“მესტალიასთან” უკეთეს გამომშვიდობებას ვერავინ ინატრებდა. “ბარსელონამ” “ვალენსიას” ისტორიულ საშინაო არენაზე ბოლო ვიზიტისას ბრწყინვალე ფეხბურთი აჩვენა, მასპინძლები 5-0 გაანადგურა და კიდევ უფრო დიდი ანგარიშით მოგებაც შეეძლო.
ლამინ იამალის დუბლი, ფერმინ ლოპესის, რაფინიასა და პედრის გოლები – ჰანსი ფლიკის გუნდმა ლა ლიგის საწყის ოთხ ტურში ოთხი გამარჯვება მოიპოვა და აქტივში უკვე 17 გატანილი გოლი ჩაიწერა. პარასკევს “ბეტისთან” “რეალ მადრიდის” მარცხის ფონზე, “ბარსელონა” სატურნირო ცხრილის ერთპიროვნული და დამაჯერებელი ლიდერია.
ლამინმა მატჩს ცეცხლი დასაწყისშივე წაუკიდა
ვალენსიური მზის მცხუნვარე სიცხის მიუხედავად, კატალონიელებმა თამაში პირველივე წუთებიდან სრულად გააკონტროლეს. “ვალენსია” საკუთარ ნახევარზე ღრმად ჩაჯდა და დაცვაში მჭიდროდ განლაგდა, თუმცა ფლიკის გუნდს ბარიერის გასარღვევად მხოლოდ 6 წუთი დასჭირდა: ფერმინმა ლამინ იამალის გაქცევა შენიშნა და ბურთი დროულად ჩაუგდო, 19 წლის ვარსკვლავმა კი მახვილი კუთხიდან მარცხენა ფეხით ოსტატურად დაარტყა და სტოლე დიმიტრიევსკის შანსი არ დაუტოვა – 0-1!
მალევე იამალმა კიდევ ერთხელ გაიტანა ენტონი გორდონის, პედრისა და ფერმინის ბრწყინვალე კომბინაციის შემდეგ, თუმცა გოლი მცირე თამაშგარე მდგომარეობის გამო გაუქმდა.
ზეწოლა გაგრძელდა და ტაიმის შუაში მეორე ბურთიც გავიდა: გორდონმა საჯარიმოში ბურთი ბრწყინვალედ შეინარჩუნა და პასი უკან, ფერმინს გაუკეთა, რომელმაც ზუსტი დარტყმით კუთხეში მიმდინარე სეზონში თავისი მეოთხე გოლი გაიტანა. “ნიუკასლის” ყოფილი შემტევი გუნდს საოცრად მოერგო – ეს ინგლისელისთვის სეზონში უკვე მეოთხე საგოლე გადაცემა აღმოჩნდა!
მასპინძლებმა კონტრშეტევით უპასუხეს, თუმცა არნაუტ დანჟუმასთან პირისპირ დარჩენილმა ჟოან გარსიამ გუნდი ორჯერ გადაარჩინა. ტაიმის ბოლოს კი ფერმინმა ბურთი ძელს გაარტყა, იამალს, პედრისა და გორდონსაც შეეძლოთ უპირატესობის გაზრდა.
კატალონიური შტორმი მეორე ტაიმში
შესვენების შემდეგ ტემპი არ დაცემულა. იამალმა გორდონი მეკარესთან პირისპირ გაიყვანა, თუმცა ინგლისელმა მიზანს ააცილა. სულ რაღაც ერთ წუთში კი ტაბლოზე 0-3 აინთო: ლამინმა მარცხენა ფლანგზე ფერმინი გაიყვანა, მის დაბალ ჩაწოდებას კი შორეულ ძელთან რაფინიამ დაახვედრა ფეხი.
ბრაზილიელმა მიმდინარე სეზონის ოთხ ტურში მე-6 გოლი შეაგდო – XXI საუკუნეში “ბარსელონას” რიგებში სასტარტო ოთხ მატჩში 6 გოლი მხოლოდ ლეო მესის ჰქონდა!
ამის შემდეგ მომენტები ერთმანეთის მიყოლებით იქმნებოდა: რაფინიამ კიდევ ერთხელ გაამწვავა სიტუაცია, როდრიმ (რომელმაც “ბარსელონაში” პირველად დაიწყო შეხვედრა სასტარტოში) თავური დარტყმით ბურთი ხარიხას გაარტყა, გორდონის დარტყმა კი დიმიტრიევსკიმ მოიგერია.
ჰანსი ფლიკმა მალევე ცვლილებებს მიმართა: მოედანზე კარიმ ადეიემი, მარკ ბერნალი, ანდრეას კრისტენსენი და დანი ოლმო შევიდნენ, შეხვედრის ბოლო წუთებში კი “ბარსელონას” მაისურით გაბრიელ ჟეზუსის ოფიციალური დებიუტიც შედგა.
პედრიმ და ლამინმა საქმე ბოლომდე მიიყვანეს
79-ე წუთზე პედრიმ დანი ოლმოსთან კედელი გაითამაშა და დაბალი დარტყმით მეოთხე გოლი შეაგდო – 0-4!
ხუთ წუთში კი მეხუთეც გავიდა: ოლმომ ამჯერად ფეხის გარე ნაწილით ულამაზესი პასით ლამინ იამალი მოძებნა, გუნდის 10-იანმა კი ახლო კუთხეში მშვიდად გადაგზავნა ბურთი და დუბლი გაიფორმა – 0-5!
ხუთი უპასუხო გოლი, თუმცა ანგარიში გაცილებით დიდი შეიძლებოდა ყოფილიყო.
მშვიდობით, “მესტალია”
ვინაიდან მოსალოდნელია, რომ მომდევნო სეზონიდან “ვალენსია” ახალ არენაზე გადავა, ეს “მესტალიაზე” “ბარსელონას” უკანასკნელი მატჩი იყო და კატალონიელებმა ლეგენდარულ სტადიონს უბრალოდ იდეალური სპექტაკლით დაუქნიეს ხელი.
2026/27 წლების სეზონი უნაკლოდ მიმდინარეობს: 4 მატჩი, 4 გამარჯვება. ახლა კი ევროპული ბატალიების დროა – ოთხშაბათს “სპოტიფაი კამპ ნოუ” ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში როტერდამის “ფეიენოორდს” უმასპინძლებს.
შემეცოდა მეტოქე, მაგრა გავაპაზორეთ მაყურებელმაც რო არ დაინდო და მაგრა უსტვინა.