ესპანეთის ჩემპიონატის 2016/17 წლების გათამაშების მე-3 ტურში, “ბარსელონა” “ალავესს” დაუპირისპირდება. იმის გამო, რომ ბასკური გუნდი, ბოლო 10 წლის განმავლობაში, პრიმერადან გავარდნილი იყო, ამ კლუბების ბოლო შეხვედრა 2006 წლის 22 იანვრით თარიღდება.
![]()
2 შემორჩენილი
10 წლის წინ, ფრანკ რაიკარდის გუნდმა “ალავესი” 2:0 დაამარცხა. ჰოლანდიელმა მწვრთნელმა, იმ თამაშში, 14 ფეხბურთელი გამოიყენა, რომელთაგან დღეს გუნდს მხოლოდ ანდრეს ინიესტა და ლიონელ მესი შემორჩნენ. ისინი კატალონიელთა კაპიტნები არიან.
გოლი, რომლითაც წარმატებული სერია დაიწყო
“ალავესთან” გამართულ შეხვედრაში პირველი გოლი ჰენრიკ ლარსონმა გაიტანა. შვედმა თავდამსხმელმა, იმ მატჩში, 2-თვიანი უგოლო სერია დაასრულა, რის შემდეგაც, მომდევნო 9 თამაშში, მან მეტოქეთა კარი კიდევ 7-ჯერ აიღო.
![]()
მომავალი ლეგენდის მე-5 გოლი
“ალავესს” მე-2 გოლი მაშინ ჯერ კიდევ ამომავალმა ვარსკვლავმა, ლეო მესიმ გაუტანა, რომელმაც “ბარსელონას” პირველი გუნდის მაისურით მე-5, ლა ლიგაში კი მე-3 გოლი გაიტანა. ვინ წარმოიდგენდა, რომ 10 წლის შემდეგ, ლეოს, “ბარსას” ფორმით, 456 გოლი ექნებოდა გატანილი და ის კლუბის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი იქნებოდა.
ლიდერი რონალდინიო
2005/06 წლების სეზონში, “ბარსელონას” კაპიტანი კარლეს პუიოლი იყო. თუმცა, “ალავესთან” მატჩის 85-ე წუთზე, ის ჟულიანო ბელეტით შეცვალეს და საფინალო სასტვენის დროს, კაპიტნის სამკლავური ბრაზილიელ ლეგენდას, რონალდინიო გაუჩოს ეკეთა. რონალდინიომ ის შეხვედრა ბრწყინვალედ ჩაატარა და მესის გოლი სწორედ მან გაატანინა.
![]()
ფეხბურთელობიდან მწვრთნელობამდე
“ბარსელონას” ყოფილი ფეხბურთელი, მაურისიო პელეგრინო, იმ შეხვედრაში, “ალავესის” სათადარიგოთა სკამზე იჯდა. 10 წლის შემდეგ, ის იმავე ადგილას იჯდება, მაგრამ უკვე ბასკური გუნდის მთავარი მწვრთნელის სტატუსით.