მოახლოებული ‘ელ კლასიკო’ არ არის თასის ფინალი, მაგრამ შეხვედრას ფინალის მნიშვნელობა აქვს. სწორედ ამ თემაზე ისაუბრა ტატა მარტინომ: “გუნდისთვის ეს ალბათ ჩემპიონატის მოგების უკანასკნელი შანსია. ამ მატჩის შემდეგ 9 შეხვედრა დარჩება და 7 ქულიანი სხვაობის შემცირება განსხვავდება 1 ქულიანი სხვაობის აღმოფხვრისაგან. 7 და თუნდაც 4 ქულიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა ძალიან რთული იქნება – არა იმიტომ, რომ “ბარსას” ეს არ შეუძლია, არამედ იმის გამო, რომ ძალიან ცოტა ქულა არის დარჩენილი და, როგორც წესი, სეზონის ამ ეტაპზე გუნდები იშვიათად უშვებენ შეცდომებს.”
მარტინოს თქმით, ფრე არ იქნება კარგი შედეგი: “ეს დამოკიდებულია თამაშის მსვლელობაზე, თუმცა ნათელია, რომ გამარჯვება საჭირო და აუცილებელია. გვჯერა, რომ ‘ელ კლასიკოს’ მოგება შეგვიძლია. ჩამორჩენის შესამცირებლად ყველაფერს გავაკეთებთ.”
“ბარსელონა” დაპირისპირებას ჩვეულებრივ მიუდგება: “რაიმე განსხვავებულის გაკეთება არ გვჭირდება. ჩვენ ვცდილობთ ყველა მატჩის მოგებას. მნიშვნელოვანია კარგად ასპარეზობა, ბურთის ფლობა, ჩვენი თამაშის დემონსტრირება, კონტრშეტევების თავიდან ასაცილებლად ბურთის შენარჩუნება და ბეილისა და რონალდოსათვის ერთი ერთზე თამაშის შანსების შემცირება.”
მწვრთნელმა უკვე იცის, თუ ვინ მოხვდება სასტარტო შემადგენლობაში. ასევე ტატამ ნეიმარი და მესი შეაქო: “მესი გუნდის ვარსკვლავია. ის კვალს ტოვებს მნიშვნელოვან შეხვედრებში. თუ ლეო კარგ თამაშს ჩაატარებს, ეს “ბარსელონასთვის” სასარგებლო იქნება. ნეიმარი მსოფლიოს საუკეთესო 5 ფეხბურთელს შორის არის. შევეცდები, რომ მან თავი განსაკუთრებულად იგრძნოს, რადგან ნეიმარი ასეთია.”
მარტინომ უარყო, რომ “რეალთან” ჩამორჩენის მიზეზი კატალონიელთა სათამაშო სტილია. სტაბილურობის ნაკლებობა არის პრობლემა: “ორივე გუნდმა შესანიშნავად იცის, თუ როგორ უნდა ითამაშონ. განსხვავება არის ის, რომ “მადრიდის რეალი” ჩვენზე სტაბილური იყო.”
ორი განსაკუთრებული თვე
მწვრთნელის თქმით, მომდევნო 2 თვე განსაზღვრავს, იყო თუ არა ეს სეზონი წარმატებული “ბარსელონასთვის”: “ლა ლიგის მსვლელობის მიუხედავად, ჩვენ მაინც გვრჩება თასის ფინალი და ჩემპიონთა ლიგა, სადაც ჩვენი მეტოქე ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია. კიდევ ერთი ფინალისაგან 4 მატჩი გვაშორებს. ეს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალია და კომფორტი არ არსებობს. ჩვენ სამივე ფრონტზე ვიბრძვით, რაც ერთგვარი მიქსია. ფეხბურთელები ასეთ ვითარებაში აქამდეც ყოფილან.”