კატალონიაში ადამიანის ხასიათის ორი მკაფიო არქეტიპი არსებობს: seny და rauxa.
ორივე კატალონიური სიტყვის სხვა ენაზე ზუსტად თარგმნა საკმაოდ რთულია. პირველი მათგანი (seny) აღნიშნავს სიბრძნეს, სულიერ წონასწორობას, საღ აზრსა და წინდახედულობას. მეორე (rauxa) კი უფრო მხიარულ, იმპულსურ, ვნებიან ხასიათს გამოხატავს – ადამიანს, რომელიც სპონტანურად, ზედმეტი ფიქრის გარეშე მოქმედებს.
კატალონიაში, განსაკუთრებით კი “ბარსელონას” გულშემატკივრებში, პირველი კატეგორიის ხალხი გაცილებით მეტია.
“Avui patirem” – დღეს ჩვენ ვიტანჯებით
ეს ფრაზა “სპოტიფაი კამპ ნოუზე” ხშირად ისმის, განსაკუთრებით კი ვეტერანი აბონემენტის მფლობელებისგან. “ბარსას” ძველი თაობის ფანებმა წლების განმავლობაში იმედგაცრუებებით ტანჯვა ისწავლეს – ათწლეულების მანძილზე იმ მეტოქის გვერდით ცხოვრებით, რომელსაც ქვეყანაში მონოპოლია ეპყრა: “რეალ მადრიდის”.
დინამიკა 1990-იან წლებში შეიცვალა და ლიონელ მესის ჯადოსნურ ეპოქაში სრულად გადატრიალდა, თუმცა ამ ძველი დამოკიდებულების ნარჩენები დღემდე ცოცხლობს, მიუხედავად იმისა, რომ “ბარსელონა” მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი გრანდია.
დღეს ყველაზე ხშირად გაგონილი ფრაზა ასეთია: “ვნახოთ, შევძლებთ თუ არა ამ ტემპის მთელი სეზონი შენარჩუნებას”. “ბარსელონაში” პესიმიზმი, საუკეთესო შემთხვევაში, უბრალოდ გადავადებულია ხოლმე.
შეიძლება გასაკვირი ჩანდეს, რომ ადგილობრივი გულშემატკივრების ამხელა ნაწილი ასეთ სიფრთხილეს ავლენს იმ დროს, როდესაც ჰანსი ფლიკის გუნდი ასე ბრწყინვალედ თამაშობს. სინამდვილეში ეს იმას ნიშნავს, რომ ხალხი ამ “ბარსელონათი” იმაზე მეტად აღფრთოვანებულია, ვიდრე ბოლო ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ყოფილა.
კრუიფი, გვარდიოლა და ფლიკის მესამე წელი
ისტორიაში ორი მთავარი ეტალონი არსებობს: იოჰან კრუიფის Dream Team (1988–1996) და პეპ გვარდიოლას “ბარსელონა” (2008–2012).
კრუიფის ხელში კლუბმა ზედიზედ ოთხჯერ მოიგო ლა ლიგა (1991-1994) და პირველი ჩემპიონთა თასი 1992 წელს. გვარდიოლას მეთაურობით “ბარსამ” ზედიზედ სამჯერ მოიგო შიდა ჩემპიონატი (2009-2011) და ორჯერ ჩემპიონთა ლიგა, მათ შორის სადებიუტო ევროპული ტრებლი 2008/09 წლებში (რომელიც 2015 წელსაც განმეორდა).
ფლიკმა 2024 წელს მოსვლის შემდეგ ზედიზედ ორი საჩემპიონო ტიტული უკვე მოიგო და გუნდი მესამე ტიტულის მთავარი ფავორიტია, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ მხოლოდ ოქტომბერია. კატალონიელებმა ლა ლიგის საწყისი შვიდივე შეხვედრა მოიგეს, 31 ბურთი გაიტანეს და მეორეადგილოსან “ატლეტიკოს” ხუთი ქულით უსწრებენ, მეოთხე ადგილზე მყოფ “რეალ მადრიდს” კი – ექვსით.
“მე პასუხისმგებლიანი ოპტისმისტი ვარ”, – აღნიშნა ცოტა ხნის წინ Cadena SER-ის რადიოეთერში ერთ-ერთმა სტუმარმა კითხვაზე, შეეძლოთ თუ არა გულშემატკივრებს ზეიმის დაწყება. ამ გუნდით არ აღფრთოვანება სამწვრთნელო შტაბისა და ფეხბურთელების უპატივცემულობა იქნებოდა, თუმცა ნამდვილი გამოცდები წინაა.
სეზონის ფანტასტიკური სტარტის შემდეგ ოქტომბრის მეორე ნახევარი ურთულესი იქნება: გასვლა ჩემპიონთა ლიგის მოქმედ გამარჯვებულ პსჟ-სთან (20 ოქტომბერი), საშინაო ელ კლასიკო “რეალ მადრიდთან” (25 ოქტომბერი), 8 ნოემბერს კი ვიზიტი “ატლეტიკოსთან”, რომელმაც გასულ სეზონში “ბარსა” კოპა დელ რეიდანაც გამოთიშა და ჩემპიონთა ლიგიდანაც.
