ბარსელონა – მანჩესტერ იუნაიტედი | მატჩისწინა მიმოხილვა

ბარსელონა – მანჩესტერ იუნაიტედი | მატჩისწინა მიმოხილვა

ევროპა ლიგას სამი გამოკვეთილი ფავორიტი ჰყავს – “არსენალი”, “ბარსელონა” და “მანჩესტერ იუნაიტედი”. ისე მოხდა, რომ 1/16-ფინალში ერთმანეთს ორი მათგანი უპირისპირდება.

სათამაშო ფორმა

“ბარსელონასა” და “მანჩესტერ იუნაიტედის” სათამაშო ფორმა დღეს გამოიცდება. სეზონის მეორე ნახევარს ორივე გუნდი ძალიან კარგ ფორმაში შეხვდა, განსაკუთრებით “ბარსა”, რომელმაც 2023 წელს უკლებლივ ყველა თამაში მისთვის სასურველი შედეგით დაასრულა. “იუნაიტედს” ფეხი რამდენჯერმე დაუცდა, მაგრამ საერთო ჯამში ერიკ თენ ჰაგის გუნდი ევროპის მასშტაბით ერთ-ერთ საუკეთესო ფორმაშია.

“ბარსას” უკვე 16 თამაშია, არ წაუგია. კატალონიელებმა 2023 წელს 11 შეხვედრა ჩაატარეს, საიდანაც ათი მოიგეს, მეთერთმეტეში კი თერთმეტმეტრიანების სერიაში იმარჯვეს.

ლა ლიგაში “ბლაუგრანამ” ბოლო 6 შეხვედრა მოიგო, რისი წყალობითაც გათამაშებას 8-ქულიანი უპირატესობით ლიდერობს.

განსაკუთრებით გამოსარჩევია ჩავის გუნდის დაცვისა და მეკარის კარგი თამაში. ესპანეთის ჩემპიონატის 21 ტურში “ბარსას” მხოლოდ 7 გოლი აქვს გაშვებული, რაც ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატში საუკეთესო შედეგია.

მიმდინარე სეზონში საკუთარ კედლებში ჩატარებული 14 თამაშიდან “ბარსამ” 10 მოიგო (აქედან 9 გოლის გაუშვებლად), 3 ფრედ დაასრულა და მხოლოდ ერთი დათმო.

2023 წელს საკუთარ კედლებში “ბლაუგრანამ” მხოლოდ 3 შეხვედრა ჩაატარა და სამივე მშრალად მოიგო.

“მანჩესტერ იუნაიტედს” იანვრის ბოლოს მცირე ჩავარდნა ჰქონდა, როდესაც ორ მატჩში მხოლოდ 1 ქულა აიღო, თუმცა მას შემდეგ “წითელმა ეშმაკებმა” 6 თამაშიდან 5 მოიგეს და 1 ფრედ დაასრულეს. 

მიმდინარე სეზონში სტუმრად გამართულ 16 თამაშში “იუნაიტედს” 10 მოგება, 2 ფრე და 4 მარცხი დაუგროვდა. წელს მანჩესტერელებმა მეტოქის მოედანზე 5 შეხვედრა ჩაატარეს, საიდანაც 3 მოიგეს, 1 ფრედ დაასრულეს და 1 დათმეს.

დანაკლისი

მატჩს ორივე გუნდი დიდი დანაკლისით ხვდება.

“ბარსელონას” ტრავმირებული სერხიო ბუსკეტსი და უსმან დემბელე არ ეყოლება. ორივე ეს ფეხბურთელი სასტარტო შემადგენლობის წევრია.

სტუმრების დანაკლისი კიდევ უფრო დიდია. ერიკ ტენ ჰაგის გუნდში ტრავმირებულები არიან ანტონი, მარსიალი, მაკტომინეი, ვან დე ბეეკი და კრისტიან ერიკსენი. ამ უკანასკნელის შემცვლელად ინგლისელებმა მარსელ საბიტცერი დაიმატეს, მაგრამ დღევანდელი მატჩისთვის ის დისკვალიფიცირებულია, ისევე, როგორც სტუმართა დაცვის ერთ-ერთი ლიდერი ლისანდრო მარტინესი.

ურთიერთშეხვედრები

ამ გუნდებს ერთმანეთის წინააღმდეგ აქამდე 13 ოფიციალური თამაში აქვთ გამართული. უპირატესობა ჩვენ მხარესაა – 6 მოგება, 4 ფრე, 3 მარცხი, 24 გატანილი და 15 გაშვებული გოლი.

“ბარსელონამ” “იუნაიტედს” ბოლო 4 თამაში მოუგო (აქედან 3 გოლის გაუშვებლად), მათ შორისაა ჩემპიონთა ლიგის 2 ფინალი.

