22 წლის გავიმ სხვებზე უკეთ იცის, რას ნიშნავს მძიმე ტრავმის გადატანა. კარიერის განმავლობაში ესპანელ ნახევარმცველს ორჯერ მოუხდა მთელი სეზონის გამოტოვება და უმძიმესი განსაცდელის დაძლევა. ელ კლასიკოს წინ მიცემულ ინტერვიუებში (DAZN და Radio Montecarlo) მან მხარდამჭერი სიტყვები “პარი სენ-ჟერმენის” ქართველ გარემარბს, ხვიჩა კვარაცხელიას მიუძღვნა, რომელმაც სამშაბათს “ბარსელონასთან” მატჩში მარჯვენა მუხლის წინა ჯვარედინი იოგი გაიწყვიტა და სეზონი ნაადრევად დაასრულა.
DAZN-ის ეთერში გავიმ განაცხადა:
“კვარაცხელია, როგორც მოთამაშე, ძალიან მომწონს, ყოველთვის აღმაფრთოვანებდა. მას ამ მძიმე ტრავმის გამო მხარდაჭერას ვუცხადებ და ვამხნევებ. ეს მარტივი არ არის, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ის უფრო ძლიერი დაბრუნდება”.
ოქროს ბურთის ხუთეული და უპირობო ფავორიტი
“ოქროს ბურთის” მთავარ პრეტენდენტებზე საუბრისას, გავიმ საკუთარ თანაგუნდელს, ლამინ იამალს დაუჭირა მხარი, თუმცა ქართველი შემტევის გამორჩეული სეზონიც სათანადოდ დააფასა:
“ჩემი აზრით, ის ‘ოქროს ბურთის’ ხუთეულში აუცილებლად უნდა იყოს, რადგან შთამბეჭდავი სეზონი ჩაატარა და ძალიან გამიხარდება, თუ ნომინანტებს შორის მოხვდება. თუმცა იმედი მაქვს, რომ ჯილდოს ლამინ იამალი მოიგებს, რადგან ის საუკეთესოა”.
“უსმანი ჩემი ძმაა, ისევე როგორც ლამინი”
გავიმ “ბარსელონას” ყოფილ თანაგუნდელზე, უსმან დემბელეზეც ისაუბრა:
“უსმანი ჩემი ძმაა, მასთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს. მან ‘ოქროს ბურთი’ უკვე მოიგო და მის გამო ძალიან ბედნიერი ვიყავი, რადგან ამას ყოველთვის იმსახურებდა და მის შესაძლებლობებში ეჭვი არასდროს შემპარვია. მაგრამ იმედი მაქვს, წელს ჯილდოს ლამინი დაეუფლება, რომელსაც ასევე საკუთარ ძმად მივიჩნევ”.
ესე იგი გავი დემბელეს მეგობარია და ყოველთვის სჯეროდა რო ის ოქროს ბურთს იმსახურებდა? კარგია რო ყოფილ თანაგუნდელს პატივს სცემს, მაგრამ როდის ფიქრობდა ასე, როცა დემბელე რიგითი ტრამვის შემდეგ ლაზარეთში კოტრიალობდა?