workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჰანსი ფლიკი ფეიენორდთან მატჩის წინ

ჰანსი ფლიკი ფეიენორდთან მატჩის წინ

calendar_month მატჩის დრო: 9 სექტემბერი, 20:45

ჩემპიონთა ლიგის 2026/27 წლების სეზონის სასტარტო მატჩი კარს მოგვადგა. ხვალ “სპოტიფაი კამპ ნოუზე” როტერდამის “ფეიენორდთან” გასამართი შეხვედრის წინ, “ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა ჟოან გამპერის სახელობის საწვრთნელ ბაზაზე მედიასთან ისაუბრა. გერმანელმა სპეციალისტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროარენაზე სასტარტო მატჩისთვის “ყველა მზადყოფნაშია”.

“ყველა დიდი კლუბი ამაზე ოცნებობს”

“ბარსელონასთვის” ჩემპიონთა ლიგის მეექვსე ტიტულის მოგების გამოწვევაზე საუბრისას ფლიკი ამბიციური, თუმცა პრაგმატული იყო:

“ეს ყველაზე დიდი ტურნირია და მისი მოგების რესურსი ნამდვილად გვაქვს. ყველა დიდი კლუბი ამაზე ოცნებობს, თუმცა ეს ძალიან გრძელი გზაა და უნდა დავამტკიცოთ, რომ გამარჯვება შეგვიძლია – სწორედ ეს არის ჩვენი მიზანი.

ჩემპიონთა ლიგაზე საუბარი არ ნიშნავს იმას, რომ ლა ლიგას ნაკლები ფასი აქვს. რა თქმა უნდა, ლა ლიგის ზედიზედ მესამედ მოგებაც ჩვენი დიდი ოცნებაა – ამისთვის ვმუშაობთ და ეს განსაკუთრებული მიღწევა იქნება.”

ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვას ჩემპიონთა ლიგის “აკვიატებაზე”, რაშიც შესაძლოა როდრის გამოცდილება დამამშვიდებელ ფაქტორად იქცეს, მწვრთნელმა თავი აარიდა:

“გუნდში ბევრი გამოცდილი ფეხბურთელი გვყავს, თუმცა მთავარი გუნდია. ყველას აქვს პასუხისმგებლობა, ყოველდღიურად მაქსიმუმი გაიღოს. ოთხ მატჩში ოთხი მოგება გვაქვს და ეს მარტივი სულაც არ ყოფილა. შესაძლოა, ვიღაც უკმაყოფილო იყოს თავისი სათამაშო დროით, მაგრამ დროის მისაღებად საკუთარი შესაძლებლობები უნდა დაამტკიცო. ჩვენი სათამაშო დონე ზუსტად ისეთია, როგორსაც ვარჯიშებზე ვხედავ. ასე უნდა გავაგრძელოთ.”

“ლამინ იამალს მატჩების ბედის მარტო გადაწყვეტა შეუძლია”

პრესკონფერენციაზე ფლიკმა განსაკუთრებული ყურადღება 19 წლის ვარსკვლავს, ლამინ იამალს დაუთმო:

“ლამინი ისეთი ფეხბურთელია, რომელსაც მატჩების ბედის მარტო გადაწყვეტა შეუძლია, მას უდიდესი ხარისხი აქვს. უყვარს განვითარება და ამას ყოველდღიურად ვხედავთ. ახლა იმასაც ვამჩნევ, როგორ სიამოვნებას ანიჭებს კაპიტნის ახალი პასუხისმგებლობა. მას ფეხბურთის თამაში სიამოვნებს და ეს უმნიშვნელოვანესია, რათა თავის მაქსიმალურ დონეზე იყოს.”

კითხვაზე, ხედავს თუ არა მას “ოქროს ბურთის” კანდიდატად, ფლიკმა უპასუხა:

“ბევრი ფანტასტიკური ფეხბურთელი გვყავს და ძალიან გამიხარდება, თუ რომელიმე მათგანი მოიგებს. ვნახოთ. თუმცა ყველაზე მთავარი ყოველდღიური განწყობა და მენტალიტეტია. ჩვენ გვყავს რამდენიმე მოთამაშე, რომელსაც ამ ჯილდოს მოგება შეუძლია.”

ენტონი გორდონი, ბისივუ და დე იონგის დაბრუნება

მწვრთნელმა ინგლისელი ახალწვეულის, ენტონი გორდონის ადაპტაციასა და ფორმაზეც გაამახვილა ყურადღება:

“როგორც თავდამსხმელს, მას გოლების გატანა, მომენტების შექმნა და გადამწყვეტი პასის გაკეთება სურს. ეს უკანასკნელიც უაღრესად მნიშვნელოვანია. ის გოლებს აუცილებლად გაიტანს, ეს საერთოდ არ მადარდებს. ძალიან კარგად მოქმედებს და მისი გარჯით როგორც დაცვაში, ისე შეტევაში უზომოდ კმაყოფილი ვარ – ის შესანიშნავ ფორმაშია.”

ფლიკმა დაადასტურა, რომ ახალგაზრდა ჟესე ბისივუ სამატჩო განაცხადში ვერ მოხვდება, რადგან სათამაშო პრაქტიკა სარეზერვო გუნდში სჭირდება, თუმცა მომავალში მას დიდი შანსები ექნება. რაც შეეხება ტრავმირებულ ფრენკი დე იონგს:

“ფრენკი დიდებული მოთამაშეა, უმაღლესი კლასით. ტრავმის შემდეგ მისი აღდგენითი პროცესი გეგმის მიხედვით და ძალიან კარგად მიმდინარეობს. იმედი მაქვს, მალე, შესაძლოა სანაკრებო პაუზის შემდეგ დაგვიბრუნდეს.”

ტაქტიკური მოქნილობა და მსაჯები

ფლიკმა ხაზი გაუსვა, რომ “ბარსელონა” მხოლოდ ერთ სქემაზე ჩამოკიდებული გუნდი არ არის:

“მეტოქეს ვერგებით, ზედმეტად არა, მაგრამ გარკვეულწილად ადაპტაციას გავდივართ. ამან ბოლო ორი წლის განმავლობაში ძალიან კარგი შედეგი მოგვიტანა. მაგალითად, გასულ სეზონში მადრიდის ‘ატლეტიკოსთან’ უფრო გაგვიჭირდა. ვნახოთ, თუმცა ამ ეტაპზე იმით, რასაც ვხედავ, კმაყოფილი ვარ.”

ბოლოს კი გერმანელმა სპეციალისტმა მსაჯების მხარდაჭერაზე ისაუბრა:

“სიმულაციებთან ბრძოლა ჩემი საქმე არაა, თუმცა ლა ლიგასა და ჩემპიონთა ლიგაში მსაჯობის სტანდარტული დონე ძალიან მაღალია და მათთან პრეტენზია არ მაქვს. მსაჯებისთვის საქმე ყოველთვის მარტივი არაა. მე ყოველთვის ვცდილობ მათთან სიმშვიდე შევინარჩუნო და მხარი დავუჭირო.”

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (1)

დატოვე კომენტარი

  • dshvelidze
    dshvelidze ლეგენდა
    schedule 08 სექ 2026, 17:28
    #1

    ამ სასტავით ლიგა უნდა დავდოთ. აბა წარმატებები