ჰანსი ფლიკი საკადრო პრობლემებისგან მაქსიმალური სარგებლის მიღებას ცდილობს. გერმანელი სპეციალისტი “ბარსელონას” ფეხბურთელებს პოზიციებს უცვლის და ამ გზით იმ დანაკლისს ავსებს, რომელიც გუნდს გარკვეულ რგოლებში აქვს. ბოლო მაგალითები ბრიან ფარინიასი, რომელმაც “ალავესთან” მარჯვენა მცველად ითამაშა, და ფრენკი დე იონგია, რომელიც დაცვის ცენტრში მოგვევლინა. თუმცა მიმდინარე სეზონში მსგავსი ტაქტიკური ცვლილებები გამონაკლისი სულაც არ არის.
ყველაზე წარმატებული გადაწყვეტილება რაფინიას ცენტრფორვარდად გადაყვანა აღმოჩნდა. ბრაზილიელი ახალ როლს შესანიშნავად მოერგო და ლა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. მას ჩემპიონატის 10 მატჩში უკვე 15 გოლი აქვს გატანილი.
ფლიკმა რაფინიას პოზიციის შეცვლა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც გაირკვა, რომ “ბარსელონა” სასურველი ცენტრალური თავდამსხმელის, ხულიან ალვარესის შეძენას ვერ მოახერხებდა. მოგვიანებით კლუბმა თავდასხმის გასაძლიერებლად გაბრიელ ჟეზუსი დაიმატა.
აღსანიშნავია, რომ ფლიკის ტაქტიკური გადაწყვეტილებები სპონტანური არ არის. მწვრთნელი ფეხბურთელის ახალ პოზიციაზე გადაყვანას წინასწარ გეგმავს, მასთან ცვლილების შესახებ რამდენიმე დღით ადრე საუბრობს და შესაბამის სამუშაოს ვარჯიშებზე ატარებს. შესაბამისად, მსგავსი გადაადგილებები მატჩის მიმდინარეობისას მოულოდნელი იმპროვიზაციის შედეგი არ არის.
ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება ჟერარ მარტინის ცენტრალურ მცველად გადაყვანა აღმოჩნდა. ამ გადაწყვეტილებამ კლუბის სატრანსფერო გეგმებზეც კი იმოქმედა. “ბარსელონამ” 2026 წელი ცაცია ცენტრალური მცველის შეძენის პრიორიტეტით დაიწყო, თუმცა მარტინმა ახალ პოზიციაზე ისეთი შთაბეჭდილება დატოვა, რომ ფლიკს სატრანსფერო სტრატეგიის შეცვლა გადააწყვეტინა.
გერმანელმა მწვრთნელმა სხვადასხვა პოზიციაზე ერიკ გარსიაც გამოსცადა. ცენტრალური მცველი ფლიკმა დაცვის ფლანგებზე არაერთხელ გამოიყენა, შედარებით იშვიათად კი საყრდენი ნახევარმცველის ფუნქციაც დააკისრა.
კიდევ ერთი საინტერესო მაგალითი ჩავი ესპარტია. ფეხბურთელი, რომელმაც საფეხბურთო განათლება ნახევარდაცვაში მიიღო, დღეს უკვე დაცვის ორივე ფლანგზე სანდო ვარიანტად ჩამოყალიბდა. შემთხვევითი არ არის, რომ ფლიკმა ის ერთ დროს ფილიპ ლამსაც შეადარა.
სწორედ ესპარტის წარმატებულმა მაგალითმა უბიძგა მწვრთნელს, იგივე მიდგომა ბრიან ფარინიასის შემთხვევაშიც გამოეყენებინა. ახალგაზრდა ფეხბურთელმა შაბათს “ალავესთან” პირველ გუნდში ოფიციალური დებიუტი მარჯვენა მცველის პოზიციაზე ჰქონდა და დაკისრებულ მოვალეობას თავი კარგად გაართვა.
რაც შეეხება ფრენკი დე იონგს, ნიდერლანდელი, რომელიც ძირითადად ნახევარდაცვის ცენტრში თამაშობს, “რეალ მადრიდთან” გამართული კლასიკოს დასკვნით მონაკვეთში შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზე მოქმედებდა, “ალავესთან” კი ცენტრალურ მცველად მოგვევლინა.
ამრიგად, ფლიკი ფეხბურთელების უნივერსალურობას სულ უფრო აქტიურად იყენებს და არსებული შემადგენლობით სხვადასხვა პრობლემის გადაჭრას ცდილობს. თუმცა, როგორც Mundo Deportivo წერს, ეს არ ნიშნავს, რომ “ბარსელონა” დამატებით გაძლიერებაზე უარს ამბობს. ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე ახალი ფეხბურთელის შეძენის შესაძლებლობა კვლავ განიხილება.




forum კომენტარები (0)