გაშვებული გოლების ანალიზი ნათლად აჩვენებს იმ თავდაცვით პრობლემებს, რომელთა წინაშეც “ბარსელონა” დგას. ჩატარებულ 12 ოფიციალურ შეხვედრაში ჰანსი ფლიკის გუნდმა 15 ბურთი მიიღო საკუთარ კარში: ლა ლიგაში – 9 გოლი (საშუალოდ 1 მატჩში), ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე – 6 გოლი (საშუალოდ 2 მატჩში). “რაიო ვალეკანომ”, “ლევანტემ”, “რასინგმა” და “რეალ ბეტისმა” კატალონიელებს 2-2 ბურთი გაუტანეს, “პარი სენ-ჟერმენმა” კი – 4. ეს არის პრობლემა, რომელიც გერმანელმა სპეციალისტმა კვირას გასამართ ელ კლასიკომდე აუცილებლად უნდა მოაგვაროს.
საიდან უტევენ კატალონიელებს: სტანდარტები და ინდივიდუალური შეცდომები
გაშვებული 15 გოლიდან “ბარსელონამ” სამი თავით მიიღო: ერთი “სევილიასთან” და ერთი “რეალ ბეტისთან” ფლანგური ჩაწოდებების შემდეგ, ერთი კი “პარი სენ-ჟერმენთან” კუთხურის გათამაშებას მოჰყვა.
სტანდარტული მდგომარეობები, განსაკუთრებით კი კუთხურები, გუნდის სუსტ წერტილად იქცა. ამ კომპონენტიდან გოლები “რაიო ვალეკანომ” და პსჟ-მ გაიტანეს, წინა ტურში კი “გალათასარაიმაც” შეძლო კუთხურიდან ბურთის შეგდება, თუმცა ის ეპიზოდი მსაჯმა გააუქმა.
გარდა ამისა, ფლიკმა ყურადღება კიდევ ორ მნიშვნელოვან დეტალს უნდა მიაქციოს:
- შორეული დარტყმები: პსჟ-სთან გაშვებული გოლებიდან ორი სწორედ საჯარიმოს გარედან განხორციელებულ დარტყმებს მოჰყვა.
- უხეში ინდივიდუალური შეცდომები: ორი ბურთი გუნდმა საკუთარი შეცდომით მიიღო – “ლევანტესთან” მეკარის მისამართით გაკეთებული სარისკო გადაცემის გამო, ხოლო “რასინგთან” – მეკარის, კერძოდ ვოიცეხ შჩესნის გაუმართლებელი დრიბლინგის შედეგად.
საკადრო კრიზისი: 10 განსხვავებული დაცვის ხაზი 12 შეხვედრაში
დაცვაში არსებული არასტაბილურობის ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი ლაზარეთია. 12 შეხვედრაში ფლიკს უკანა ხაზის გადახალისება 10-ჯერ მოუწია. პარიზში დაცვის ოთხეული ესპარტით, კუბარსით, ჟერარ მარტინითა და კანსელუთი დაკომპლექტდა.
ანდრეას კრისტენსენის, ჟოან გარსიას, ჟიულ კუნდესა და ერიკ გარსიას ტრავმებმა გუნდის საიმედოობაზე მძიმე გავლენა იქონია.
ფლიკის დასკვნები გასახდელში
პსჟ-სთან მარცხის შემდეგ სამწვრთნელო შტაბმა და ფეხბურთელებმა გასახდელში პირველადი ანალიზი უკვე გააკეთეს:
- გუნდმა ბურთით მეტი სიმშვიდით უნდა ითამაშოს.
- აუცილებელია მოთამაშეებს შორის დისტანციების მკაცრი კონტროლი, რათა ხაზებს შორის თავისუფალი სივრცეები არ წარმოიქმნას.
- საჭიროა მუდმივი ურთიერთდაზღვევა და დაცვაში პარტნიორების დახმარება.
- სარისკო ზონებში ბურთის დაკარგვა მინიმუმამდე უნდა შემცირდეს.
ფლიკის დაცვა ეგეთია დელაფუენტე არის ცოცხალი მაგალითი ბარსას დაცვას ზუსტად ისე ათამაშებდა როგორც ნაკრებში.ფლიკი მაგარია მაგრამ დაცვა და პრაგმატული ფეხბურთი არ იცის ეს ფაქტია✌🏻