“ბარსელონა” ხესუს დე მიგელის ხსოვნისადმი მიძღვნილ ოფიციალურ ცერემონიაში მონაწილეობას მიიღებს, რომელიც შაბათს, 7 ნოემბერს, თბილისის დროით 22:00 საათზე, “ჰელიოდორო როდრიგეს ლოპესის” სტადიონზე გაიმართება.
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, კატალონიურ კლუბს ღონისძიებაზე ხუან მანუელ ასენსი და ანტონიო ოლმო წარმოადგენენ.
“ტენერიფე” ამ ღონისძიებით 30 წლის ფეხბურთელის ხსოვნას პატივს მიაგებს და მას ოფიციალურად დაემშვიდობება. ხესუს დე მიგელი 3 ნოემბერს გარდაიცვალა, მას შემდეგ, რაც წინა დღეს “ანდორასთან” მატჩის დროს მეტოქის მეკარე ხესუს ოვონოს შეეჯახა. 5 ნოემბერს ნავაერმოსაში მისი სამგლოვიარო ცერემონია გაიმართა.
“ბარსელონამ” ფეხბურთელის გარდაცვალების გამო მწუხარება სოციალურ ქსელშიც გამოხატა:
“სამუდამოდ ჩვენს მეხსიერებაში. ესპანური ფეხბურთი ერთიანდება ხესუს დე მიგელისთვის პატივის მისაგებად და დანაკარგით გამოწვეული ტკივილის გასაზიარებლად”.
კატალონიურმა კლუბმა ფეხბურთელის ხსოვნას პატივი უკვე მიაგო. ჩემპიონთა ლიგაზე “ასტონ ვილასთან” მატჩის დაწყებამდე “სპოტიფაი კამპ ნოუზე” წუთიერი დუმილი გამოცხადდა.
ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური განცხადებით, 6-9 ნოემბერს გამართული მატჩების წინ ორივე გუნდის ფეხბურთელები მოედანზე ერთად, სპეციალური მაისურებით გამოვლენ. მაისურებზე 9 ნომერი და სამახსოვრო გზავნილი იქნება გამოსახული. ფეხბურთელები ყვავილებს მიიტანენ და ხესუს დე მიგელის ხსოვნას წუთიერი დუმილით მიაგებენ პატივს.
გარდა ამისა, თითოეული მატჩის მე-9 წუთიდან პირველივე სათამაშო პაუზისას შეხვედრა შეჩერდება. სტადიონების ეკრანებზე გარდაცვლილი ფეხბურთელისადმი მიძღვნილ ვიდეოს აჩვენებენ, მოთამაშეები და გულშემატკივრები კი მას აპლოდისმენტებით გაიხსენებენ.
7 ნოემბრის ცერემონიაში მონაწილეობას ლა ლიგაც მიიღებს. ღონისძიებაზე დასწრება “ტენერიფეს” გულშემატკივრებსაც შეეძლებათ, ხოლო პირდაპირი ტრანსლაცია ლა ლიგისა და ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის არხებით გადაიცემა.




forum კომენტარები (0)