workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბალაგე: “ბარსელონას” გეგმებში კოუტინიოს შეძენა არ შედის”

ბალაგე: “ბარსელონას” გეგმებში კოუტინიოს შეძენა არ შედის”

Sky Sports-ის ექსპერტმა, გილემ ბალაგემ სპეციალურ რუბრიკაში გულშემატკივრების კითხვებს უპასუხა. ესპანური ფეხბურთის სპეციალისტმა ლიონელ მესის კონტრაქტის, ლუის ენრიკეს ჩანაცვლების პრეტენდენტების, კოუტინიოს ტრანსფერისა და ვიდალის შემცვლელების თემაზე ისაუბრა.

— რა ხდება მესის კონტრაქტთან დაკავშირებით?

— “ბარსელონას” ლიონელისთვის ახალი ხელშეკრულება არ შეუთავაზებია. “ბლაუგრანასა” და მესის მამას კონტაქტი ჰქონდათ, მაგრამ მოლაპარაკების პროცესი არ დაწყებულა. ამჟამად ხორხე არგენტინაში იმყოფება.

— მოლაპარაკებები “კლასიკოს” შემდეგ შედგება. ამჟამად მესის კონტრაქტთან დაკავშირებით კითხვის დასმას აზრი არ აქვს, რადგან ჯერ-ჯერობით ახალი არაფერია.

— ვინ უნდა შეცვალოს ლუის ენრიკე კატალონიის “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელის პოსტზე?

— “ბარსელონაში” მისი სამწვრთნელო კარიერის დასაწყისში ჩანდა, რომ 3 სეზონი საკმარისი სამუშაო პერიოდი იქნებოდა. მოვიცადოთ და გავიგებთ, მიიღო თუ არა ლუისმა გადაწყვეტილება.

— ენრიკემ თქვა, რომ სეზონის ბოლოს კლუბის წარმომადგენლებთან შეხვედრა ექნება, სადაც მისი მომავალი გადაწყდება. თუ ის დარჩება, ესე იგი საკითხი გადაწყვეტილია. თუ გუნდს დატოვებს ვფიქრობ, “ატლეტიკის” თავკაცი, ერნესტო ვალვერდე ჩაანაცვლებს. არ გამოირიცხება ხუან კარლოს უნსუეს კანდიდატურა, რომელიც პრეტენდენტთა სიაში მეორეა.

— ვინ განიხილება მარჯვენა მცველის კანდიდატურად?

— ამ თემასთან დაკავშირებით ბევრი კითხვა მივიღე. გლაზგოში, ერთ-ერთ ღონისძიებაზე “ბლაუგრანას” სპორტულ დირექტორთან, რობერტ ფერნანდესთან გასაუბრება მოვახერხე. მან თქვა, რომ რთული სამუშაო აქვს, რადგან იპოვო ფეხბურთელი, რომელიც “ბარსელონაში” კარგად ითამაშებს, ადვილი არ არის. ასევე რთულია იპოვო მოთამაშე, რომელიც გუნდს ნამდვილად ჭირდება.

— უნდა მოვიცადოთ, რადგან უმტიტი და დინი მთავარ პრეტენდენტთა სიაში არ იყვნენ, როცა გუნდი ცენტრალურ მცველსა და მარცხენა მცველს ეძებდა. სამუელის შემთხვევაში, როგორც დავრწმუნდით, რობერტ ფერნანდესმა აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება მიიღო.

— წავა ვიდალი იანვარში?

— “ბარსელონას” იანვარში ვიდალის გაშვება სურს, იქნება ეს არენდა თუ სრული ტრანსფერი.

— ლუის ენრიკეს მასთან დაკავშირებით გეგმები არ აქვს. მოვიცადოთ და გავიგებთ, თუ რა ვარიანტები აქვს თავად ვიდალს.

— ზოგადად, “ბარსელონას” გადაწყვეტილება, ვიდალის სასარგებლოდ არჩევანის გაკეთებისა, უცნაური აღმოჩნდა, რადგან ალეიშს შეტევაში თამაშის უფრო მეტი გამოცდილება აქვს, ვიდრე – დაცვაში. რისკი არ გამართლდა.

— მე-13 ტურში “ბარსელონა” “ანოეტაზე” “სოსიედადს” დაუპირისპირდება. რატომ უჭირთ “ლურჯ-ბროწეულისფრებს” ამ სტადიონზე თამაში ბოლო წლების განმავლობაში?

— “ბარსელონამ” “სოსიედადის” წინააღმდეგ, “ანოეტაზე” ჩატარებულ ბოლო 6 შეხვედრაში, მხოლოდ 1 ქულა აიღო 18 შესაძლებლიდან. “ლურჯ-ბროწეულისფრებმა” ზედიზედ 4 მარცხი განიცადეს, ბოლო ორ მატჩში კი გოლის გატანაც ვერ მოახერხეს.

— საინტერესოა, რომ ბილბაოს “ატლეტიკი”, ბასკური კულტურის თანახმად, აგრესიულად და ხისტად მოქმედებს. “სოსიედადი” აბსოლუტურად განსხვავებულ მანერას ამჯობინებს.

— გრანდთა წინააღმდეგ, მადრიდის “რეალის” ჩათვლით, ეს გუნდი ქულების მოპოვებას ახერხებს. ეს იმასთანაა კავშირში, რომ “სოსიედადი” ბურთის კონტროლს ცდილობს. ამას სწრაფი შეტევები რომ დავუმატოთ, მივიღებთ უმაღლესი ხარისხის კომბინაციებს.

— გაამახვილეთ ყურადღება იმაზე, თუ როგორ ერთვებიან შეტევაში იური ბერიჩე და კარლოს მარტინესი – არ ინანებთ. ისინი შესანიშნავ ფორმაში არიან. ეს ეხება ნახევარმცველებსაც, რომლებიც კარგად უგებენ დავიდ სურუტუსას – ჩაბი პრიეტო. დამაკავშირებელი წერტილი ასიერ ილიარამენდია. ფორმის მიხედვით “სოსიედადი”, ლა ლიგაში მეორეა. ბასკებმა 15 ქულა მოიპოვეს 18 შესაძლოდან და ამ მაჩვენებლით მხოლოდ მადრიდის “რეალს” ჩამორჩებიან (16).

— მაღალი კლასის ფეხბურთი გველის. ლიონელ მესის ვესაუბრე და მითხრა, რომ “ბარსელონას” ამ მატჩში გამარჯვება სურს გასულ წლებში განცდილი წარუმატებლობის გამო.

— “ბარსელონა” კოუტინიოს გაიფორმებს?

— ვინ თქვა, რომ კოუტინიო “ბარსელონაში” გადავა? ამ თემაზე არაერთი ჭორი გავრცელდა, რაც ნეიმარის სურვილმა გაამყარა, ფილიპეს კატალონიურ კლუბში ხილვასთან დაკავშირებით.

— შემიძლია ვთქვა, რომ “ბარსელონას” გეგმებში კოუტინიოს შეძენა არ შედის. აღსანიშნავია ისიც, რომ ფილიპეს სატრანსფერო ფასი მოცემულ მომენტში “ბლაუგრანას” აფერხებს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward