ოთხშაბათს “სპოტიფაი კამპ ნოუზე” გოლები ერთმანეთის მიყოლებით გადიოდა. “ბარსელონამ” სანტანდერის “რასინგი” 7-2 გაანადგურა, ლა ლიგის ერთპიროვნულ ლიდერად დარჩა და კლუბის ისტორიაში პირველად, სეზონის სტარტზე ყველა ტურნირზე ზედიზედ შვიდი გამარჯვება მოიპოვა.
“რასინგთან” მატჩმა არაერთი გამორჩეული სტატისტიკური მაჩვენებელი გააჩინა, ეს 7-2 გამარჯვება კი ისტორიის ფურცლებზე ოქროს ასოებით შევიდა.
28 გოლი ლა ლიგის საწყის ექვს ტურში
გუნდს ლა ლიგაში 18 ქულა აქვს, თუმცა განსაკუთრებულ ყურადღებას ის იპყრობს, თუ როგორ მიაღწია ამას: კატალონიელებმა არც მეტი, არც ნაკლები, 28 გოლი გაიტანეს, რაც მატჩში საშუალოდ 4.6 გოლს შეადგენს. ეს არის საუკეთესო შედეგი საწყის ექვს ტურში 1940/41 წლების სეზონის შემდეგ, როდესაც “სევილიამ” 32 გოლი შეაგდო (თუმცა მაშინ ექვსიდან მხოლოდ ოთხი თამაში მოიგო). რაც შეეხება უშუალოდ “ბარსელონას”, გუნდმა კლუბის ყველა დროის რეკორდი დაამხო, რაც 2011/12 და 1950/51 წლების სეზონებში დაფიქსირებულ 23 ბურთს შეადგენდა.
დინამიკური დუეტი
ამ 28 გოლიდან 16 რაფინიას (9) და ლამინ იამალის (7) ანგარიშზეა. საწყის ექვს ტურში ორ ფეხბურთელს ერთად 16 ბურთი სწორედ ზემოხსენებული 1940/41 წლების სეზონის შემდეგ არ გაუტანია – მაშინ ეს ერთდროულად ორმა წყვილმა გააკეთა: “სევილიადან” კამპანალმა და ტორონტეგიმ, ხოლო მადრიდის “ატლეტიკოდან” პრუდენმა და კამპოსმა. ამ მიღწევიდან 86 სეზონი გავიდა.
რაფინია – დაუოკებელი ბომბარდირი
ბრაზილიელის ანგარიშზე ყველა ტურნირზე უკვე 11 გოლია, თუ ჩემპიონთა ლიგაზე როტერდამის “ფეიენორდის” კარში გატანილ ორ ბურთსაც ჩავთვლით. 11 გოლი შვიდ შეხვედრაში – “ბარსელონას” ფეხბურთელისთვის ეს საუკეთესო შედეგია 1943/44 წლების სეზონში მარიანო მარტინის მიღწევის შემდეგ (რომელმაც 12 ბურთი შეაგდო).
ლამინ იამალის პირადი რეკორდი
მილოცვას იმსახურებს ლამინ იამალიც, რომელიც მთელი მატჩის განმავლობაში დაუღალავად ნადირობდა თავის შანსზე, სანამ შეხვედრის მიწურულს მიზანს არ მიაღწია. 19 წლის შემტევმა ლა ლიგის ზედიზედ ოთხ შეხვედრაში გაიტანა, რაც მის კარიერაში პირადი რეკორდია.
დიდი გამარჯვება დიდი გამარჯვების შემდეგ
მიმდინარე სეზონში ჩატარებული შვიდი მატჩიდან ხუთში “ბარსელონამ” ხუთი ან მეტი გოლი გაიტანა. ეს ესპანური ფეხბურთის ისტორიაში პირველი პრეცედენტია. მინიმუმ ხუთი ბურთის გაშვებას მხოლოდ ბილბაოს “ატლეტიკი” (2-0) და “ლევანტე” (4-2) გადაურჩნენ.
სწრაფი გოლები და მატჩის სადავეები
2026/27 წლების სეზონის “ბარსელონას” ერთ-ერთი მთავარი ნიშან-თვისება მატჩების დასაწყისშივე სწრაფი გოლების გატანაა. გუნდმა მე-10 წუთამდე უკვე ზედიზედ მეოთხე მატჩში გაიტანა. სტადიონზე დაგვიანება ნამდვილად არ ღირს.
ბოლო 7-2 სულ რაღაც 182 დღის წინ დაფიქსირდა
ფეხბურთში 7-2 საკმაოდ იშვიათი ანგარიშია, თუმცა “ბარსას” შემთხვევაში შორს წასვლა არ გვიწევს: კატალონიელებმა ზუსტად ამ ანგარიშით 18 მარტს, ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის საპასუხო შეხვედრაში “ნიუკასლ იუნაიტედი” დაამარცხეს. რაც შეეხება ლა ლიგას, შიდა ჩემპიონატში მსგავსი შედეგის სანახავად 1993 წლის თებერვალში დაბრუნებაა საჭირო, როდესაც იოჰან კრუიფის “ბარსამ” ხიხონის “სპორტინგს” გადაუარა.
forum კომენტარები (0)