“ბარსელონამ” კატალონიაში 9 ნოემბერს გასამართ რეფერენდუმს მხარი ოფიციალურად დაუჭირა.
მიმდინარე წლის 9 ნოემბერს, კატალონიაში, ესპანეთისგან გამოყოფასთან დაკავშირებით, რეფერენდუმი იმართება. რეფერენდუმის მხარდამჭერი ორგანიზაციები “გადაწყვეტილების მიღების უფლების მქონე ეროვნულ პაქტს” უერთდებიან. ამჟამად, ხსენებულ პოლიტიკურ პლატფორმაზე დაახლოებით 3500 ორგანიზაციაა მიერთებული. მოძრაობის ლიდერის, ჟოან რიგოლის თქმით, მან “ბარსელონასგან” ოფიციალური წერილი მიიღო, რომელსაც ხელს კლუბის პრეზიდენტი ხოსეპ მარია ბართომეუ აწერს. ამ წერილის თანახმად, “ბარსელონა” პაქტს უერთდება.
აქვე აღვნიშნავთ, რომ “ბარსელონას” ეს ნაბიჯი კატალონიის დამოუკიდებლობის მხარდაჭერას არ ნიშნავს. კლუბმა მხარი დაუჭირა რეფერენდუმს, რომლითაც კატალონიელმა ხალხმა გადაწყვეტილება თავად უნდა მიიღოს.