workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონა – ალავესი: 5 საინტერესო ფაქტი მატჩის წინ

ბარსელონა – ალავესი: 5 საინტერესო ფაქტი მატჩის წინ

პსჟ-სა და “რეალ მადრიდთან” სეზონში პირველი ორი მარცხის შემდეგ “ბარსელონა” მთლიანად ლა ლიგაზე გადაერთო. კატალონიელთა მთავარი მიზანი მორიგი სამი ქულის მოპოვება და სატურნირო ცხრილში პირველობის შენარჩუნებაა.

ჰანსი ფლიკის გუნდს ამის შესაძლებლობა 31 ოქტომბერს ექნება, როდესაც “სპოტიფაი კამპ ნოუზე” “ალავესს” უმასპინძლებს. მატჩის დღე კატალონიურ ტრადიციულ დღესასწაულს, კასტანიადასა და ჰელოუინსაც ემთხვევა.

გთავაზობთ ხუთ საინტერესო ფაქტს ამ დაპირისპირების შესახებ.

1. ალავესის ფორმა მკვეთრად გაუარესდა

მიმდინარე სეზონში “ალავესმა” ორი სრულიად განსხვავებული სახე გამოავლინა. ვიტორიელებმა საწყის ოთხ ტურში შესაძლო 12 ქულიდან 10 მოიპოვეს და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილამდე აღზევდნენ.

ამ პერიოდში გუნდმა საკუთარ მოედანზე სამჯერ გაიმარჯვა, ხოლო “ბუტარკეზე” “რაიოსთან” ფრედ ითამაშა.

თუმცა მომდევნო ექვს ტურში სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა. “ალავესმა” შესაძლო 18 ქულიდან მხოლოდ 2 აიღო და ამ მონაკვეთში ლა ლიგის ყველაზე ცუდი შედეგი აჩვენა.

მიუხედავად ასეთი ჩავარდნისა, ვიტორიელები მე-11 ტურს სატურნირო ცხრილის მეშვიდე ადგილიდან ხვდებიან.

2. ბოლო შეხვედრა ბარსელონას მარცხით დასრულდა

გუნდები ერთმანეთს ბოლოს გასული სეზონის 36-ე ტურში დაუპირისპირდნენ. იმ დროისთვის “ბარსელონას” ჩემპიონობა უკვე განაღდებული ჰქონდა, ხოლო მატჩი საჩემპიონო აღლუმიდან რამდენიმე დღეში გაიმართა.

ჰანსი ფლიკმა მნიშვნელოვნად შეცვლილი შემადგენლობა გამოიყვანა. ძირითად თერთმეტეულში ითამაშეს ვოიცეხ შჩესნიმ, ჟიულ კუნდემ, პაუ კუბარსიმ, კორტესმა, ალეხანდრო ბალდემ, მარკ კასადომ, მარკ ბერნალმა, დანი ოლმომ, რუნი ბარდჯიმ, რობერტ ლევანდოვსკიმ და მარკუს რაშფორდმა.

შეხვედრა “ალავესის” გამარჯვებით, 1-0 დასრულდა. ერთადერთი გოლი დიაბატემ გაიტანა.

ამჯერად ვითარება განსხვავებულია. “ბარსელონას” ჩემპიონობისთვის ბრძოლაში ქულების მოპოვება სჭირდება.

3. ორივე მწვრთნელი 1965 წლის თებერვალში დაიბადა

საინტერესო დამთხვევაა, რომ “ბარსელონასა” და “ალავესის” მთავარი მწვრთნელები ერთსა და იმავე თვესა და წელს არიან დაბადებული.

კიკე სანჩეს ფლორესი 1965 წლის 5 თებერვალს დაიბადა, ხოლო ჰანსი ფლიკი – იმავე წლის 24 თებერვალს. მათ შორის ასაკობრივი სხვაობა მხოლოდ 19 დღეა.

ეს მათი მეორე დაპირისპირება იქნება. პირველად მწვრთნელები ერთმანეთს გასულ სეზონში, “მენდისოროსაზე” გამართულ შეხვედრაში დაუპირისპირდნენ, რომელიც “ალავესის” გამარჯვებით დასრულდა.

4. კიკე სანჩეს ფლორესი კამპ ნოუს მეხუთე სხვადასხვა გუნდით ეწვევა

“ალავესის” მთავარი მწვრთნელი ლა ლიგის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი სპეციალისტია. სანჩეს ფლორესი “ბარსელონას” საშინაო არენას ესპანეთის ჩემპიონატის მეხუთე სხვადასხვა გუნდის მწვრთნელის რანგში ეწვევა.

მანამდე ის კატალონიელებს “კამპ ნოუზე” შემდეგი გუნდებით დაუპირისპირდა:

  • ხეტაფე: 2005 და 2023 წლებში;
  • ვალენსია: ორჯერ;
  • ატლეტიკო: ერთხელ;
  • ესპანიოლი: სამჯერ.

სანჩეს ფლორესი “სევილიასაც” წვრთნიდა, თუმცა ამ გუნდის ხელმძღვანელობისას “ბარსელონას” მხოლოდ “რამონ სანჩეს პისხუანზე” დაუპირისპირდა.

რაც შეეხება “ალავესს”, ამ კლუბის მწვრთნელის რანგში კატალონიელებთან მისი ერთადერთი შეხვედრა აქამდე “მენდისოროსაზე” გაიმართა.

5. ალავესი ლა ლიგაში ყველაზე მეტ ჩაწოდებას ასრულებს

“ალავესის” თამაშში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი ფლანგებიდან ბურთის ჩაწოდებაა.

ვიტორიელები ამ მაჩვენებლით ლა ლიგის ლიდერები არიან. მიმდინარე სეზონში მათ თამაშიდან 157 ჩაწოდება შეასრულეს, ხოლო კუთხურების ჩათვლით ეს რიცხვი 206-მდე იზრდება.

გუნდი საჯარიმოში ფეხბურთელების აქტიურ გადაადგილებასა და საჰაერო ორთაბრძოლებზე დიდ ყურადღებას ამახვილებს.

შეტევების დასრულებაში აქტიურად ერთვებიან ანხელ პერესი, რებახი და იუსი. ამასთან, “ალავესს” ფიზიკურად ძლიერი და კარგი საგოლე ალღოს მქონე თავდამსხმელებიც ჰყავს, მათ შორის ბოიე, ტონი მარტინესი, მარიანო და მანასი.

შესაბამისად, “ბარსელონას” დაცვას ფლანგებიდან წამოსული შეტევებისა და საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთების მიმართ განსაკუთრებული ყურადღება მართებს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (0)

დატოვე კომენტარი