ორშაბათს “ბარსელონა” “სპოტიფაი კამპ ნოუზე” “რაიო ვალეკანოს” დაუპირისპირდება. ლა ლიგის მე-3 ტურის შეხვედრა კატალონიელებისთვის 8 დღეში რიგით მესამე მატჩი იქნება მას შემდეგ, რაც ჰანსი ფლიკის გუნდმა “ელჩესა” და “ატლეტიკს” მოუგო.
გთავაზობთ 4 საინტერესო ფაქტს მოახლოებული მატჩის შესახებ.
ტრადიციული მე-3 ტური
ზედიზედ მესამე სეზონია, რაც “ბარსელონა” “რაიო ვალეკანოს” ლა ლიგის სწორედ მე-3 ტურში ხვდება. მას შემდეგ, რაც გუნდს ჰანსი ფლიკი ჩაუდგა სათავეში, კატალონიელები მესამე ტურის შეხვედრას მუდამ მადრიდული კლუბის წინააღმდეგ მართავენ. პირველ ორ სეზონში მატჩი “ვალიეკასზე” გაიმართა, წელს კი გუნდები “სპოტიფაი კამპ ნოუზე” ითამაშებენ.
- 2024/25 წლების სეზონში “ბარსელონამ” მატჩის მიწურულს დებიუტანტ დანი ოლმოს გოლით 2-1 მოიგო.
- გასულ სეზონში ფლიკის გუნდი ევროტურნირებზე მოასპარეზე “რაიოსთან” ფრეს (1-1) დასჯერდა.
“რაიო” – უხერხული მეტოქე
ამ გუნდების ბოლო 10 დაპირისპირებიდან “ბარსელონამ” მხოლოდ 4 მოიგო. რეალურად, “რაიო ვალეკანო” ის გუნდია, რომლის წინააღმდეგაც 2026/27 წლების ლა ლიგის ყველა მეტოქესთან შედარებით (ბოლო 10 ურთიერთშეხვედრის ჭრილში) კატალონიელებს ყველაზე ცოტა გამარჯვება აქვთ მოპოვებული.
თუმცა, ჰანსი ფლიკის მოსვლის შემდეგ ტენდენცია შეიცვალა: გერმანელი სპეციალისტის ხელმძღვანელობით “ბარსელონამ” მადრიდელებთან გამართულ 4 საჩემპიონატო მატჩში შესაძლო 12-დან 10 ქულა დააგროვა.
მეტოქის ახალი მწვრთნელი
ზედიზედ მეორე ტურია, რაც “ბარსელონა” ახალი მთავარი მწვრთნელის მქონე გუნდს ეთამაშება. ედინ ტერზიჩის “ატლეტიკის” შემდეგ, კატალონიელები “რაიოს” დაუპირისპირდებიან, რომელსაც ბენიატ სან ხოსე წვრთნის (ყოფილმა “ეიბარელმა” თანამდებობაზე ინიგო პერესი შეცვალა).
სან ხოსეს, რომელმაც სამწვრთნელო კარიერა “რეალ სოსიედადში” დაიწყო, რთული ამოცანა აკისრია – გაიმეოროს პერესის წარმატება, რომელმაც გუნდი ევროთასებზე გაიყვანა. ანდონი ირაოლას (“ლივერპულის” ამჟამინდელი თავკაცი, რომელმაც პრემიერ ლიგაში წასვლამდე “ვალიეკასზე” 3 სეზონი გაატარა) წასვლის შემდეგ “რაიოს” სათავეში კვლავ ბასკი სპეციალისტი უდგას.
ივან ბალიუ – ყოფილი კულე
ივან ბალიუ 167 ჩატარებული მატჩით “რაიო ვალეკანოს” ამჟამინდელ შემადგენლობაში მეექვსე ადგილზეა. ფლანგის მცველმა 7 სეზონი “ლა მასიაში” გაატარა და 53 შეხვედრა “ბარსა ატლეტიკის” მაისურითაც ჩაატარა. 34 წლის ფეხბურთელი, რომელიც ალბანეთის ეროვნულ ნაკრებში თამაშობს, “რაიოში” უკვე მეექვსე სეზონს იწყებს.
forum კომენტარები (0)