თუ გუნდი ამ გამოცდებს ჩააბარებს, ის აუცილებლად დადგება იმ ორ ლეგენდარულ ეპოქასთან შედარების სიბრტყეზე. ყველაზე სკეპტიკოსი გულშემატკივრებიც კი აღიარებენ ამას: ოცნება დასაშვებია, მაგრამ სიფრთხილით.
გვარდიოლას ექო: უპირატესობის დემონსტრირება და ლა მასია
ეს არ არის გვარდიოლას “ბარსელონა”. საპირისპიროს თქმა აბსურდი იქნებოდა. თუმცა ამ გუნდში ბევრი რამ საოცრად ნაცნობია: იგივე დნმ, შიმშილი, დაუღალავი ტემპი და შეგრძნება, რომ მეტოქეზე უპირატესობა საკმარისი არ არის, თუ ეს ტაბლოზე მრავალჯერ არ აისახება.
პეპის გუნდი მხოლოდ მატჩებს არ იგებდა – ის თამაშის ისეთ სტილს ახვევდა თავს, რომელიც მეტოქეს აპატარავებდა. მათ წინააღმდეგ მოთამაშე ნებისმიერ გუნდს ეუფლებოდა დისკომფორტი, რომ ერთ შეტევას თუ გადაურჩებოდა, მეორე უკვე კარს იყო მომდგარი. რა თქმა უნდა, ნაადრევია იმის თქმა, რომ ამ “ბარსელონას” ზუსტად ისეთივე ისტორიული გავლენა ექნება, მაგრამ ნაცნობი ინგრედიენტები სახეზეა – უპირველესად კი ახალგაზრდებისადმი უსაზღვრო ნდობა.
ლამინ იამალი ყველაზე ნათელი მაგალითია, თუმცა არა ერთადერთი:
- პაუ კუბარსი დაცვის ხაზის შეუცვლელ ბურჯად იქცა;
- მარკ ბერნალს უდიდესი პასუხისმგებლობა დაეკისრა;
- ჩავი ესპარტი აკადემიიდან ამოზრდილი უახლესი ძვირფასი ქვაა;
- “ლა მასია” კვლავ გუნდის ხასიათის ხერხემალია – ეს ოთხივე ფეხბურთელი 2007 წლის ერთი ნაკადის წარმომადგენელია.
კიდევ ერთი პარალელი: ისტორიულად, როდესაც “ბარსელონა” ჩემპიონთა ლიგას იგებდა, ეს ყოველთვის ესპანეთში სრული დომინაციის ფონზე ხდებოდა – ყველა ევროპული თასი იმ სეზონებშია მოპოვებული, როდესაც გუნდი ლა ლიგასაც იგებდა. საშინაო არენაზე კი კატალონიელები უკვე ორი წელია დომინირებენ.
Rauxa-ს გამარჯვება Seny-ზე
გუნდები, რომლებმაც “ბარსელონაში” ეპოქა შექმნეს, თავიანთ წინდახედულობასა და შიშს (seny) ამარცხებდნენ და ვნებასა და სითამამეს (rauxa) ათავისუფლებდნენ. ფლიკის გუნდში ეს უკანასკნელი ჭარბადაა.
ეს არის გუნდი, რომელიც ყოველგვარი მორიდების გარეშე ამბობს, რომ ჩემპიონთა ლიგის მოგება სურს და ეს მისი ერთადერთი ამოცანაა. მათ წინ მიუძღვის ლამინ იამალი – მოთამაშე, რომელიც თავს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელს უწოდებს და ღიად ამბობდა, რომ ესპანეთთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატს მოიგებდა.
თავისი პირველი სეზონის მიწურულს, 2025 წლის აპრილში “რეალ მადრიდთან” მოგებული თასის ნახევარფინალის შემდეგ, ფლიკმა თქვა: “ჩემს ბარსელონაში ოცნება ნებადართულია”.
აღფრთოვანებამ, რომელიც შიდა ტრებლით დაიწყო, მიმდინარე სეზონში ახალ პიკს მიაღწია – ფლიკის მესამე წელი პირველი ორი სეზონის საუკეთესო თვისებებს აერთიანებს. მათი თამაშის ყურება საუკეთესო წამალია ფესვგადგმული სტოიციზმისთვის. გულშემატკივრები ნელ-ნელა წყვეტენ იმაზე ნერვიულობას, თუ რამდენად მოუწევთ ტანჯვა – და ეს უკვე უდიდესი მიღწევაა.
სტატიის ორიგინალი გამოქვეყნდა The Athletic-ზე. ავტორი: ლაია სერველიო ერერო
forum კომენტარები (0)