მაგრამ ყველაზე წინააღმდეგობრივ გრძნობებს, ჩემში ზინედინ ზიდანი იწვევდა. ზიზუ საუკეთესო მეტოქე იყო, ვის პირისპირაც ოდესმე მითამაშია, სამწუხაროდ, ის “რეალის” ღირსებას იცავდა. “ბარსელონასთან” შეხვედრებში მისი თამაში ტექნიკის, ძალისა და ხარისხის ნაზავი იყო.
სულაც არ მრცხვენია იმის აღიარება, რომ ზიდანს ფეხბურთის სიტორიაში ბევრად უფრო ძლიერ მოთამაშედ ვთვლი, ვიდრე დი სტეფანოს, რომელსაც ბევრი აღმერთებს. ყველა დროის ხუთი საუკეთესო ფეხბურთელის დასახელება რომ მთხოვონ, ამ ჩამონათვალში ზინედინ ზიდანი აუცილებლად იქნება.
მისი ჩაუქი ენითაღუწერელი რამ იყო. ბურთის ფლობის პროცესში ორივე ფეხით და სხეულის ყველა ნაწილით მუშაობდა: მარჯვენა ფეხის გარე ნაწილი, მარცხენა ფეხის გარე ნაწილი, შიდა ნაწილი, თეძო, თავი, მკერდი… ყველაფერთან ერთად, ფიზიკურად ძალიან ძლიერი იყო, კლდესავით მტკიცე. ერთი-ერთზე თამაში, ცრუ მოძრაობა, ბურთის კონტროლი, პასი და გოლი.
მოედანზე ხშირად იკვეთებოდა ჩვენი გზები, რადგან ორივე ნახევარდაცვის ცენტრში ვმოქმედებდით. მახსოვს, ერთხელ ფრანგს ზედიზედ სამჯერ ავართვი ბურთი, ჩემთან გაკვირვებულმა ლუის ენრიკემ მოირბინა და მხურვალედ მომილოცა, შენ ნამდვილი ტერმინატორი ყოფილხარო.
სამწუხაროდ, ეს მხოლოდ გამონაკლისი შემთხვევა იყო. უფრო ხშირად ჩვენი ორთაბრძოლებიდან ზიზუ გამოდიოდა გამარჯვებული. იმდენად ტექნიკური იყო, რომ მუდამ სხვადასხვა ილეთებს იყენებდა, ისეთი სიტუაციიდან დაიძვრენდა ხოლმე თავს, რომლიდანაც გამოსავალის პოვნა წარმოუდგენელი იყო. პრესინგს ეთამაშები და ხვდები რომ, ეს სულ ცალ ფეხზე ჰკიდია. უნდა რომ უფრო ახლოს მიხვიდე, რათა უფრო მეტად დაგამციროს.
ზიზუს, ნელ ფეხბურთელად ისინი თვლიან, ვისაც მის წინააღმდეგ არ უთამაშია. ის ეშმაკისავით სწრაფი იყო. მისთვის ბურთის წართმევა შეუძლებელი გახლდათ, ხოლო როდესაც რობერტო კარლოსთან კედლის გათამაშებას იწყებდა, უნდა გელოცა, რომ რამე არ გამოსვლოდათ.
მის არსენალში აგრეთვე ისეთი ელემენტი იყო, როგორიც წვივებში დარტყმებია. ამ ილეთს იმისთვის იყენებდა, რათა მეტოქე წყობიდან გამოეყვანა. მუხლსქვემოთ იცოდა ხოლმე დარტყმა, ამით მეტოქეს აგრძნობინებდა თუ ვინ იყო “სახლის პატრონი”. “ფეხბურთი ითამაშე ასეთი ჭკვიანი თუ ხარ” – მაშინვე დავუყვირებდი ხოლმე, როგორც კი უკნიდან დამარტყამდა. ის კი მიყურებდა, თითქოს უნდოდა ეთქვა – “რა სჭირს ამ ჯუჯას?”. მე კი ჩემსას არ ვიშლიდი: “მისმინე, შენ ფეხებში დარტყმაში ხარ ძლიერი”.

მიმაჩნდა რომ ასეთი ტექნიკის პატრონი, არ შეიძლებოდა ყოფილიყო გაიძვერა. თუმცა, უნდა ვაღიარო, რომ კარგი ფეხბურთელი მოედანზე მზად უნდა იყოს “ქუჩური გაგებისთვის”. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, “ბარსელონას” სკოლაში ამას არ ასწავლიან. ასე რომ, ბუნებით თუ არ მოგდევს სითავხედე, მაშინ დაივიწყე. აქ შენ ამას არავინ გასწავლის.
ჩვენი “ზიდანი” მაშინ რივალდო იყო. ნამდვილი ვარსკვლავი, შესანიშნავი ბიჭი, ძალიან მორიდებული და საკუთარ თავში ჩაკეტილი. არ უყვარდა ლაყბობა, რამე თუ ჰქონდა სათქმელი, ამას მოედანზე ამბობდა. არასდროს დამავიწყდება ჩვენი საუბრები. იმ დროს დიდი სათამაში პრაქტიკა არ მქონდა. ჭორებიც კი დადიოდა, თითქოს, “ატლეტიკოში” ვაპირებდი გადასვლას, მაგრამ რივალდო ჩემს გასამხნევებლად ყოველთვის პოულობდა შესაფერის სიტყვებს: “ხავი, შენ კარგი ფეხბურთელი ხარ, მოთმინებით აღიჭურვე, ჯერ ახალგაზრდა ხარ, ვიცი, მოვა დრო და ათამაშდები”.
სერა ფერერი გვარდიოლას ენდობოდა, მე კი მხოლოდ მაშინ გავდიოდი მოედანზე, როცა პეპს არ შეეძლო. რივალდომ, მირჩია ცოტა ხანი მომეთმინა, ორიოდ წელში სიტუაცია თუ არ შეიცვლება, გუნდის გამოცვლაზე მერე იფიქრეო.
მისგან მხოლოდ ეს რჩევა არ მიმიღია. რივამ, პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება მასწავლა, რაც დროთა განმავლობაში ყოველდღიური ქცევის ნორმად მექცა. ამას საკუთარ მაგალითზე ამტკიცებდა, მნიშვნელობა არ ჰქონდა ყველაფერი კარგად მიდიოდა თუ ცუდად. მნიშვნელოვანი იცით რა იყო? არასდროს არ უნდა დამალულიყავი. ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში, “ჩელსისთან” მატჩში თერთმეტმეტრიანი გააცუდა, შემდეგ კი მსაჯმა მეორედ დადო პენალტი ბლაუგრანას სასარგებლოდ. საჯარიმო დარტყმის შესრულება კვლავ რივალდომ ითავა და ამჯერად არ აუცილებია. რომ ეთქვა, ვერ დავარტყამო, ამის გამო არავინ დაძრახავდა, მაგრამ ის აცნობიერებდა თუ რამდენად დიდი იყო მისი როლი გუნდში.
ბებეტოს ბოსტანში კენჭების სროლა არ მსურს, მაგრამ “დეპორტივოს” ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში, შტატიანმა პენალტისტმა ეს პასუხისმგებლობა ჯუკიჩს გადაულოცა. ლიდერმა ყოველთვის საკუთარ თავზე უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, მითუმეტეს, გუნდისთვის ყველაზე რთულ მომენტში.
გაგრძელება იქნება…