“არსენალის” თავკაცმა, არსენ ვენგერმა ისაუბრა “ჩემპიონთა ლიგის” კენჭისყრაზე. როგორც იცით 1/8 ფინალში “არსენალი” “ბარსელონას” ხვდება.
“მე არ მქონია წინათგრძნობა, თუ რომელ გუნდს შევხვდებოდით. ყველა თავისებურად ძლიერი კონკურენტია”.
“არსენალი” პლეი-ოფში მეორედ ზედიზედ ხვდება “ბარსელონას”. პირველი მატჩი “ემირეიტსზე” 2-2 დამთავრდა, ხოლო “კამპ ნოუზე” “ბარსელონამ” გამანადგურებელი ანგარიშით, 4-1 დაამარცხა “მეთოფეები”. პოკერი ლეო მესიმ თავის ანგარიშზე გაიფორმა.
ვენგერი გამოტყდა: “შეიძლება “შალკესთან” უფრო ადვილად მოგვეგო, რადგან მათ ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის ნაკლები გამოცდილება აქვთ”. მიუხედავად იმისა, რომ “ბარსელონამ” “არსენალი” დიდი ანგარიშით დაამარცხა, ვენგერი ირწმუნება, რომ მის ფეხბურთელებს რევანშის სურვილი არ აქვთ: “ჩვენ გეგმაში რევანში კი არა, გამარჯვება და შემდეგ ეტაპზე გასვლა გვაქვს. ეს რთულია? დიახ. შეუძლებელი? არა”.
მისი აზრით, “ბარსა” – “ფავორიტი და ყველაზე ცნობილი გუნდია”, მაგრამ კატალონიელების მხრიდანაც არ სურდათ “არსენალთან” შეხვედრა, რადგან “მათ იციან, რომ ჩვენ შევებრძოლებით”.
ვფიქრობ, ჩვენ უკეთეს ფორმაში ვართ, ვიდრე წინა სეზონში და გვაქვს არაჩვეულებრივი შანსი ეს დავამტკიცოთ.
ახლა, დეკემბრის შუა რიცხვებია, ხოლო მატჩი “ბარსასთან” თებერვალში გაიმართება. კიდევ ბევრი დრო დარჩა. ძალიან ადრეა მატჩზე ლაპარაკი. ახლა ჩვენ მხოლოდ კენჭისყრაზე საუბარი შეგვიძლია. რამდენიმე თვის შემდეგ შეიძლება ყველაფერი რადიკალურად შეიცვალოს”.
ასევე ფრანგი თვლის, რომ “ბარსასთან” კარგად სათამაშოდ გუნდმა სხვა ლიგებში უნდა გამოიჩინოს თავი.