ბოლოს გუნდები ერთმანეთს 2019 წელს, ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში შეხვდნენ. “ბლაუგრანამ” სტუმრად 1-0, შინ კი 3-0 მოიგო. იმ გუნდიდან “ბარსელონაში” დღეს ტერ შტეგენი, ალბა, ბუსკეტსი, სერჟი რობერტო და დემბელე არიან, “მანჩესტერ იუნაიტედში” კი დე ხეა, დალო, ლინდელოფი, შოუ, მაკტომინეი, ფრედი, რაშფორდი და მარსიალი.

“კამპ ნოუზე” ამ გუნდებს აქამდე 7-ჯერ უთამაშიათ, 6-ჯერ ჩემპიონთა ლიგაზე და ერთხელ თასების მფლობელთა თასზე. 5 მატჩი მასპინძლებმა მოიგეს, 2 კი ფრედ დასრულდა. ამ 7 შეხვედრიდან “წითელმა ეშმაკებმა” გოლის გატანა მხოლოდ ორში მოახერხეს.

არბიტრი

შეხვედრას იტალიელი მაურიციო მარიანი განსჯის.

მარიანი 40 წლისაა. ის სერია A-ში 2012 წლიდან მსაჯობს. ჩემპიონთა ლიგაზე იტალიელს დებიუტი მიმდინარე სეზონში ჰქონდა.

კარიერის განმავლობაში მაურიციო მარიანი თამაშში საშუალოდ 27.8 ჯარიმასა და 0.34 თერთმეტმეტრიანს ნიშნავს, ფეხბურთელებს კი 4.57 ყვითელ და 0.31 წითელ ბარათს უჩვენებს. მარიანის მიერ განსჯილი თამაშების 46%-ში მასპინძლები იგებენ, ხოლო 37%-ში – სტუმრები.

როგორც “ბარსელონას”, ასევე “მანჩესტერ იუნაიტედის” მატჩში მაურიციო მარიანი დღეს პირველად იმსაჯებს.

ტრანსფერები

ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს “ბარსელონა” ექტორ ბელერინმა და მემფის დეპაიმ დატოვეს, სანაცვლოდ კი “ბლაუგრანას” არავინ დაუმატებია.

“მანჩესტერ იუნაიტედი” კრიშტიანუ რონალდუმ დატოვა, გუნდს კი ვეგჰორსტი და საბიტცერი შეუერთდნენ.

გამორჩეული ფეხბურთელები

ორივე გუნდიდან არაერთი ფეხბურთელია გამოსარჩევი, მაგრამ სტუმართა მხრიდან აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ მარკუს რაშფორდის ძალიან კარგ ფორმაში ყოფნა. ინგლისელმა თავდამსხმელმა მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ გამართულ 15 თამაშიდან გოლი 12-ში გაიტანა. ლოგიკურია, რომ ჩავი ერნანდესი მთავარ საფრთხეს სწორედ მასში ხედავს და ესპანური მედიის ცნობით მწვრთნელი რაშფორდთან სათამაშოდ დაცვის ლიდერს, რონალდ არაუხოს გაამწესებს. ასეთი რამ ვინისიუსის წინააღმდეგ გვინახავს და წარმატებითაც, როდესაც ურუგვაელი მცველი მარჯვენა ფლანგს ითვისებდა ხოლმე, თუმცა ვინაიდან რაშფორდი გამოკვეთილად ფლანგის მოთამაშე არაა, მოსალოდნელია, რომ არაუხოს დაცვის ცენტრში ვიხილავთ.

“ბარსელონადან” რობერტ ლევანდოვსკი უნდა გამოვარჩიოთ, რომელმაც ბოლო დროს გოლების გატანას უკლო, მაგრამ მის აქტივში მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 27 თამაშში გატანილი 23 გოლი და გაკეთებული 6 საგოლე გადაცემაა, რაც ძალიან კარგი შედეგია.

ყოფილი მადრიდისტები

დღეს “ბარსელონას” წინააღმდეგ “რეალ მადრიდის” ორ ყოფილ ფეხბურთელს ვიხილავთ. საუბარი რაფაელ ვარანსა და კაზემიროზეა.

ფრანგ ცენტრალურ მცველს “ბლაუგრანას” წინააღმდეგ 20-ჯერ უთამაშია. მას 7 მოგება, 5 ფრე და 8 წაგება დაუგროვდა. ამ 20 მატჩში ვარანმა თავი 2 გოლით გამოიჩინა.

