ქალთა “ელ კლასიკოს” დროა – “ბარსა” დღეს “სპოტიფაი კამპ ნოუზე” “რეალ მადრიდს” უმასპინძლებს. შეხვედრა თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.
“ბარსა” მატჩს იდეალური შედეგით ხვდება – პერე რომეუს გუნდმა მიმდინარე სეზონში ჩატარებული შვიდივე ოფიციალური შეხვედრა მოიგო: ხუთი ჩემპიონატში და ორი ჩემპიონთა ლიგაზე.
“რეალ მადრიდს” ესპანეთის ჩემპიონატში 13 ქულა აქვს, ჩემპიონთა ლიგაზე კი ორივე მატჩი ფრედ დაასრულა.
“განსხვავებული და საინტერესო კლასიკო იქნება”
შაბათს გამართულ წინასამატჩო პრესკონფერენციაზე პერე რომეუმ მოახლოებულ შეხვედრაზე ისაუბრა.
“ჩემპიონთა ლიგაზე ‘რომასთან’ ბოლო მატჩი (6-0 მოგება სტუმრად) ერთ-ერთი საუკეთესო იყო მათ შორის, რომლებიც მწვრთნელის რანგში ჩამიტარებია. საქმე მხოლოდ დამაჯერებელ გამარჯვებას არ ეხებოდა, ძალიან კარგად ვითამაშეთ. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო იმის გათვალისწინებით, თუ რისი გავლა მოგვიწია სექტემბერში.
გარდა ამისა, გუნდის განვითარება აშკარაა და ვფიქრობ, ამის აღნიშვნაც საჭიროა. განსხვავებული და საინტერესო კლასიკო იქნება, როგორც ყოველთვის. გამარჯვებისთვის ჩვენი საუკეთესო ვერსია უნდა ვაჩვენოთ”.
რეალ მადრიდი ბურთის კონტროლზე მეტად ორიენტირებულია
“ბარსას” მწვრთნელმა მეტოქის მიმდინარე სეზონის სტილიც შეაფასა.
“ეს გასული სეზონისგან განსხვავებული “რეალ მადრიდია”. გასულ სეზონში ისინი ბევრად უფრო პირდაპირ თამაშობდნენ და მოედანზე მეტი შემტევი ჰყავდათ. ახლა ნახევარდაცვის ისეთი სტრუქტურა აქვთ, რომელიც ბურთის შენარჩუნებასა და კონტროლზე მეტად არის ორიენტირებული.
ამის გამო მათი შეტევებიც უფრო ხანგრძლივია. გუნდში ახალი ფეხბურთელები არიან და სათამაშო სტილიც გარკვეულწილად შეიცვალა.”
რომეუმ ასევე დაასახელა ის ფაქტორები, რომლებიც კლასიკოში გადამწყვეტი შეიძლება აღმოჩნდეს.
“ბურთი რაც შეიძლება დიდხანს უნდა შევინარჩუნოთ, დაკარგვის შემდეგ ინტენსიურად დავაპრესინგოთ და “რეალ მადრიდის” სწრაფი შეტევების რაოდენობა შევამციროთ.
ვიცით, რომ მათ სხვა ძლიერი მხარეებიც აქვთ, მაგრამ ერთ-ერთი მთავარი სწრაფი თამაში და კონტრშეტევებია. თუ ამას კარგად გავუმკლავდებით, დარწმუნებული ვარ, მატჩის მოგება შეგვიძლია.
რომში ჩატარებული შეხვედრის მსგავსი ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ – ბურთის ფლობა, მინიმალური დანაკარგი და თამაშის ტემპის კონტროლი. არ უნდა დავუშვათ, რომ მატჩი კალათბურთს დაემსგავსოს, განსაკუთრებით ისეთი გუნდის წინააღმდეგ, როგორიც “რეალ მადრიდია”.
განაცხადში 20 ფეხბურთელია
პერე რომეუმ კლასიკოსთვის 20 ფეხბურთელი გამოიძახა:
ჯემა, პარედესი, ვან ასტენი, სიდნი, კეროლინი, მარტა, პინა, გრეჰემი, პატრი, კატა კოლი, აიტანა, ს. სერაჟორდი, პაიორი, კარლა ჟულია, ბრიუგტსი, აიშა, მარტინა, მაკკეიმი, როსალია და მაისა.
პირველი კლასიკოდან ზუსტად 6 წელი გავიდა
დღეს ზუსტად ექვსი წელი გავიდა ქალთა ფეხბურთში პირველი კლასიკოდან, რომელიც “ვალდებებასზე” გაიმართა. მაშინ “ბარსამ” მეტოქე 4-0 დაამარცხა, ხოლო კლასიკოს ისტორიაში პირველი გოლი პატრი გიხარომ გაიტანა.
“ბარსამ” ორ გუნდს შორის ჩატარებული 25 შეხვედრიდან 24 მოიგო.
ამ მატჩებს შორის იყო 2022 წლის 22 აპრილის ისტორიული კლასიკოც, რომელსაც “სპოტიფაი კამპ ნოუზე” 91 648 მაყურებელი დაესწრო.
forum კომენტარები (0)