კვირის დასაწყისში არსებული ოპტიმისტური პროგნოზების მიუხედავად, ჟიულ კუნდე “ალავესთან” მატჩისთვის მზად არ იქნება. ფრანგ მცველს ათი დღის წინ, “ბეტისთან” შეხვედრაში დაზიანებული მარცხენა კოჭი ჯერ კიდევ არ მოუშუშებია.
შესაბამისად, კუნდე გამოტოვებს “ბარსელონასა” და “ალავესის” დაპირისპირებას, რომელიც შაბათს, 31 ოქტომბერს, თბილისის დროით 23:55 საათზე, “სპოტიფაი კამპ ნოუზე” გაიმართება.
ტრავმის გამო კუნდემ უკვე გამოტოვა “ბარსელონას” ორი წაგებული შეხვედრა: ჩემპიონთა ლიგაზე პსჟ-სთან (2-4) და ლა ლიგაში “რეალ მადრიდთან” (1-2).
თავდაპირველი გეგმის მიხედვით, ფრანგი მცველი კვირის შუაში გუნდურ ვარჯიშს უნდა დაბრუნებოდა, რათა “ალავესთან” სათამაშოდ მზად ყოფილიყო.
თუმცა ოთხშაბათს კუნდემ ბუცის ჩაცმისას დისკომფორტი იგრძნო და გუნდთან ერთად ვარჯიშის ნაცვლად ინდივიდუალურად იმუშავა. ხუთშაბათს, მატჩის მოახლოების გათვალისწინებით, მხარეებმა გადაწყვიტეს, რომ მისი დაბრუნება ჯერ ნაადრევია, რადგან დატვირთვის გაზრდას ტრავმის გამწვავების საფრთხე ახლავს.
კუნდეს დაბრუნება ჰანსი ფლიკისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, რადგან გუნდს ერიკ გარსია, ანდრეას კრისტენსენი და ჩავი ესპარტიც აკლია.
ამ ვითარებაში “ბარსელონას” მთავარ მწვრთნელს “ალავესთან” შეხვედრისთვის მხოლოდ ოთხი მცველი ეყოლება: ჟოაუ კანსელუ, პაუ კუბარსი, ჟერარ მარტინი და ალეხანდრო ბალდე.
როტაციის ერთ-ერთი შესაძლო ვარიანტია ბრიან ფარინიასის მარჯვენა მცველის პოზიციაზე გამოყენება. ნაკლებად სავარაუდო ალტერნატივებად განიხილება დაცვის ცენტრში როდრის ან ფრენკი დე იონგის დაყენება.
გარდა ამისა, ბოლო დღეებში პირველ გუნდთან ერთად ვარჯიშობს “ბარსა ატლეტიკის” 18 წლის ცენტრალური მცველი ალექს კამპოსი.




forum კომენტარები (0)