“ბარსა ბ-ს” დატოვებისას თქვით, რომ თქვენი აზრით აქ არასდროს დაბრუნდებოდით. მართლა ასე იფიქრეთ?
” “ბარსელონას” გაწვრთვნა არასოდეს ყოფილა ჩემი მიზანი, რადგან “ბარსას” მწვრთნელობა ძალიან რთულად მისაღწევია. “ბარსა ბ-ს” დატოვებისას მითხრეს, რომ კლუბის კარი ჩემთვის ყოველთვის ღიაა. მაშინ ეს სიტყვები აღვიქვი არა რეალობად, არამედ ჩემი სამუშაოს დაფასებად. ჩემს შემთხვევაში, ამ საკითხზე არ დაფიქრება სასარგებლო აღმოჩნდა, რადგან რაც მოსახდენია, მაინც მოხდება. ბევრი ვიმუშავე სხვა გუნდებში და ახლა, განსაკუთრებული მცდელობის გარეშე, ისევ აქ ვარ. ჩემი აზრით, სწორედ მოვიქეცი, როდესაც დიდი მიზნები არ დავისახე. მათი მიღწევა ხშირად ცუდად მთავრდება. დღევანდელი დღით ცხოვრება მირჩევნია.”
“ბარსელონასთან” კონტრაქტის გაფორმება ყოველთვის რთულია. დაგეხმარათ თქვენი, როგორც ფეხბურთელისა და მწვრთნელის გამოცდილება, ამ სამსახურის მიღებაში?
” დიახ, ეს გამოცდილება სასარგებლოა, რადგან ფეხბურთელებმა იციან, რომ მათ ადგილას მეც ვიყავი. ასევე ვიცნობ აქაურ კულტურას, თუმცა ის მნიშვნელოვნად შეიცვალა. არ მინახავს ახალი ლა მასია. “სიუტატ ესპორტივას” ინსტალაციები ფანტასტიურია, “კამპ ნოუ” კი ისევ შთამბეჭდავია. წარსულში მიღებული გამოცდილება გამომადგება.”
გულშემატკივრებს უყვარდით, როგორც ფეხბურთელი. თქვენი აზრით, იგივე დამოკიდებულება ექნებათ ფანებს თქვენთან, როგორც მწვრთნელთან?
“ძალიან გამიხარდებოდა, თუმცა ფანებთან კარგი ურთიერთობის დამყარება ფეხბურთელისათვის უფრო მარტივია, რადგან გულშემატკივრები ხედავენ შენს ძალისხმევას. მწვრთნელმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილებები და დარწმუნებული ვარ, რომ შეცდომებს დავუშვებ. გულშემატკივრების გულების მოგება ძალიან ადვილი იქნება, თუ ტიტულებს მოვიპოვებთ.”
თქვენი მწვრთნელები იყვნენ რობსონი, ვან გაალი, რეშაკი, ანტიჩი და რაიკაარდი. ყველაზე ახლოს რომელთან ხართ?
“თითოეულისაგან ბევრი რამ ვისწავლე. ყველა მწვრთნელი უნიკალურია. უნდა ვიყო ჩემი სამუშაოს, საფეხბურთო მსოფლმხედველობის ერთგული და იგივე უნდა გავაკეთო ჩემს ფეხბურთელებთან ერთად: უნდა წარმოვაჩინო ჩემი შეხედულებები ფეხბურთსა და ცხოვრებაზე. უნდა ვიყო საოცარი და უნიკალური კლუბის წარმომადგენელი და უნდა დავუმტკიცო მოთამაშეებს, რომ საუკეთესო პროფესია აქვთ. საჭიროა ჩემი, როგორც ყოფილი ფეხბურთელის, გამოცდილების გამოყენება და ბიჭებისაგან მაქსიმალურის მიღება.”
უნდა გამოიჩინოს კლუბმა მოთმინება თქვენს მიმართ თუ პირველი დღიდანვე უნდა მოიგოთ?
“მხოლოდ აწმყოს აქვს მნიშვნელობა და “ბარსას” ამჟამინდელი მოთხოვნა მიმზიდველი და ლამაზი გზით გამარჯვებაა. გამოვიყენებთ პრესეზონს, რათა მოთამაშეებს დავეხმაროთ. მათი უმეტესობა მონაწილეობას მიიღებს მსოფლიო ჩემპიონატში. ისინი აგვისტოში დაბრუნდებიან. ასეთ პირობებში ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა თავიდანვე კარგი შედეგი მივიღოთ. ეს კარგად ვიცი.”
გააოცებთ გულშემატკივრებს ზოგიერთი წეს-ჩვეულების შეცვლით?
“არ ვიცი, მაგრამ “ბარსა ბ-ში” ყოფნისას ერთი ჩვევა მქონდა: მეკარეებს ზედიზედ 6-ჯერ ვაყენებდი სასტარტო შემადგენლობაში. იმავეს გაკეთება პირველ გუნდში უფრო რთულია. სამუშაოს შესრულებისას ვცდილობ, რომ არ აღვმართო ბარიერები მხოლოდ იმიტომ, რომ ადრე სხვები სხვანაირად მუშაობდნენ. ვაფასებთ იმას, რაც ჩვენთვის მისაღებია. თუ ჩავთვლით, რომ მუშაობის სხვა გზაც არსებობს, მაშინ მას გამოვიყენებთ. გავაკეთებ იმას, რასაც კლუბისათვის სასარგებლოდ მივიჩნევ, ჩემი გადაწყვეტილებების მართებულობას კი შედეგი გვიჩვენებს.”
რას იტყვით კაპიტნებზე?
“კაპიტანი არის ფუნდამენტური, რადგან ის დანარჩენების წარმომადგენელია. კაპიტანი არ არის უბრალო მოთამაშე, რომელიც თასს წევს ან მსაჯს ხელს ართმევს. ის უფრო მეტია. არსებობს კოლექტიური პასუხისმგებლობა და მოთამაშეებთან ურთიერთობის დროს, კაპიტნებს დიდი მნიშვნელობა აქვთ. ვიცი, თუ როგორი უნდა იყოს “ბარსას” კაპიტანი. ისინი არიან მთავარი პროტაგონისტები და თავიანთ როლში თავს კომფორტულად უნდა გრძნობდნენ, სწორედ ამ მიმართულებით ვიმუშავებთ.”
“ბარსა ბ-ს” მწვრთნელი იყავით. როგორი დამოკიდებულება გექნებათ ამ გუნდთან?
“ეუსებიოსთან ერთად ვისაუბრებ ამ თემაზე. ყველგან მსიამოვნებდა ახალგაზრდა ფეხბურთელებთან ერთად მუშაობა. უნდა გავითვალისწინო სარეზერვო გუნდის მწვრთნელის შეხედულებები. მსურს, რომ გუნდებს შორის ურთიერთობა მაქსიმალურად ღია იყოს.”