“ბარსელონას” შემტევები, ფერმინ ლოპესი და რაფინია, მიმდინარე სეზონში გამორჩეულ შედეგიანობას აჩვენებენ, თუმცა მათი მნიშვნელობა მხოლოდ შეტევითი სტატისტიკით არ შემოიფარგლება. როგორც The Athletic-ის ჟურნალისტი პოლ ბალუსი აღნიშნავს, ორივე ფეხბურთელის ერთ-ერთი უმთავრესი ღირსება დაცვით ფაზაში თავდადებული მუშაობაა.
ეს განსაკუთრებით კარგად გამოჩნდა ჩემპიონთა ლიგის მე-4 ტურში, როდესაც “ბარსელონამ” “ასტონ ვილა” 3-0 დაამარცხა. რაფინიამ ორი გოლი გაიტანა, ფერმინმა კი ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა. მიუხედავად ამისა, მათი წვლილი ბურთის ფლობის გარეშე არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო.
ჰანსი ფლიკის სათამაშო სისტემაში პრესინგი თავდამსხმელებიდან იწყება. რაფინია მეტოქის მცველებსა და მეკარეზე აქტიურად ახორციელებს ზეწოლას, ამავდროულად კი ცდილობს, გადაცემის შესაძლო მიმართულებები გადაკეტოს. “ასტონ ვილასთან” შეხვედრაში ბრაზილიელი ისე გადაადგილდებოდა, რომ მეკარე ძიონ სუზუკისთვის პაუ ტორესისკენ გადაცემის შესაძლებლობა შეეზღუდა.
ფერმინ ლოპესიც აქტიურად მონაწილეობს მეტოქისთვის სივრცეების შეზღუდვასა და ბურთის დაბრუნებაში. მისი ენერგია, ინტენსივობა და მუდმივი მოძრაობა “ბარსელონას” საშუალებას აძლევს, ბურთის დაკარგვის შემდეგ ზეწოლა სწრაფად განაახლოს.
კატალონიელთა პირველი გოლი სწორედ მაღალი პრესინგის შედეგად შეიქმნა. ლამინ იამალმა მეტოქის არაზუსტი გადაცემა ჩაჭრა და ანგარიში გახსნა. მეორე ტაიმში კი ფერმინის გადაცემით რაფინიამ უპირატესობა გაზარდა, მოგვიანებით ჟოაუ კანსელუს პასით დუბლი შეასრულა.
შეხვედრის შემდეგ ჰანსი ფლიკმა განსაკუთრებული ყურადღება სწორედ გუნდურ დაცვას დაუთმო:
“მნიშვნელოვანი იყო, რომ ერთად დაგვეცვა თავი და კომპაქტურად გვეთამაშა. დაცვის ხაზმა შესანიშნავი მატჩი ჩაატარა, ისევე როგორც ჟოან გარსიამ.”
რაფინიასა და ფერმინის მაგალითი აჩვენებს, რამდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ფლიკი შემტევების დაცვით დისციპლინას. გერმანელი მწვრთნელისთვის მხოლოდ გოლების გატანა საკმარისი არ არის – ფეხბურთელებმა გუნდს ბურთის დაბრუნებასა და მეტოქის შეტევების შეჩერებაშიც უნდა დაეხმარონ.




ფერმინი მინდა ფოანგზე ვნახოო, აღარ შემიძლია გორდონის ფაფხურის ყურებაა💆🏻♂️ ფერმინი-რაფინია-იამალი წინ და ცენტრში პედრი-როდრი-დეიონგი