ვფიცავ, ჩემს ბაბუაზე უფრო გადარეული საფეხბურთო ფანი ქვეყანაზე არ არსებობდა.
ვიცი, ამას ესპანეთში ვინც კითხულობს, ყველა თვალებს აატრიალებს და იტყვის: „არა, არა, არა, აი ჩემი ბიძაა ყველაზე გიჟი“. მაგრამ გარწმუნებთ, ჩემი ბაბუის გაცნობის შანსი რომ გქონოდათ, ყველაფერს მიხვდებოდით.
ის კანარის კუნძულებზე ბარსას საუკეთესო პენიას, “ტასკა ფერნანდოს” (Tasca Fernando) ხელმძღვანელობდა. ეს იყო ძველებური ტაპას-რესტორანი ხის ჭერით, ხის სკამებით, ხის ბარით – მოკლედ, იქ ყველაფერი ხისგან იყო გაკეთებული. კედლებზე ჩვენი ოჯახის ფოტოები ეკიდა (ჩვენი ნამდვილი ოჯახისა და, რა თქმა უნდა, “ბარსელონას” ფეხბურთელების).
მაგიდებს შორის სირბილში გავიზარდე. ბებიაჩემი ჭკუიდან გადაჰყავდა ჩემსა და ჩემი ძმის მიერ გამართულ მსოფლიო ჩემპიონატის “ფინალებს”, როცა ამ დროს ის ხალხისთვის საჭმლის მიტანას ცდილობდა, ამიტომ ყოველთვის “VIP ოთახში” გვერეკებოდა. ეს იყო პატარა სარდაფი რესტორნის ქვეშ, სადაც ღვინოსა და ყუთებს ინახავდნენ. ბავშვობის დიდი ნაწილი იქ გავატარე – კედელს ბურთს ვურტყამდი. 7 წლის ვიყავი, როცა სამხრეთ აფრიკაში მსოფლიო ჩემპიონატი მოვიგეთ. ფეხბურთით შეპყრობისთვის იდეალური ასაკია, არა? სანამ თასმების შეკვრას ვისწავლიდი, ჩემი ოცნებები უკვე განსაზღვრული იყო:
- მოვიგო მსოფლიო ჩემპიონატი ესპანეთის ნაკრებთან ერთად;
- მოვიგო ჩემპიონთა ლიგა “ბარსელონასთან” ერთად.
მარტივია.
“კამპ ნოუზე” უფრო ახლოს საჰარასთან ვიყავით, მაგრამ სხვა კლუბის გულშემატკივრობა წარმოუდგენელი იყო. ამაზე ბაბუაჩემი ზრუნავდა. მის გვერდით “რეალ მადრიდი” რომ გეხსენებინათ, გეტყოდათ: “არა, ისე მოვკვდები, მაგ ქალაქში ფეხს არ ჩავდგამ”.
ეს ხუმრობა არ ყოფილა. ერთ შაბათ-კვირას ის თავის მეგობრებთან ერთად “კამპ ნოუზე” “ბარსელონას” თამაშის სანახავად წავიდა. უკან დაბრუნებისას მათ მადრიდში ხანმოკლე გადაჯდომა ჰქონდათ. როდესაც თვითმფრინავი დაჯდა, ყველამ აიღო ბარგი და ჩავიდა. ბაბუაჩემის გარდა. ის უბრალოდ იჯდა თავის სავარძელში და არ ინძრეოდა.
10 წუთის შემდეგ ბორტგამცილებელი მივიდა და ჰკითხა: “ბატონო, კარგად ხართ? ახლავე უნდა დატოვოთ თვითმფრინავი”.
მან უპასუხა: “არავითარ შემთხვევაში. კულესთვის ეს ცუდი ნიშანია. ტენერიფეში წამიყვანეთ”.
ქალი მის დარწმუნებას შეეცადა, მაგრამ ბაბუა ადგილიდან არ იძვროდა.
ბოლოს თქვა: “კარგი, ინვალიდის ეტლი რომ მომიტანოთ? მაშინ ხომ არ ჩაითვლება [რომ ფეხი დავადგი]?”
და რა მოხდა? მართლა ეტლით მიიყვანეს გასასვლელამდე (ყოველ შემთხვევაში, ოჯახური ისტორია ასე ამბობს).
