“სიუტატ დე ვალენსიაზე” გამართული შეხვედრა “ბარსელონასთვის” მორიგ მშვიდ გასეირნებას ჰგავდა. სამბურთიანი უპირატესობის შემდეგ ჩანდა, რომ სამი ქულა ჯიბეში იდო, თუმცა “ლევანტეს” სხვა გეგმები ჰქონდა. შეხვედრის მიწურულს მასპინძელთა ორმა გოლმა მატჩი ნერვულ თრილერად აქცია, სანამ მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში კარიმ ადეიემიმ ულამაზესი ინდივიდუალური გოლით საბოლოო ანგარიში, 4-2 არ დააფიქსირა.
მორიგი სამი ქულა აქტივშია და ჰანსი ფლიკის გუნდი ლა ლიგის სატურნირო ცხრილის სათავეში ერთპიროვნულ ლიდერობას ინარჩუნებს.
ესპარტის სადებიუტო გოლი და ლამინ იამალის დუბლი
შეხვედრის საწყისი წუთების შემდეგ ასეთ დრამატულ ფინალს ვერავინ წარმოიდგენდა. “ბარსელონამ” ბურთზე კონტროლი თავიდანვე დაამყარა და ანგარიშის გასახსნელად მხოლოდ ხუთი წუთი დასჭირდა: ჩავი ესპარტმა საჯარიმოს მისადგომებთან ბურთი მიიღო, სივრცე გაითავისუფლა და დაბალი დარტყმით მეთიუ რაიანს შანსი არ დაუტოვა. ეს მარცხენა მცველისთვის “ბარსელონას” პირველ გუნდში გატანილი სადებიუტო ოფიციალური გოლი გახლდათ.
მე-19 წუთზე კატალონიელებმა უპირატესობა გააორმაგეს. პაუ კუბარსიმ მეტოქის პირველი ხაზი გამჭოლი პასით გაჭრა, რის შემდეგაც ფერმინ ლოპესმა შეტევა გააგრძელა და რაფინია მოძებნა. ბრაზილიელმა ბურთი საჯარიმოში შეიტანა და ჭკვიანური გადაცემით ლამინ იამალი მოამარაგა, რომელმაც უშეცდომოდ დაარტყა – 2-0. მიმდინარე სეზონში პირველად მოხდა, რომ რაფინიამ გოლი ვერ გაიტანა, თუმცა მოედანზე უდიდესი გავლენა მაინც იქონია – ეს მისთვის მატჩში უკვე მეორე საგოლე გადაცემა იყო.
მეორე ნახევრის დაწყებიდან სამ წუთში კი ანგარიში 3-0 გახდა. რაფინია სივრცეში გაიჭრა და პასი ლამინს გაუკეთა, რომელიც საჯარიმოში მანდიმ წესების დარღვევით შეაჩერა. პენალტი თავად ლამინ იამალმა შეასრულა, რაიანი საპირისპირო კუთხეში გაგზავნა და დუბლი გაიფორმა.
ლევანტეს ბრძოლა და ადეიემის ბრწყინვალე წერტილი
3-0-ზე თამაში თითქოს გადაწყვეტილი ჩანდა. რაფინიას კიდევ ერთი გოლის გატანამდე სულ ცოტა დააკლდა, ჰანსი ფლიკმა კი როტაციას მიმართა. თუმცა მასპინძლები არ დანებდნენ. თავდაპირველად ჟოან გარსიას ივან რომეროს დარტყმის შემდეგ გუნდის გადარჩენა მოუწია, მოგვიანებით კი ანდრეას კრისტენსენმა ბურთი კარის ხაზიდან გამოიტანა.
79-ე წუთზე ესპარტის შეცდომით სწორედ რომერომ ისარგებლა, მეკარეს გვერდი აუარა და ბურთი ცარიელ კარში შეაგორა (1-3). თავიდან ეს გოლი უბრალო ეპიზოდად ჩანდა, მაგრამ ნამდვილი დაძაბულობა 88-ე წუთზე დაიწყო, როდესაც ბრუგემ ასხლეტილ ბურთზე ყველას დაასწრო და სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა (2-3).
“ლევანტემ” სენსაციური დაბრუნების შანსი იგრძნო, თუმცა ბოლო სიტყვა კარიმ ადეიემიმ თქვა. გერმანელმა შემტევმა მოედნის ცენტრიდან სოლო-რეიდი წამოიწყო, მანდის ქუსლით ეფექტური მოძრაობით გასცდა და ბურთი მშვიდად შეაგდო მეტოქის კარში. ბრწყინვალე ინდივიდუალურმა გოლმა ინტრიგა საბოლოოდ მოკლა.
უნაკლო სტარტი გრძელდება: ისტორიული შანსი კამპ ნოუზე
ჰანსი ფლიკის გუნდმა 2026/27 წლების სეზონში ექვსიდან ექვსივე ოფიციალური მატჩი მოიგო და კლუბის ისტორიაში საუკეთესო 100%-იანი სტარტის რეკორდი გაიმეორა. ოთხშაბათს, “სპოტიფაი კამპ ნოუზე” სანტანდერის “რასინგის” დამარცხების შემთხვევაში, “ბარსელონა” ისტორიაში პირველად შეძლებს სეზონის საწყისი შვიდივე შეხვედრის მოგებას.
საღოლ ადეიემი