გვარდიოლას მიაჩნია, რომ მისი გუნდი ახლა უფრო უკეთ თამაშობს, ვიდრე 3 წლის წინ, მაგრამ იმასაც კარგად აანალიზებს, რომ ამ ბოლო მატჩებში ბლაუგრანას საუკეთესო შედეგი არ უჩვენებია. პეპის თქმით “ბარსამ” მორიგ მატჩში, “მალიორკასთან” განსაკუთრებული ძალისხმევა უნდა გამოიჩინოს.
პეპ გვარდიოლამ გასული სეზონების მატჩებსა და შედეგებს გადახედა და მიხვდა, რომ მისი გუნდი ახლა უფრო უკეთ გამოიყურება. “ახლა უფრო უკეთ ვთამაშობთ, ვიდრე ეს პირველ სეზონში იყო”, განაცხადა ახალგაზრდა მწვრთნელმა. გვარდიოლა ასევე იმასაც ხვდება, რომ სიურპირიზის ფაქტორი უკვე აღარ იმოქმედებს. “ბარსას” უკვე ყველა კარგად იცნობს და ყველამ გაიგო, რომ ამ გუნდთან შეტევაზე თამაში თვითმკვლელობის ტოლფასია. ამიტომაც გუნდები მარტივ ხერხს მიმართავენ… ისინი დაცვაში მთელი გუნდით “დგებიან” და ადგილიდან არ იძვრიან, მაგრამ პეპი ამაზე ძალიანაც არ წუხს და აცხადებს: “ჩვენ ნათამაშები გვაქვს ყველანაირი დაცვითი ტაქტიკის მქონე გუნდთან და თამაში მეტ–ნაკლებად კარგად გამოგვდის”.
გვარდიოლასთვის მარტივი ოპონენტი არ არსებობს, რასაც თავადაც აღნიშნავს: “თქვენ ჩემგან არასოდეს გაგიგიათ ფრაზა “მარტივი მატჩი”. ჩვენ თუ გამარჯვება გვინდა, “მალიორკასთან” ბოლომდე უნდა დავიხარჯოთ”, განაცხადა პეპმა.
გვარდიოლამ ასევე ყურადღება ჩავიზე გაამახვილა, რომელიც “მალიორკასთან” მატჩში მონაწილეობას არ მიღებს. “ჩვენ სხვა ალტერნატივებიც გვყავს. ყველა ფეხბურთელს საკუთარი თამაშის სტილი აქვს და ჩვენ ვიცით, როგორ გამოვიყენოთ ისინი”. მან ასევე დაამატა, რომ ჩავის ესპანეთის ნაკრებში გამოძახებამ შესაძლოა მისი ტრავმის გართულება გამოიწვიოს“.
კვირას იქნება პირველი დღე, როდესაც პეპ გვარდიოლა თავის ყოფილ თანაგუნდელ, მიხაელ ლაუდრუპს, როგორც მწვრთნელი ისე დაუპირისპირდება: “ის თამაშობდა ძალიან კარგად და მე დარწმუნებული ვარ, რომ იგი აგრეთვე ძალიან კარგი მწვრთნელი იქნება. მას “ბარსაში” თავისი საუკეთესო შესაძლებლობები აჩვენა. როდესაც ლაუდრუპი ჩვენთან ერთად თამაშობდა, ვცდილობდით, რომ ბურთი მისთვის გადაგვეწოდებინა, რადგანაც ყველამ ვიცოდით, რომ იგი მინდორზე რაღაც განსაკუთრებულს გააკეთებდა”, დაასრულა გვარდიოლამ.