ნამდვილი პერსონაჟი იყო. როცა ქალაქში “რეალ მადრიდი” ჩამოდიოდა, ის ყოველთვის ესწრებოდა “ტენერიფეს” მატჩებს, მხოლოდ იმისთვის, რომ მათ წინააღმდეგ ექომაგა. რა თქმა უნდა, ის სტადიონზე იყო 1992 წლის სეზონის ბოლო ტურშიც. “ბარსელონას” ყველა გულშემატკივარმა იცის, რა მოხდა ტენერიფეში 92-ში. მაშინ დაბადებულიც არ ვიყავი, მაგრამ მამაჩემისგან ეს ამბავი ასჯერ მაინც მაქვს მოსმენილი.
სეზონის ბოლო ტური იყო, “რეალ მადრიდს” ტიტულის მოსაგებად მხოლოდ “ტენერიფეს” დამარცხება სჭირდებოდა. “ბარსელონა” მეორე ადგილზე იყო. ბაბუაჩემი მატჩზე “ბარსელონას” ჰალსტუხითა და სრული ეკიპირებით წავიდა. პირველ ტაიმში “რეალ მადრიდი” 2-0 დაწინაურდა.
ეს მისი ცხოვრების ყველაზე უბედური დღე იყო.
სამეზობლოდან მისი რამდენიმე მეგობარი მადრიდისტა გახლდათ. ის ხედავდა, როგორ ხტუნავდნენ და ზეიმობდნენ ისინი სტადიონის მეორე მხარეს, “რეალ მადრიდის” სექტორში. იცოდა, რომ თამაშის შემდეგ “ტასკა ფერნანდოში” შემოიჭრებოდნენ და მათ დაცინვას ბოლო აღარ ექნებოდა.
და მერე სასწაული მოხდა.
2-1.
კარგი. Vamos.
2-2.
ღმერთო ჩემო. Vamos, vamos, vamos!!!
3-2 “ტენერიფეს” სასარგებლოდ!!!!
ჩემი ოჯახი ყვება, რომ საფინალო სასტვენისას ჩემი 60 წლის ბაბუა სავარძლიდან წამოხტა და მთელი სტადიონი გადაირბინა თავისი მეგობრების მოსაძებნად. მგონი, მას 30 წელი ასე არ ერბინა.
ეს მისი ცხოვრების ერთ-ერთი საუკეთესო დღე იყო.
ის ძალიან პატარა ასაკში გარდამეცვალა, ბევრად ადრე, ვიდრე დაინახავდა, ვინ გავხდი. მაგრამ ჩვენ დაგვრჩა ისტორიები. დაგვრჩა მისი “ბარსელონას” ჰალსტუხი და მისი რესტორანი. და ყველაზე მთავარი, რაც მან გადმოგვცა, ფეხბურთისადმი ვნებაა. როგორც ოჯახი, ჩვენ ამით ვცოცხლობთ და ვსუნთქავთ.
საინტერესოა, რადგან კანარის კუნძულებზე სხვა ყველაფერში ძალიან მშვიდები და დინჯები ვართ. კანარელ ფეხბურთელს მოედანზე განსაკუთრებული რიტმი აქვს: ჩვენ სიამოვნების მიღება და წნეხის უგულებელყოფა ვიცით, ვაკეთებთ იმას, რაც თავში მოგვივა. მგონია, სწორედ ამიტომ მოდის აქედან ამდენი კრეატიული მოთამაშე.
მახსოვს, მამაჩემს რესტორანში მთელი ღამის მუშაობის შემდეგ დილით ადრე ვარჯიშზე მივყავდი. გზად ბენზინგასამართ სადგურზე ყავის დასალევად გაჩერება ყოველთვის უწევდა.
მე მუდმივად ვპანიკობდი:
“მამა, დაგვაგვიანდება. დღეს ვერ გავჩერდებით”.
ის კი, თავისი კანარული სიმშვიდით, მპასუხობდა:
“დამშვიდდი, კარგ მოთამაშეებს ყოველთვის აგვიანდებათ”.
“რონალდინიო არ ვარ! მწვრთნელი გაბრაზდება”.
“ყველაფერი რიგზეა, მოდუნდი”.
ცხოვრებაზე შესანიშნავი ხედვა აქვს. ახალგაზრდობაში ძალიან კარგი მეკარე იყო, მაგრამ ბაბუაჩემი რომ გარდაიცვალა, ოცნებაზე უარის თქმა მოუწია, რათა რესტორანი ემართა. მამაჩემი და ბიძაჩემი ერთადერთი მიმტანები იყვნენ, სანამ ჩემი ძმა არ წამოიზარდა და ისიც არ დაიმატეს.
