ჩემპიონთა ლიგის 2026/27 წლების სეზონის სასტარტო მატჩი როტერდამის “ფეიენორდის” წინააღმდეგ (5-1) “ბარსელონას” ორი საკვანძო ფეხბურთელისთვის განსაკუთრებული გამოდგა: ჟოან გარსიამ და პედრიმ კლუბის რიგებში შესაბამისად 50-ე და 250-ე მატჩი ჩაატარეს.
პედრის მეშვიდე სეზონი და 250 მატჩი
კანარელმა ნახევარმცველმა საიუბილეო შეხვედრა შესანიშნავად აღნიშნა და რაფინიას მესამე გოლის ეპიზოდში საგოლე გადაცემა მიითვალა. 63-ე წუთზე ის მოედანზე მარკ ბერნალმა შეცვალა.
პედრო გონსალეს ლოპესი “ბარსელონას” 2020 წლის ზაფხულში “ლას პალმასიდან” შეუერთდა. ეს კლუბში მისი უკვე მეშვიდე სეზონია. მისი 250 მატჩი ტურნირების მიხედვით ასე ნაწილდება:
- ლა ლიგა: 169 თამაში
- ჩემპიონთა ლიგა: 44 თამაში
- ესპანეთის თასი: 19 თამაში
- ესპანეთის სუპერ თასი: 11 თამაში
- ევროპა ლიგა: 7 თამაში
ამ შეხვედრებში პედრიმ 29 გოლი გაიტანა და ბლაუგრანასთან ერთად სამჯერ ლა ლიგა (2022/23, 2024/25 და 2025/26)ორჯერ ესპანეთის თასი (2020/21 და 2024/25) და სამჯერ ესპანეთის სუპერ თასი (2022/23, 2024/25 და 2025/26) მოიგო.
ჟოან გარსიას შესანიშნავი სტატისტიკა
რაც შეეხება ჟოან გარსიას, კატალონიელი კიპერი “ბარსელონას” 2025 წლის ზაფხულში “ესპანიოლიდან” შეუერთდა. ის მაშინვე იქცა გუნდის უდავო პირველ ნომრად და ჰანსი ფლიკის ტაქტიკური სისტემის ფუნდამენტურ ფიგურად. გარსია ასევე გახლდათ ესპანეთის იმ ნაკრების წევრი, რომელმაც 2026 წლის ზაფხულში მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო.
ჟოანმა “ბარსელონას” შემადგენლობაში ოთხ ტურნირზე იასპარეზა:
- ლა ლიგა: 34 თამაში
- ჩემპიონთა ლიგა: 10 თამაში
- ესპანეთის თასი: 4 თამაში
- ესპანეთის სუპერ თასი: 2 თამაში
განსაკუთრებით შთამბეჭდავია მისი საიმედოობის მაჩვენებელი: ჩატარებული 50 შეხვედრიდან 21 მატჩში მან კარი მშრალად შეინახა.
forum კომენტარები (0)