იანვარში დამაკმაყოფილებელი წინადადება მიიღოს.
“ბარსელონა” მზად არის გაყიდოს ვიდალი, ფეხბურთელის აგენტმა კი ნოემბერში შესაძლო ვარიანტების ძებნა დაიწყო. ჯერჯერობით არ ყოფილა ისეთი შემოთავაზება, რომელმაც ორივე მხარე დააკმაყოფილა. ესპანელ მცველს კატალონიურ კლუბში კარგი ანაზღაურება აქვს, რომლის სერიოზული შემცირება მის გეგმებში არ შედის.
წყაროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ვიდალის ტრანსფერით 5 კლუბი იყო დაინტერესებული. “მარსელი”, “ინტერი” და “მილანი” ფეხბურთელის სანაცვლოდ მოთხოვნილი თანხის გადასახდელად მზად არ იყვნენ. “სუონსი” და “საუთჰემპტონი” კი – პირიქით, მაგრამ ინგლისში გამგზავრებას ალეიშმა ისეთ კლუბში დარჩენა ამჯობინა, რომელსაც ბევრად უფრო სერიოზული მიზნები აქვს.
განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, ფეხბურთელის ტრანსფერს ზაფხულში უნდა ველოდოთ. მოცემულ მომენტში “ბარსელონა” ვიდალის სანაცვლოდ 14 მილიონ ევროს ითხოვს, ივნისში კი ეს თანხა 4-ით შემცირდება.