სინამდვილეში, ჩემთვის მუშაობა არასდროს დაუძალებიათ. ჩემში რაღაც განსაკუთრებული დაინახეს და სკოლის შემდეგ გარეთ გასვლისა და ფეხბურთის თამაშის ნებას ყოველთვის მაძლევდნენ.
ერთი დღის გარდა! ერთი ცნობილი დღის გარდა!
მგონი, 13 წლის ვიყავი. ქალაქში ფესტივალი იმართებოდა. ბიძაჩემი სტენდაპ-კომიკოსია: ჩემთვის ის პეპეა, მაგრამ მაყურებლისთვის დონ ხოსედ გარდაიქმნება. ერთ ხუმრობასაც ვერ გეტყვით, რადგან ეს წმინდა კანარული იუმორია და ჩვენი კუნძულიდან თუ არ ხართ, ვერ გაიგებთ. მოკლედ, ფესტივალზე შოუ უნდა ჩაეტარებინა, ამიტომ მამაჩემმა დასახმარებლად დამიძახა, რადგან რესტორანში დიდი ხალხმრავლობა იყო.
ვუთხარი: “კი, უპრობლემოდ. რა უნდა იყოს რთული? ფეხბურთელი ვარ”.
ჰოდა… ბურთით სირბილი და ბარის დახლთან დგომა სრულიად განსხვავებული რამ ყოფილა.
ღმერთო ჩემო.
დახლთან ვიდექი და სასმელებს ვასხამდი. ეს იყო ჩემი საქმე. მამაჩემი მორბოდა და შეკვეთებს მიყვიროდა:
“კარგი, 2 კოლა, ერთი ფანტა და 3 ლუდი მომეცი”.
2 კოლა, ერთი ფანტა…
სანამ ჭიქებში კოლას ყინულსა და საწრუპებს ჩავყრიდი, უკვე უკან მორბოდა:
“კარგი, 2 ჭიქა ღვინო, ერთი ფანტა და 3 კოლა მომეცი. სწრაფად”.
თავბრუ დამეხვა, ფეხები მეწვოდა.
ვკითხე: “მამა, შესვენება როდის იქნება?”
მითხრა: “შესვენება? რა შესვენება? ფეხბურთი ხომ არაა”.
დღის ბოლოს ყველაფერი მტკიოდა.
მამამ მკითხა: “აბა, როგორ მოგეწონა?”
ვუპასუხე: “სიმართლე გითხრა? შენ და პეპეს უდიდეს პატივს გცემთ. განადგურებული ვარ”.
მადლობა ღმერთს, ჩემი კარიერა “ტასკა ფერნანდოში” ერთ ღამეში დასრულდა. მთელი ენერგია ფეხბურთში ჩავდე. რამდენიმე თვის შემდეგ, ჩემს ადგილობრივ გუნდში ვთამაშობდი, როცა მამაჩემთან უფრო დიდი კლუბებიდან დაიწყო ზარები. ყველაფერი “დეპორტივოთი” დაიწყო, საბოლოოდ კი “რეალ მადრიდმა” დარეკა, რათა ეკითხათ, მინდოდა თუ არა მათ აკადემიაში სინჯებზე ჩასვლა. ჩემმა ოჯახმა არ იცოდა, რა ექნა, ჩვეულებრივი ადამიანები ვიყავით, აგენტებთან ურთიერთობის გამოცდილება არ გვქონდა. მახსოვს, რამდენიმე მეგობარი მეკითხებოდა: “რეალ მადრიდი”? მართლა აპირებ წასვლას? სიგიჟეა”.
მე ხომ მათთან ერთად პარკში ვთამაშობდი, გესმით? ეს რეალობას არ გავდა.
ვთქვი: “რა თქმა უნდა, უნდა ვცადო”.
სამეზობლოდან რამდენიმე ადამიანმა “ბარსელონაშიც” კი დარეკა, რათა გაეგოთ, აინტერესებდათ თუ არა ჩემი თავი. მაგრამ სიმართლე ისაა, რომ იმ დროს მათი რადარებიდან ძალიან შორს ვიყავი.
მახსოვს, ზოგი ხუმრობდა: “ბაბუაშენი ცოცხალი რომ ყოფილიყო… ღმერთო ჩემო”.
მამამ მადრიდში წამიყვანა. აკადემიაში რომ მივედი, სხვა ბავშვები რეზიდენციაში უკვე დაბინავებულიყვნენ და მთელი დილა გაკვეთილებს ესწრებოდნენ. მე სასტუმროში მთელი დღე მარტო ვიყავი, არაფერი მქონდა გასაკეთებელი და ვარჯიშამდე უბრალოდ ტელეფონს ვუყურებდი. ჩემი მენტალური მდგომარეობისთვის ეს კარგი არ ყოფილა.
ერთი კვირის შემდეგ სახლში გამომიშვეს. უბრალოდ ის ჩემი დღე არ იყო.
სიმართლე გითხრათ, ამან მიწაზე დამაბრუნა. სასიამოვნო არაა სახლში დაბრუნება, მეგობრების ნახვა, როცა ყველამ იცის, რომ არ გამოგივიდა. მაგრამ არასდროს დამავიწყდება, რომ ჩემს ქალაქში ყველა მხარში მედგა. ყველაზე კარგი კი ისაა, რომ იქ ყველა კომიკოსია და ამაზე ყველა ხუმრობდა:
“ნუ ნერვიულობ, ბაბუაშენი ამას არასდროს დაუშვებდა. ის იქ, ზემოთ ზის და უფროსს ელაპარაკება. სწორედ ღმერთმა მოავლინა თოვლი მადრიდში იმ დღეს!”
მაშინ ვერასდროს წარმოვიდგენდი, მაგრამ ყველაფერი გარკვეული მიზეზით მოხდა. ჯერ კიდევ ბავშვი ვიყავი, დრო მჭირდებოდა მოსამწიფებლად. საბოლოოდ, სახლთან უფრო ახლოს, “ლას პალმასის” აკადემიას შევუერთდი, თუმცა იქაც ცოტა გიჟური სიტუაცია იყო. 15 ან 16 წლის ვიყავი, ცხოვრებაში პირველად ვცხოვრობდი მარტო. მახსოვს, თანაგუნდელებთან ერთად სუპერმარკეტში მივდიოდი და იქიდან ყველაფერი გამოგვქონდა, ნორმალური საჭმლის გარდა. გვიმართლებდა, თუ სახლში დაბრუნებულებს ჩანთაში ქათმის ერთი უბრალო ფილე მაინც აღმოგვაჩნდებოდა.
მერე ტაფაზე მის შესაწვავად მივდიოდით (YouTube-ზე ვუყურებდით, როგორ კეთდებოდა).
“პედრი, ზეთი დაგვავიწყდა”.
“ზეთი?”
“ჰო, ზეთში უნდა შევწვათ! რესტორანში არ გაიზარდე???”
დედაჩემთან ვრეკავდი ხოლმე…
“დედა, ქათამი ზეთის გარეშე როგორ შევწვათ?”
მარილიც კი არ გვქონდა. სასაცილო იყო. მაგრამ ასე სწავლობ გაზრდას.
მხოლოდ ვარჯიშებზე დავდიოდით და FIFA-ს ვთამაშობდით. არასდროს დამავიწყდება, პირველ გუნდში რომ გადავედი და ჩემი პირველი FUT-ბარათი მივიღე. საერთო რეიტინგი 72 მქონდა და გამოყენებულ ფოტოზე ყველას ეცინებოდა – 10 წლის ბავშვს ვგავდი. მაგრამ ეს ჩემი ცხოვრების საუკეთესო დღე იყო.
მახსოვს, მეგობრები მეკითხებოდნენ: “ძმაო, FIFA-ს რომ თამაშობ, საკუთარ თავს იყენებ?”
ვპასუხობდი: “არა, ძალიან ცუდი ვარ! სკამზე ვზივარ. ბოლო ხუთი წუთი შემომყავს ხოლმე ჩემი თავი შეცვლაზე”.
“ლას პალმასში” ერთი წლის შემდეგ მამაჩემთან ზარები დაიწყო. დედაჩემი და მამაჩემი ამას მიმალავდნენ, სანამ იძულებულნი არ გახდნენ, ეთქვათ. ჩემს დაცვას ცდილობდნენ.
მახსოვს, ერთ დღეს მამამ დამირეკა და მითხრა: “რამდენიმე გუნდი ინტერესდება შენით. გადაწყვეტილება უნდა მიიღო, დარჩენა გინდა თუ წასვლა”.
ვუთხარი: “კარგი… მითხარი გუნდები”.
“მოკლედ გითხრა? მგონი, ამ ერთ სახელს რომ გეტყვი, დანარჩენის მოსმენა აღარ მოგინდება”.
“მითხარი”.
“ბარსა”.
“რა?”
“ბარსა. მართლა”.
“კარგი, მორჩა. წავედით”.
რა თქმა უნდა, მთელი ჩემი ოჯახისთვის ეს იყო ცრემლები და ცრემლები. პირველ რიგში ჩემს სამ საუკეთესო მეგობარს ვუთხარი: ფრანს, რუბენსა და დანის. მათ ზუსტად ისეთი რეაქცია ჰქონდათ, როგორც მხოლოდ კანარელებს შეუძლიათ.
დანი მეუბნებოდა: “ვერ გავიგე, ‘ბარსელონა’ როგორ გირეკავს? ასეთი კარგიც არ ხარ. ყოველდღე შენთან ერთად ვთამაშობ! კარგი ხარ, მაგრამ მოდი რა! ბუსკეტსთან ერთად უნდა ითამაშო??? ალბათ სათადარიგო იქნები? სიგიჟეა, ძმაო”.
“არ ვიცი. იქნებ უკან გამომიშვან იჯარით”.
მახსოვს, ბარსელონაში ჩემს ძმასთან ერთად გავფრინდი. ვარჯიშზე ტაქსით მოგვიწია წასვლა, რადგან მართვის მოწმობა არცერთს არ გვქონდა. კოვიდის პერიოდი იყო, ამიტომ უკვე ჩაცმული უნდა გამოცხადებულიყავი. ჰოდა, ჩვეულებრივი ტაქსის უკანა სავარძელზე “ბარსელონას” სრული სავარჯიშო ფორმით ვზივარ და ჟოან გამპერის ბაზისკენ მივდივარ.
გადმოვედით და დაცვის ჯიხურთან მივედი: “გამარჯობა, მე პედრი ვარ. ვარჯიშზე მოვედი”.
დაცვამ ხელით მანიშნა და გამატარა, მე კი წარმოდგენა არ მქონდა, საით წავსულიყავი. ფეხბურთელების ზონის კარი რომ გავაღე, გამოიცანით, ვინ იყო პირველი ადამიანი, ვინც დავინახე? პირდაპირი მნიშვნელობით, პირველი ადამიანი.
ლეო.
ის ჩემ წინ იდგა, მართლა.
ენა ჩამივარდა. ვეცადე, თავი გამეცნო. არც კი მახსოვს, რა ვთქვი.
მან უბრალოდ გაიღიმა, მითხრა, დავმშვიდებულიყავი და გასახდელში შევსულიყავი.
სასაცილოა, რადგან გუნდში ტრინკაუსთან ერთად მივედი. პირველი რამდენიმე დღე ვარჯიშის შემდეგ დარბაზში ვრჩებოდით, რადგან ამ ლეგენდებთან – ბუსკეტსთან, პიკესთან, ჟორდისთან, ლეოსთან ერთად გასახდელში შესვლის გვრცხვენოდა. უბრალოდ ვიდექით და თავს ვაჩვენებდით, თითქოს გაწელვებს უსასრულოდ ვაკეთებდით. ასეთი მოქნილი ცხოვრებაში არ ვყოფილვარ. პრესს ვაკეთებდით, თასმებს თავიდან ვიკრავდით, ვისხედით და იმ დღის ვარჯიშზე ვსაუბრობდით – გაოგნებულები ვიყავით იმით, რომ იქ ყოფნის უფლება მოგვეცა.
“კაცო, ბუსი ბურთს საერთოდ არ კარგავს. სიგიჟეა”.
ბოლოს ერთ დღეს ლეომ ჩაიარა და, როგორც ჩანს, მიხვდა, რაც ხდებოდა.
გვითხრა: “ჰეი, აქ რას აკეთებთ? შემოდით და ჩვენთან ერთად დაისვენეთ”.
ლეომ გასახდელში შეგვიყვანა და გვაჩვენა, სად უნდა დავმსხდარიყავით. ორი პატარა ლეკვივით ვიყავით:
“აქ? აქ შემიძლია დავჯდე?”
მისი ამ საქციელისთვის მუდამ მადლიერი ვიქნები. ლეომ და ჟორდიმ ყინული გაალღვეს და თავი კომფორტულად მაგრძნობინეს. მაგრამ ჯერ კიდევ არ ვიცოდი, დამტოვებდნენ თუ უკან, იჯარით გამიშვებდნენ. სიმართლე გითხრათ, ვარჯიშზე თავს ისე ვგრძნობდი, როგორც საკუთარ სახლში. ბურთის ფლობის სავარჯიშოებში ბურთი ელვის სისწრაფით მოძრაობდა. მაგრამ საქმე ისაა, რომ როდესაც გენიოსებთან ერთად თამაშობ, ბურთი ყოველთვის ზუსტად ფეხზე მოგდის, იდეალური ტემპით. ისინი ყველაფერს ამარტივებენ.
ვგრძნობდი, რომ ძალიან კარგად ვთამაშობდი, მაგრამ ეს ხომ “ბარსელონაა”. შემადგენლობას უყურებ და ფიქრობ: “ნუთუ მართლა შემიძლია მათთან ერთად თამაში?”
მერე ერთ დღეს კუმანმა თავის კაბინეტში დამიძახა. მითხრა, რომ ვრჩებოდი და შემეძლო როგორც ფლანგზე, ისე ნახევარდაცვაში მეთამაშა. ვეცადე, თავშეკავებული და პროფესიონალი ვყოფილიყავი. ხელი ჩამოვართვი და მახსოვს, კაბინეტიდან სახეზე უდიდესი ღიმილით გამოვედი.
ჩემს ბინაში დავბრუნდი, მშობლებს დავურეკე და გულიანად ვიტირეთ.
ჩვენთვის ეს უბრალოდ დიდი კლუბი არაა. ეს “ბარსელონაა”. ეს ჩვენი ოჯახის სისხლშია.
მამამ ის დაპირება გამახსენა, ბავშვობაში რომ მივეცი. საქმე ისაა, რომ ყოველთვის ცოტა გონებაგაფანტული ვიყავი. ვარჯიშზე რომ მივდიოდით, ბუცი, ფეხის დამცავი ან რაღაც ნივთი სახლში ყოველთვის მრჩებოდა. გონებით უკვე თამაშში ვიყავი. ზოგჯერ რაღაცის წამოსაღებად სახლში მთელი გზის უკან გავლა უწევდა. ამიტომ ხუმრობდა ხოლმე: “ფეხბურთელი უნდა გახდე, რომ შენი პირადი ასისტენტი ვიყო. უკან გამოგყვები და შევამოწმებ, გეცმევა თუ არა გეტრები. მერე მაგიდების მომსახურება აღარ მომიწევს და მსოფლიოს გარშემო ერთად ვიფრენთ”.
ეს იყო ჩვენი შეთანხმება.
როცა გავიგე, რომ ვრჩებოდი, ვუთხარი: “მამა, მოგიწევს დარწმუნდე, რომ ‘ბარსელონას’ გეტრები არ დამავიწყდეს, ხომ? ჩემპიონთა ლიგაზე ვერ დავივიწყებთ”.
ჩვენთვის მას შემდეგ ყოველი დღე დაუჯერებელია.
როცა პატარა ბიჭი ვიყავი, წარმოვიდგენდი ხოლმე, როგორ გამქონდა გოლი “კამპ ნოუზე”. ახლა ამას რეალურ ცხოვრებაში ვაკეთებ.
იცით, რა არის მაგარი? როცა ბავშვი ხარ, გონებაში ქმნი სურათს, თუ როგორი იქნება ეს – ხალხის კედელი, რომელიც ზემოთ, ცისკენ ადის. წარმოდგენაში ამ ხალხს რეალური სახე არ აქვს, გესმით? უბრალოდ დაბინდული ლაქასავითაა. მაგრამ რეალურ ცხოვრებაში, როცა გოლს გაიტან და კუთხურის ალმისკენ გარბიხარ, შეგიძლია ტრიბუნებს შეხედო და კულეების ემოციები დაინახო – ნამდვილი ადამიანების, რომლებიც ხტუნავენ, ზეიმობენ და ხედავ, რამდენს ნიშნავს ეს მათთვის.
ისეთი შეგრძნებაა, თითქოს ჩემი საკუთარი ოჯახი მიყურებს უკან – ის “გადარეულები”.
კოვიდის შემდეგ, როცა გულშემატკივარი ტრიბუნებს დაუბრუნდა, პირველად რომ გავიტანე, არ ვიცოდი, ხელებით რა გამეკეთებინა. “ლას პალმასში” ყოფნისას ჩემი ოჯახი ყოველთვის დამცინოდა, რადგან გოლის გატანისას ენას ვყოფდი. ვერც კი ვხვდებოდი, ამას ისე ვაკეთებდი, გაუცნობიერებლად. ამიტომ გავიფიქრე: “კარგი, “კამპ ნოუზე” ენას ვერ გამოყოფ. ბაბუა მოგკლავდა”.
ჰოდა, კუთხურის ალმისკენ ხელებგაშლილი გავრბოდი. არ ვიცოდი, რა მექნა. ხომ იცით, FIFA-ში გოლს რომ გაიტან და აღნიშვნა შეგიძლია აირჩიო, მაგრამ არ იცი, რა მონიშნო? ზუსტად ეგრე ვიყავი. ალამთან რომ მივრბოდი, მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი: “მიდით, ვინმე ჩამეხუტეთ, სასაცილოდ რომ არ გამოვჩნდე, რადგან მეტი არაფერი ვიცი!”
შვებულებისას სახლში რომ ჩავედი, ოჯახთან ერთად ვიჯექი და მითხრეს (ისე, როგორც მხოლოდ კანარელებს შეუძლიათ): “ნამდვილად უკეთესი აღნიშვნა გჭირდება. სასაცილოდ გამოიყურები”.
ვუთხარი: “ხელებით რა გავაკეთო? არასდროს ვიცი, სად წავიღო”.
სწორედ მაშინ კედელზე დაკიდებულმა ფოტოებმა მოგვცა შთაგონება. “ტასკა ფერნანდოს” წინა კედელზე ეს ძველი ფოტოები კიდია: დედაჩემი სამზარეულოში თავისი მზარეულის წინსაფრით, საუკეთესო სოლომილიოს (ხორცის კერძს) რომ ამზადებს; ბიძაჩემი მიკროფონით ხელში, სტენდაპს რომ კითხულობს; მამაჩემი ყურებამდე გაღიმებული, ჩემპიონთა ლიგის თასს რომ სწევს. ბაბუაჩემიც იქაა, იღიმის, თავის კოსტიუმში, “ბარსელონას” ჰალსტუხით და ყველაზე მაგარი სათვალე უკეთია, რაც კი ოდესმე გინახავთ – დაბურული, ძველებური, კინოვარსკვლავივით. ასე რომ, როცა ხედავთ, როგორ ვზეიმობ, ეს ბინოკლი კი არა, ბაბუაჩემის სათვალეა, რომელსაც ვიკეთებ.
ეს აღნიშვნა მაშინვე მამაჩემს მივუძღვენი, ყველაფრისთვის, რაც ჩემთვის გააკეთა. ეს მთელი ოჯახის პატივისცემის ჩემი ფორმაცაა.
ეს ჩემი მხრიდან მათთვის ნათქვამია: “ხედავთ, რამდენად შორს მოვედით?”
იცით… მამაჩემი ყოველთვის ამბობს, რომ ბაბუაჩემი ცოცხალი რომ ყოფილიყო და “ბარსელონაში” ჩემი თამაში ენახა, ალბათ გულის შეტევა დაემართებოდა:
“უბრალოდ წარმოიდგინე. აქ გეყოლებოდა, შენთან ერთად იცხოვრებდა. უკლებლივ ყველა ფეხბურთელზე გამოგკითხავდა: როგორაა ლამინი? როგორაა ფრენკი? მას ვერასდროს მოიშორებდი!”
ნეტავ… ეჰ, ნეტავ…
მგონი, მის ყველაზე გიჟურ სიზმრებსაც კი აღემატებოდა იმის წარმოდგენა, რომ მისი შვილიშვილი ერთ დღეს მსოფლიო ჩემპიონი გახდებოდა.
სასაცილოა, მიუხედავად იმისა, რამდენს ვხუმრობთ ჩვენს ოჯახში ამა თუ იმ კლუბზე, როცა ეროვნულ ნაკრებში ვიკრიბებით, ეს რაღაც ძალიან განსაკუთრებულია. ესპანეთში ფეხბურთი აბსოლუტურად გვაგიჟებს. ნამდვილად ასეა. მაგრამ ამავდროულად გვაერთიანებს კიდეც. მთელი ზაფხულის განმავლობაში შეგეძლოთ გენახათ, როგორ გაერთიანდა გუნდი და ქვეყანა.
ყველა ფეხბურთელმა გააკეთა ყველაფერი, რაც გამარჯვებისთვის მოეთხოვებოდა, და მსოფლიოს ესპანური ფეხბურთის ხასიათი ვაჩვენეთ.
ამ სიტყვების წარმოთქმა არარეალურად ჟღერს, მაგრამ ჩვენ მსოფლიო ჩემპიონები ვართ.
ფინალის შემდეგ მამაჩემის მოედანზე გამოყვანა და კარში მისთვის პენალტის დარტყმა… არა, ამას სიტყვებით ვერც კი გადმოვცემ.
მან თავისი ოცნება შესწირა, რათა ოჯახის ბიზნესი შეენარჩუნებინა. ის იმდენს შრომობდა, რომ მე შემძლებოდა გარეთ გავსულიყავი და უბრალოდ ბავშვი ვყოფილიყავი – მთელი დღე ფეხბურთი მეთამაშა და თავისუფალი ვყოფილიყავი.
ახლა მას შეუძლია თქვას: “ჩემმა შვილმა მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო”.
სხვა რას შეუძლია ამ გრძნობის მონიჭება, ფეხბურთის გარდა?
არასდროს დამავიწყდება საჩემპიონო აღლუმი მადრიდში, წითელ ზღვაში გაერთიანებული მთელი ქვეყნის დანახვა… 2 მილიონი ადამიანი, ყველა ერთიანი, თავისი ცხოვრების საუკეთესო დღეს რომ ატარებს.
ეს არის ემოცია, რომელსაც ფულით ვერ იყიდი.
ვფიცავ, ბაბუაჩემიც კი დაარღვევდა თავის წესს და იმ დღეს ჩვენთან ერთად საზეიმოდ მადრიდში ჩამოვიდოდა.
ალბათ ახლაც იქაა, სამოთხეში, თავის მეგობრებთან ერთად მთელი დღე ფეხბურთზე ლაპარაკობს.
“ჰეი, როგორ ფიქრობთ, ოთხ წელიწადში ამის გამეორებას შევძლებთ?”
“მსოფლიოში საუკეთესო ნახევარდაცვა გვყავს!”
“ვინ შეგვაჩერებს?”
ბაბუ, მადლობა, რომ ფეხბურთის ეს სიყვარული სისხლში ჩამიდე. შეიძლება აქ არ ხარ, მაგრამ მაინც ჩემი ანტურაჟის ნაწილი რჩები.
სტატიის ორიგინალი გამოქვეყნდა საიტზე Theplayerstribune.com. თარგმანი ეკუთვნის Barcamania.ge-ს.
მართლაც როგორი ემოციური და გულში ჩამწვდომი სტატიაა. მადლობა თარგმნისთვის.
პედრი, ბაბუა კვლავ უნდა გაახარო და ჩემპიონთა ლიგის თასი კამპ ნოუზე უნდა დააბრუნო 🙏
პირველ რიგში მადლობა მთარგმნელს, ზუსტი და უშეცდომო ნამუშევრისთვის. თვითონ ინტერვიუს რაც შეეხება შემიძლია დავიფიცო რომ ამაზე გულწრფელი და ალალი ამბავი არ წამიკითხავს არსად. ცრემლიც ბევრჯერ მომადგა სანამ ბოლოში ჩავედი, ყველა წინადადება გაგრძნობინებს რომ მაგას მარტო პედრი იტყოდა და სხვა ვერავინ, მე პედრის ფეხბურთიდან ვიცნობ, ვიცი რასაც თამაშობს და რა წარმოდგენაც მისი ფეხბურთიდან მექმნება ზუსტად იმ ემოციით საუბრობს ინტერვიუში, მართლაც მშვიდი დინჯი როგორც მოედანზეა და გულიანად მონაყოლი ამბავი რომელიც წმინდა ემოციებს გადმოცემს. აღნიშვნაც რა კარგად განმარტა, როგორ მოიგონა და თურმე რამხელა დატცირთვას ატარებს “ბინოკლები”. კარგია რომ ამ ბიჭის თამაშს მოვესწარი, მით უფრო კარგი რომ ბარსაშია.