სეზონის პირველი “ელ კლასიკო” ორივე გუნდისთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. “ბარსელონა” ლა ლიგაში ბრწყინვალედ ასპარეზობს და 9 ტურის შემდეგ ქულების მაქსიმუმით, 27 ქულით ლიდერობს. “რეალ მადრიდი” კი 21 ქულით მესამე პოზიციაზეა.
კატალონიური გუნდის გამარჯვების შემთხვევაში მადრიდელებთან უპირატესობა 9 ქულამდე გაიზრდება. სტუმრების მოგება სხვაობას 3 ქულამდე შეამცირებს და საჩემპიონო ბრძოლას ინტრიგას დაუბრუნებს.
ამ შეხვედრაში განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში მწვრთნელები იქნებიან. ჰანსი ფლიკისა და ჟოზე მოურინიოს დაპირისპირება “ელ კლასიკოს” ისტორიაში პირველად შედგება. პორტუგალიელი სპეციალისტი, რომელიც წარსულში “რეალ მადრიდს” უკვე წვრთნიდა, კატალონიაში ამჯერად კვლავ მადრიდული გუნდის მთავარი მწვრთნელის სტატუსით ბრუნდება.
შეხვედრას “სპოტიფაი კამპ ნოუ” უმასპინძლებს, სადაც გასულ სეზონში “ბარსელონამ” მეტოქე 2-0 დაამარცხა და ესპანეთის ჩემპიონობა გაინაღდა.
სათამაშო ფორმა
“ბარსელონა” ჩემპიონატში ჯერაც შეუჩერებელია. ფლიკის გუნდმა ლა ლიგის პირველი ცხრა მატჩიდან ცხრავე მოიგო, თუმცა ჩემპიონთა ლიგაზე პარიზში განცდილმა მარცხმა გარკვეული პრობლემები გამოაჩინა.
20 ოქტომბერს კატალონიელები “პარი სენ-ჟერმენთან” 2-4 დამარცხდნენ. ამ შეხვედრაში განსაკუთრებით თვალშისაცემი იყო დაცვის პრობლემები, რომლებიც ტრავმირებული ფეხბურთელების არყოფნამ კიდევ უფრო გაამწვავა. მიუხედავად ამისა, ლა ლიგაში გუნდს ქულაც არ დაუკარგავს და ლიდერის სტატუსით დამაჯერებლად სარგებლობს.
“რეალ მადრიდი” კი ბოლო პერიოდში შედეგების მხრივ შესანიშნავ ფორმაშია. მოურინიოს გუნდმა ოქტომბერში ოთხივე შეხვედრა მოიგო:
- ვილიარეალი – 1-0 (ლა ლიგა)
- რომა – 4-3 (ჩემპიონთა ლიგა)
- სევილია – 4-1 (ლა ლიგა)
- ლაიფციგი – 4-1 (ჩემპიონთა ლიგა)
განსაკუთრებით აღსანიშნავია მადრიდელთა შეტევა, რომელმაც ამ ოთხ მატჩში 13 გოლი გაიტანა. გუნდის საუკეთესო ბომბარდირი კილიან მბაპეა, რომელსაც მიმდინარე სეზონში უკვე 12 გოლი აქვს.
ამრიგად, “ბარსელონა” უკეთესი სატურნირო მდგომარეობითა და საშინაო უპირატესობით ხვდება მატჩს, ხოლო “რეალ მადრიდი” – ზედიზედ ოთხი გამარჯვებითა და გაცილებით უკეთესი ბოლო შედეგით ჩემპიონთა ლიგაზე.
დანაკლისი
ორივე გუნდი მნიშვნელოვან ფეხბურთელებს მოისაკლისებს, თუმცა რაოდენობრივად “ბარსელონას” მდგომარეობა უფრო რთულია.
კატალონიელებს ტრავმის გამო ხუთი ფეხბურთელი აკლიათ.
ჟიულ კუნდე “ბეტისთან” მატჩში მიღებული მარჯვენა კოჭის ტრავმის შემდეგ გამოჯანმრთელებას აგრძელებს. ფრანგის მონაწილეობასთან დაკავშირებით კითხვები არსებობდა, თუმცა ჰანსი ფლიკმა პრესკონფერენციაზე დაადასტურა, რომ კუნდე ვერ ითამაშებს.
ერიკ გარსიამ ასევე “ბეტისთან” შეხვედრაში ბარძაყის კუნთი დაიზიანა. მისი დაბრუნება დაახლოებით ორ-სამ კვირაშია მოსალოდნელი.
დანი ოლმომ “პარი სენ-ჟერმენთან” მატჩში მარცხენა საზარდულის ტრავმა მიიღო და დაახლოებით ერთი თვის გამოტოვება მოუწევს.
ანდრეას კრისტენსენი სექტემბერში მიღებული ბარძაყის კუნთის დაზიანების შემდეგ აღდგენით პროცესს ასრულებს, თუმცა დღევანდელი მატჩისთვის მზად არ არის.
რუნი ბარდჯიმ აგვისტოში მარჯვენა მუხლის წინა ჯვარედინი მყესი გაიწყვიტა. შვედი ფეხბურთელი მოედანზე 2027 წლამდე ვერ დაბრუნდება.
დანაკლისის მიუხედავად, ფლიკს რამდენიმე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი ხელმისაწვდომი ჰყავს. მათ შორის არიან ფრენკი დე იონგი და გავი. შეტევაში კი გუნდი ძირითადად ლამინ იამალის, რაფინიასა და ენტონი გორდონის იმედზე იქნება.
“რეალ მადრიდს” ოთხი ფეხბურთელი გამოაკლდება.
ყველაზე მნიშვნელოვანი დანაკლისი ვინისიუს ჟუნიორია. ბრაზილიელი “ვილიარეალთან” გაძევების გამო ოთხმატჩიან დისკვალიფიკაციას იხდის და დღეს მეორე შეხვედრას გამოტოვებს.
როდრიგო მარტში მიღებული მუხლის მძიმე ტრავმის შემდეგ რეაბილიტაციას გადის. მას წინა ჯვარედინი მყესი და გვერდითი მენისკი აქვს დაზიანებული.
რაულ ასენსიოს წვივის ძვლის სტრესული მოტეხილობა აქვს, რის გამოც სექტემბრის ბოლოს ოპერაცია ჩაუტარდა.
ფერლან მენდი მარჯვენა ბარძაყის კუნთის მყესის ტრავმას იშუშებს. ფრანგმა ვარჯიში უკვე განაახლა, თუმცა დღევანდელ შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებს.
ამრიგად, “ბარსელონას” ყველაზე მეტად დაცვის ხაზში უჭირს. კუნდესა და ერიკ გარსიას არყოფნა ფლიკს დაცვის გადაწყობას აიძულებს. მადრიდელებისთვის კი ყველაზე მტკივნეული ვინისიუსის დანაკლისია, რადგან ბრაზილიელის გარეშე გუნდს შეტევაში სისწრაფე და ინდივიდუალური ოსტატობა აკლდება.
ურთიერთშეხვედრები
“ბარსელონასა” და “რეალ მადრიდის” დაპირისპირების ისტორიაში თითქმის აბსოლუტური თანაფარდობაა.
ფართო ისტორიული სტატისტიკით, რომელიც 1902 წლის კორონაციის თასის შეხვედრასაც ითვალისწინებს, გუნდებს 264 მატჩი აქვთ ჩატარებული. თითოეულმა 106 შეხვედრა მოიგო, 52 კი ფრედ დასრულდა. კატალონიელებმა 441 გოლი გაიტანეს, მადრიდელებმა – 444.
აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი სტატისტიკური ბაზა 1902 წლის დაპირისპირებას ოფიციალურ შეხვედრებში არ ითვლის. ამ მეთოდით, გუნდებს 263 მატჩი აქვთ ჩატარებული: 105 “ბარსელონას” მოგებით, 106 “რეალ მადრიდის” გამარჯვებითა და 52 ფრით.
ლა ლიგაში მეტოქეები 192-ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს. აქ უპირატესობა მადრიდელებს აქვთ: 80 მოგება, 35 ფრე და 77 წაგება. კატალონიელებს ჩემპიონატში 312 გოლი აქვთ გატანილი, “რეალ მადრიდს” კი – 309.
ესპანეთის ჩემპიონატში, ბარსელონაში გამართული 96 დაპირისპირებიდან მასპინძლებმა 53 მოიგეს, 20 ფრედ დასრულდა, ხოლო 23-ჯერ გამარჯვება მადრიდელებს დარჩათ.
განსაკუთრებით შთამბეჭდავია ბოლო ორი წლის საერთო ტენდენცია. ჰანსი ფლიკის ხელმძღვანელობით “ბარსელონამ” შვიდი “ელ კლასიკოდან” ექვსი მოიგო და მხოლოდ ერთი წააგო. ამ პერიოდში კატალონიელებმა მეტოქე ესპანეთის თასისა და სუპერ თასის ფინალებშიც დაამარცხეს.
ბოლო დაპირისპირება 2026 წლის 10 მაისს გაიმართა. “ბარსელონამ” “სპოტიფაი კამპ ნოუზე” 2-0 მოიგო და ლა ლიგის ჩემპიონობა გაინაღდა. ამ გამარჯვებით საერთო ისტორიულ ურთიერთშეხვედრებში გამარჯვებების რაოდენობაც გაათანაბრა.
კიდევ ერთი საინტერესო გარემოება: დღეს მოგების შემთხვევაში “ბარსელონა” გამარჯვებების რაოდენობით “რეალ მადრიდს” პირველად გაასწრებს 2019 წლის შემდეგ.
მსაჯი
შეხვედრას 44 წლის ხუან მარტინეს მუნუერა განსჯის.
ლა ლიგაში 2014 წლიდან მუშაობს, საერთაშორისო კატეგორიის მსაჯია 2015 წლიდან. დღევანდელ შეხვედრაში VAR-ის მსაჯი ხავიერ იგლესიას ვილიანუევა იქნება.
მარტინეს მუნუერა ესპანეთის ჩემპიონატის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი არბიტრია. უმაღლეს დივიზიონში მას 244 შეხვედრა აქვს განსჯილი, სხვადასხვა ლიგის ჯამური სტატისტიკა კი 363 მატჩს მოიცავს.
ლა ლიგაში ჩატარებული 244 მატჩის მიხედვით, მისი საშუალო მაჩვენებლები ასეთია: 4.67ყვითელი და 0.18 წითელი ბარათი, მატჩი; 48.4% მასპინძლის მოგება, 28.3% სტუმრის მოგება. მატჩების დარჩენილი 23.4% ფრედ დასრულდა.
ესპანელს აქამდე ოთხი “ელ კლასიკო” აქვს განსჯილი. მათგან ერთი “ბარსელონამ” მოიგო, სამი კი “რეალ მადრიდმა”.
2020 წლის ოქტომბერში კატალონიელები საკუთარ მოედანზე 1-3 დამარცხდნენ. 2022 წლის მარტში “ბარსელონამ” “სანტიაგო ბერნაბეუზე” 4-0 მოიგო. 2023 წლის აპრილში ესპანეთის თასის ნახევარფინალში მადრიდელებმა “კამპ ნოუზე” 4-0 იმარჯვეს. ბოლო შემთხვევა 2024 წლის იანვარში ესპანეთის სუპერ თასის ფინალი იყო, რომელიც “რეალ მადრიდმა” 4-1 მოიგო.
მარტინეს მუნუერას მონაწილეობით “ბარსელონას” 40 შეხვედრა აქვს ჩატარებული: 27 მოგება, 6 ფრე და 7 წაგება.
“რეალ მადრიდის” შემთხვევაში რაოდენობა 46-მდე იზრდება: 30 მოგება, 9 ფრე და 7 წაგება.
ლა ლიგის მონაცემების მიხედვით, ამ არბიტრის მიერ განსჯილ მატჩებში “ბარსელონას” სასარგებლოდ საშუალოდ 0.28 თერთმეტმეტრიანი ინიშნება, საწინააღმდეგოდ კი 0.10. “რეალ მადრიდის” ანალოგიური მაჩვენებლებია 0.26 და 0.08.
ყოფილი ფეხბურთელი მეტოქის შემადგენლობაში
დღევანდელი მატჩი განსაკუთრებული იქნება მარკ კუკურელიასთვის.
“რეალ მადრიდის” ესპანელი მარცხენა მცველი “ბარსელონას” აღზრდილია. მან “ლა მასიასა” და “ბარსა ატლეტიკში” ითამაშა, ხოლო კატალონიური კლუბის პირველ გუნდში ოფიციალური დებიუტი 2017 წლის 24 ოქტომბერს, ესპანეთის თასზე “მურსიას” წინააღმდეგ ჰქონდა.
სიმბოლურია, რომ ამ დებიუტიდან ზუსტად ცხრა წლის შემდეგ კუკურელია ყოფილ გუნდს “რეალ მადრიდის” ფეხბურთელის სტატუსით უპირისპირდება.
მწვრთნელები მატჩის წინ
ჰანსი ფლიკი
გერმანელმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ გუნდი “პარი სენ-ჟერმენთან” დაშვებული შეცდომებიდან დასკვნებს გამოიტანს.
“ეს მხოლოდ სამი ქულა არ არის. ეს საუკეთესო შეხვედრაა, რომელსაც ფეხბურთი გვთავაზობს.”
ფლიკმა ყურადღება განსაკუთრებით დაცვაში თამაშზე გაამახვილა. მისი თქმით, პარიზულ მატჩთან შედარებით გუნდმა ეს კომპონენტი აუცილებლად უნდა გააუმჯობესოს.
გერმანელმა ასევე აღნიშნა, რომ “რეალ მადრიდი” სტანდარტული სიტუაციების შესრულებაში განსაკუთრებით ძლიერია. კუნდეს მდგომარეობაზე საუბრისას კი განაცხადა, რომ ფეხბურთელის ჯანმრთელობით არ გარისკავს.
მიუხედავად ჩემპიონთა ლიგაზე განცდილი მარცხისა, ფლიკი საკუთარი გუნდის შესაძლებლობებში დარწმუნებულია და მეტოქესთან შეხვედრას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს.
ჰანსი ფლიკის პრესკონფერენცია სრულად.
ჟოზე მოურინიო
პორტუგალიელმა სპეციალისტმა საკუთარი გუნდის კარგ ფორმაზე ისაუბრა, თუმცა აღნიშნა, რომ “ელ კლასიკოს” სპეციფიკა წინა შედეგებს ნაკლებ მნიშვნელობას ანიჭებს.
“კარგ ფორმაში ვართ, მაგრამ ასეთი შეხვედრები განსხვავებულია და იმას, რაც მანამდე გააკეთე, მნიშვნელობა არ აქვს.”
მოურინიოს თქმით, “ელ კლასიკოს” მსოფლიო მასშტაბი უნიკალურია და მისი გუნდის მიზანი კარგი თამაშის ჩვენებასთან ერთად გამარჯვების მოპოვებაა.
პორტუგალიელისთვის ბარსელონაში დაბრუნებას დამატებითი მნიშვნელობაც აქვს. ის “კამპ ნოუზე” მადრიდელთა მწვრთნელის სტატუსით პირველად ბრუნდება 2013 წლის შემდეგ.
მოურინიოს “რეალ მადრიდის” მწვრთნელობის პირველ პერიოდში 17 “ელ კლასიკო” აქვს ჩატარებული: 5 მოგება, 6 ფრე და 6 წაგება. ამჯერად მას ფლიკის წინააღმდეგ მოუწევს თამაში, რომელმაც წინა შვიდი “ელ კლასიკოდან” ექვსი მოიგო.
სავარაუდო შემადგენლობები
Mundo Deportivo
ბარსელონა (4-2-3-1): ჟოან გარსია – ჩავი ესპარტი, პაუ კუბარსი, ჟერარ მარტინი, ჟოაუ კანსელუ – როდრი, პედრი – ლამინ იამალი, ფერმინ ლოპესი, ენტონი გორდონი – რაფინია.
რეალ მადრიდი (4-2-3-1): კურტუა – ვალვერდე, კონატე, რუდიგერი, კუკურელია – ბერნარდუ სილვა, ჩუამენი – გიულერი, ბელინგემი, დიომანტე – მბაპე.
AS
ბარსელონა (4-2-3-1): ჟოან გარსია – ჩავი ესპარტი, პაუ კუბარსი, ჟერარ მარტინი, ჟოაუ კანსელუ – როდრი, პედრი – ლამინ იამალი, ფერმინ ლოპესი, ენტონი გორდონი – რაფინია.
რეალ მადრიდი (4-2-3-1): კურტუა – დუმფრისი, კონატე, ჰაუსენი, კუკურელია – გიულერი, ჩუამენი – ვალვერდე, ბელინგემი, დიომანდე – მბაპე.
Marca
ბარსელონა: ჟოან გარსია, ჩავი ესპარტი, კუბარსი, ჟერარ მარტინი, კანსელუ, როდრი, პედრი, ფერმინი, იამალი, რაფინია, გორდონი.
რეალ მადრიდი: კურტუა, ვალვერდე, კონატე, რუდიგერი, კუკურელია, კამავინგა, ჩუამენი, ბელინგემი, გიულერი, დიომანტე, მბაპე.
Sport
ბარსელონა: ჩოან გარსია, ჩავი ესპარტი, კუბარსი, ჟერარ მარინი, კანსელუ, როდრი, პედრი, ფერმინ ლოპესი, იამალი, რაფინია, გორდონი.
რეალ მადრიდი: კურტუა, დუმფრისი, რუდიგერი, ჰაუსენი, კარერასი, ჩუამენი, ვალვერდე, ბელინგემი, გიულერი, დიომანდე, მბაპე.
პროგნოზი
სხვადასხვა გამოცემისა და პროგნოზირების პლატფორმის ვარაუდები ასეთია:
- WhoScored: 3-1
- Sports Mole: 2-2
- TNT Sports: 3-1
- Sports Mole: 2-1
- Sportskeeda: 3-2
ვინისიუსის არ ყოფნა, რეალის დანაკარგი კი არა უპირატესობაა.