ჰამზა აბდელკარიმი “ბარსელონას” აწმყოცაა და მომავალიც. ბრწყინვალე წინასასეზონო შეკრების (სადაც 4 გოლი გაიტანა) და პირველ გუნდში სადებიუტო მატჩის ჩატარების შემდეგ, ეგვიპტელმა თავდამსხმელმა პარასკევს კლუბთან კონტრაქტი 2030 წლამდე გაახანგრძლივა. რამდენიმე დღის შემდეგ კი ხელშეკრულების გაფორმების ოფიციალური ცერემონია “სპოტიფაი კამპ ნოუს” სათავო ოფისში შედგა – მის ახალ სახლში.
ოცნება და უდიდესი ამბიცია
“ეს ნამდვილი ოცნებაა. ჩემი მიზანი ყოველთვის პირველ გუნდში მოხვედრა იყო. მესმის, რომ სათამაშო დრო მწვრთნელზეა დამოკიდებული, თუმცა ზუსტად ვიცი, რა უნდა გავაკეთო მუდმივ მზადყოფნაში ყოფნისთვის: უნდა დაინახო, რაზე შეგიძლია მუშაობა და რა გაქვს გასაუმჯობესებელი. ჩვენ ყოველდღიურად სწორედ ამას ვაკეთებთ. ვიცი, რომ კიდევ ბევრი მაქვს მოსამატებელი.”
ახალგაზრდა შემტევი თავის პასუხისმგებლობასაც კარგად აცნობიერებს:
“ყველამ იცის, რომ ფორვარდებს გუნდის დასახმარებლად გოლების გატანა ევალებათ. ყოველდღე ვიშრომებ, რათა თითოეული შანსი მაქსიმალურად გამოვიყენო. საქმეს სრულად ვუძღვნი თავს და ყოველდღე 100%-ს ვდებ.
განსაკუთრებით ვაფასებ იმას, თუ როგორ მიმიღეს პირველ გუნდში. მწვრთნელი და მთელი სამწვრთნელო შტაბი საოცარ მხარდაჭერას მიცხადებენ და ბევრი კომპონენტის დახვეწაში მეხმარებიან. გასახდელი პირველივე დღიდან გვერდში დამიდგა – ეს უფრო ოჯახია, ვიდრე უბრალოდ გუნდი.
გულშემატკივრების მხარდაჭერასა და ეგვიპტიდან წამოსულ დიდ მოლოდინს წნეხად არ აღვიქვამ – ეს ნდობაა. ვამაყობ ამით და ვალდებული ვარ ვიშრომო, რათა ამ ადამიანებს ჩემით სიამაყის საფუძველი მივცე.”
6-1 პსჟ-სთან: პირველი ბარსელონური მოგონება
პროგრესის უწყვეტობისთვის აბდელკარიმი არც “ბარსა ატლეტიკში” თამაშს გამორიცხავს, რათა საჭიროების შემთხვევაში სათამაშო პრაქტიკა მიიღოს და პირველ გუნდს ოპტიმალურ ფორმაში დაეხმაროს. მან კლუბთან დაკავშირებული პირველი ბავშვობისდროინდელი ემოციაც გაიხსენა:
“ჩემი პირველი მოგონება ‘პარი სენ-ჟერმენთან’ ისტორიული 6-1 შეხვედრაა. იმ მატჩს ჩემს ძმასთან ერთად ვუყურებდი და თვალებს არ ვუჯერებდით, თუ რა ხდებოდა. ახლა კი თავად ვარ აქ.”
პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ, აბდელკარიმმა კლუბის ოფიციალური YouTube-არხის პირდაპირ ეთერში გამომწერების შეკითხვებსაც უპასუხა. ეგვიპტელმა გაამხილა, რომ მისი ბავშვობის კერპი მოჰამედ სალაჰი იყო. შეკითხვაზე, რას ანიჭებს უპირატესობას – ბოლო წუთზე გამარჯვების გოლს თუ ჰეთ-თრიკს, მან უპასუხა:
“პირველი გარანტირებულ მოგებას გაძლევს, ჰეთ-თრიკი კი შეიძლება შეასრულო, მაგრამ გუნდმა მაინც ვერ მოიგოს.”
ჰამზა უკვე აქტიურად სწავლობს ესპანურ და კატალონიურ ენებს. გასახდელში მისი უახლოესი მეგობრები რუნი ბარდჯი და კარიმ ადეიემი არიან. ფორვარდი სრულად აწმყოზეა ორიენტირებული, რადგან მისი თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი “ხვალინდელი შეხვედრაა”. მომავალი კი თავისით მოვა – მომავალი, რომელიც დღეიდან 2030 წლამდე “ბარსელონასთანაა” დაკავშირებული.
ამ სირ რეალს რა ბედი აქ ჯერ ავტოგოლით იგებდა მერე 2:2 გახდა ანგარიში მეორე ტაიმში და ეს ესპი ახალი ხოსელუ ყავთ მგონი ეგ უფრო საშიშია ლიგაზე მასე მოიგეს 2 წლის წინ თასი… ეხლა ელით რთული მეტოქე და იმედია ვანდაზე ფრე მაინც იქნება ჩვენ კი სევილია გვყავს გასაგლეჯი
ძალიან მაინტერესებს ეს ბიჭი ძირითადში როგორ გაართმევს თავს, პრესეზონი და იქ გატანილი გოლები გასაგებია, ლა ლიგა კიდე სხვა დონეა და საინტერესო იქნება ამის პირველივე წუთებიდან ხილვა..იმედი მაქ კარგი ცხრიანი იქნება