მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჩავიმანია ნიდერლანდებში

ჩავიმანია ნიდერლანდებში

მოკლედ
ჩავი ერნანდესის ნიდერლანდების ნაკრებმა საბერძნეთი 7-0 გაანადგურა და ადგილობრივი მედიის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა. ჟურნალისტები განსაკუთრებით გამოარჩევენ "ბარსელონას" ნახევარმცველის, ფრენკი დე იონგის დაბრუნებასა და მის წარმატებულ თანამშრომლობას ჯოი ვეერმანთან.

ნიდერლანდების ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე ჩავი ერნანდესის მუშაობა სულ უფრო მეტ აღფრთოვანებას იწვევს. “ბარსელონას” ყოფილმა მწვრთნელმა ადგილობრივი მედიის განსაკუთრებული მოწონება მას შემდეგ დაიმსახურა, რაც მისმა გუნდმა ერთა ლიგაზე საბერძნეთი 7-0 გაანადგურა.

13 ნოემბერს, ამსტერდამში გამართულ შეხვედრაში ნიდერლანდელებმა მეტოქეს პირველივე ტაიმში ხუთი გოლი გაუტანეს. ტიჯანი რეინდერსმა ჰეთ-თრიქი შეასრულა, იურიენ ტიმბერმა დუბლი გაიფორმა, თითო გოლი კი კრისენსიო სუმერვილმა და დონიელ მალენმა გაიტანეს.

ნიდერლანდურ მედიაში ჩავიმანია დაიწყო

ნიდერლანდური გამოცემები ჩავის მუშაობას განსაკუთრებულად დადებითად აფასებენ. ადგილობრივი მედიის ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა როგორც ნაკრების შემტევი ფეხბურთი, ისე ნახევარდაცვაში ფრენკი დე იონგისა და ჯოი ვეერმანის წარმატებული თანამშრომლობა.

გამოცემა Voetbal-მა ნიდერლანდების ნაკრების თამაში შთამბეჭდავ საფეხბურთო სანახაობად შეაფასა და განსაკუთრებით გამოყო “ბარსელონას” ნახევარმცველის დაბრუნება.

“ფრენკი დე იონგის დაბრუნების შემდეგ ჩავის ყველაფერი იდეალურად აეწყო.”

ნაკრების შეტევებმა გულშემატკივრებიც აღაფრთოვანა. ამსტერდამის სტადიონის ტრიბუნებიდან ისმოდა შეძახილები “ათი, ათი, ათი”, რადგან მაყურებელს სჯეროდა, რომ გუნდი ათგოლიან ნიშნულსაც მიაღწევდა.

ნიდერლანდურმა ტელეკომპანია NOS-მაც აღნიშნა, რომ ნაკრებს ბოლო წლების განმავლობაში ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა ჰქონდა. გამოცემის შეფასებით, ჩავის არჩევანი შემტევ ფეხბურთზე უკვე აშკარა შედეგს იძლევა.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო დე იონგისა და ვეერმანის წყვილს, რომლებმაც მოედნის ცენტრში ერთად პირველად ითამაშეს. “ბარსელონას” ყოფილი ფეხბურთელი და NOS-ის ანალიტიკოსი იბრაჰიმ აფელაი მათი თამაშით აღფრთოვანებული დარჩა.

“ისინი იმდენად გავლენიანები იყვნენ, რომ მეტოქეს საკუთარ ნებას კარნახობდნენ.”

გამოცემა ED-მ ნახევარმცველების ფუნქციები დეტალურად გააანალიზა. დე იონგი ხშირად ჩადიოდა სიღრმეში ბურთის მისაღებად და ნაკრების თამაშის ტემპს განსაზღვრავდა, ხოლო შედარებით წინ მოქმედი ვეერმანი შეტევების განვითარებასა და პასების განაწილებაზე იყო პასუხისმგებელი.

De Telegraaf-ის ჟურნალისტმა ვალენტეინ დრისენმა ყურადღება კიდევ ერთ მნიშვნელოვან გარემოებაზე გაამახვილა – მისი შეფასებით, ნაკრების ფეხბურთელებმა ჩავის სათამაშო სტილი ძალიან კარგად მიიღეს.

დე იონგის დაბრუნება და მომდევნო გამოცდა გერმანიასთან

ფრენკი დე იონგმა საბერძნეთთან მატჩში მხოლოდ 45 წუთი ითამაშა. “ბარსელონას” ნახევარმცველი შესვენებისას შეცვალეს, თუმცა ამ დროისთვის ნიდერლანდები უკვე 5-0-ს იგებდა.

მოგვიანებით ჩავიმ განმარტა, რომ დე იონგს ზურგის არეში დისკომფორტი აწუხებდა. მწვრთნელის განცხადებით, პრობლემა სერიოზული არ ჩანს და ის ფეხბურთელის გერმანიასთან შეხვედრაში მონაწილეობას ელოდება.

ნიდერლანდური მედიისთვის სწორედ გერმანიასთან 16 ნოემბერს გასამართი მატჩი იქნება მნიშვნელოვანი გამოცდა. NOS-ის ანალიტიკოსმა იური მულდერმა აღნიშნა, რომ სურს, დე იონგისა და ვეერმანის წარმატებული თანამშრომლობა უფრო ძლიერ მეტოქესთანაც იხილოს.

ჩავის გუნდის გამოსვლას საერთაშორისო მედიაც გამოეხმაურა. ფრანგულმა L’Équipe-მა ნიდერლანდელთა შეტევას ნარინჯისფერი ტალღა უწოდა, იტალიურმა La Gazzetta dello Sport-მა კი გამარჯვება ნარინჯისფერ ზვავად შეაფასა.

გერმანულმა Bild-მა იურგენ კლოპის გუნდიც გააფრთხილა, რომ მომდევნო შეხვედრაში განსაკუთრებულად შედეგიან მეტოქესთან მოუწევს დაპირისპირება.

ამგვარად, ჩავი ერნანდესის ნიდერლანდების ნაკრები სულ უფრო მეტ სიმპათიას იხვეჭს, ხოლო ფრენკი დე იონგის დაბრუნებამ გუნდის ნახევარდაცვას დამატებითი ხარისხი შესძინა. ახლა მთავარი კითხვაა, შეძლებენ თუ არა ნიდერლანდელები საბერძნეთთან ნაჩვენები ფეხბურთის გამეორებას გერმანიასთანაც.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (1)

დატოვე კომენტარი

  • C.PC5
    C.PC5 ვეტერანი
    schedule 14 ნოე 2026, 20:49

    კარგია ფრენკის ასეთი დაბრუნება, იმედია საბოლოოდ ვნახავთ მის პრაიმს, ახლა როგორც გუნდში ისე ნაკრებში იდეალურ სიტუაციაშია, ორ ისეთ მწვრთნელთან მუშაობს რომ ორივესთან იცის მუშაობა, ორივე მოუფრთხილდება და მისი საუკეთესო თვისებების გამოვლენაში დაეხმარებიან, იმედია ფლიკის გადაწყვეტილებებსაც სწორად გაიგებს ასე ხშირად რომ უწევს პოზიციის ცვლილება.