ბრაზილიელ ნახევარმცველს კი “ბარსას” წინააღმდეგ დადებითი ბალანსი აქვს – 19 თამაშში 9 მოგება, 4 ფრე და 6 მარცხი. მის ანგარიშზე 1 გატანილი გოლია.

სტატისტიკა

  • ამ გუნდებს შორის გამართული ბოლო 4 თამაში “ბარსელონამ” მოიგო, მათგან 3 მშრალად;
  • ამ გუნდებს შორის გამართულ ბოლო 4 თამაშში ანგარიშს “ბარსელონა” ხსნიდა;
  • ამ გუნდების ბოლო 10 დაპირისპირებიდან ცხრაში მსაჯები 4 ან ნაკლებ ბარათს აჩვენებდნენ;
  • “ბარსელონას” “მანჩესტერ იუნაიტედთან” საკუთარ კედლებში არასდროს წაუგია;
  • “ბარსელონას” 16-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს;
  • “ბარსელონამ” ბოლო 8 თამაში მოიგო;
  • “ბარსელონამ” ბოლო 7 თამაშში მხოლოდ 1 გოლი გაუშვა და ისიც საკუთარ კარში გაიტანა;
  • “ბარსელონა” ბოლო 12 თამაშში ანგარიშის გახსნას ახერხებდა;
  • “ბარსელონას” ბოლო 8 თამაშიდან ექვსში მსაჯები 4 ან ნაკლებ ბარათს აჩვენებდნენ;
  • “მანჩესტერ იუნაიტედს” 6-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს;
  • “მანჩესტერ იუნაიტედის” ბოლო 7 თამაშიდან ხუთში 3 ან მეტი გოლი გადიოდა;
  • “მანჩესტერ იუნაიტედი” ბოლო 8 თამაშიდან შვიდში ანგარიშის გახსნას ახერხებდა;
  • “მანჩესტერ იუნაიტედის” ბოლო 10 თამაშში მსაჯები 4 ან ნაკლებ ბარათს აჩვენებდნენ;
  • “მანჩესტერ იუნაიტედის” ბოლო 5 თამაშიდან ოთხში გუნდები 10 ან ნაკლებ კუთხურს აწვდიდნენ;
  • ტოტალიზატორები “ბარსელონას” მოგებას კოეფიციენტს 1.75 ანიჭებენ, რაც მოგების 57%-იან შანსს უდრის, “ბარსა” კი ასეთი თამაშების 53%-ს იგებს.

ჩავი მატჩის წინ

რთულ თამაშს ველი. ეს ერთ-ერთი საუკეთესო დაპირისპირებაა, რომელშიც შეიძლება ითამაშო. მეტოქე ძლიერია და ვიცით, რა გვჭირდება მოსაგებად.

ჩავის კომენტარი სრულად

სავარაუდო შემადგენლობები

UEFA

ბარსელონა: ტერ შტეგენი, კუნდე, არაუხო, კრისტენსენი, ალბა, კესიე, დე იონგი, პედრი, რაფინია, ლევანდოვსკი, გავი.

მანჩესტერ იუნაიტედი: დე ხეა, დალო, ვარანი, შოუ, მალასია, კაზემირო, ფრედი, ფერნანდეში, სანჩო, ვეგჰორსტი, რაშფორდი.

Sport

ბარსელონა (4-4-2): ტერ შტეგენი, კუნდე, არაუხო, კრისტენსენი, ბალდე, დე იონგი, პედრი, გავი, რაფინია, ლევანდოვსკი.

მანჩესტერ იუნაიტედი (4-2-3-1): დე ხეა, დალო, ვარანი, შოუ, მალასია, კაზემირო, ფრედი, სანჩო, ფერნანდეში, რაშფორდი, ვეგჰორსტი.

AS

ბარსელონა (4-2-3-1): ტერ შტეგენი, არაუხო, კუნდე, კრისტენსენი, ბალდე, დე იონგ, კესიე, რაფინია, პედრი, გავი, ლევანდოვსკი.

მანჩესტერ იუნაიტედი (4-3-3-): დე ხეა, დალო, ვარანი, შოუ, მალასია, კაზემირო, ფერნანდეში, ფრედი, რაშფორდი, ვეგჰორსტი, სანჩო.

პროგნოზი

  • WhoScored: 2-2
  • Sportsmole: 2-2
  • Sportskeeda: 2-1
  • Yahoo: 1-0

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი

კომენტარები (2)

  • barsamesia
    16 თებ 2023, 14:24

    სავარაუდო შემადგენლობაში (მეორე ვარიანტი) 10 კაცია ჩაწერილი, 1 გამოტოვებულია

  • nika 54
    16 თებ 2023, 13:02

    მძიმე თამაში იქნება, მგონია 2-0 მოვიგებთ.