სამშაბათს, 13 ოქტომბერს, ჰანსი ფლიკის “ბარსელონა” ჩემპიონთა ლიგის ლიგის ფაზის მეორე ტურის ეგიდით “ალი სამი იენზე” “გალათასარაის” დაუპირისპირდება. ცოტა ხნის წინ თურქეთის უდიდეს ქალაქს ალექსანდერ სეკულიჩის საკალათბურთო გუნდიც ესტუმრა, რომელმაც გასვლაზე “ბეშიქთაში” დაამარცხა.
სწორედ ხელსაყრელი მომენტია გავიხსენოთ ის თურქი მოთამაშეები, რომლებსაც კატალონიური გრანდის ღირსება დაუცავთ – იქნება ეს “სპოტიფაი კამპ ნოუზე” თუ “პალაუ ბლაუგრანაზე”. ორივე პროფესიულ გუნდს დღემდე ორ-ორი ასეთი წარმომადგენელი ჰყავდა: ფეხბურთელები არდა თურანი და რუშთუ რეჩბერი, ხოლო კალათბურთელები – სერთაჩ შანლი და ერსან ილიასოვა.
ფეხბურთი: არდა თურანი და რუშთუ რეჩბერი
დავიწყოთ ფეხბურთელებით. არდა თურანი “ბარსელონას” 2015 წლის ზაფხულში შეუერთდა, მას შემდეგ, რაც “ატლეტიკოში” ჩატარებული ორი ბრწყინვალე სეზონის წყალობით ლა ლიგის ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ ჩამოყალიბდა. კლუბზე დაკისრებული ფიფას სანქციის გამო, მისი დებიუტი მომდევნო წლის იანვრამდე გადაიდო. სადებიუტო სეზონი მან 25 შეხვედრითა და ორი გოლით დაასრულა.
თავის მეორე და დასკვნით სეზონში თურანმა 30 მატჩში 13 ბურთი გაიტანა, მათ შორის ჰეთ-თრიკი შეასრულა ჩემპიონთა ლიგაზე “ბორუსია მიონხენგლადბახის” წინააღმდეგ. 2018 წლის იანვარში, მას შემდეგ რაც სეზონის პირველ ნახევარში სათამაშო დრო აღარ ეძლეოდა, იგი ორნახევარი წლით იჯარით “ბაშაქშეჰირში” გადავიდა. ამით დასრულდა მისი ეტაპი “ბარსელონაში”, სადაც ის რუშთუ რეჩბერის შემდეგ (12 წლის ინტერვალით) მეორე თურქი ფეხბურთელი იყო.
რაც შეეხება რუშთუს: ქარიზმატული მეკარე, რომელიც მატჩების დროს თვალების ქვეშ სპეციალურ შავ ზოლებს იხატავდა ხოლმე, “ბარსელონამ” 2003 წელს დაიმატა. მანამდე მან “ფენერბაჰჩეში” თითქმის ათწლეული გაატარა, 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე კი თურქეთის ნაკრების ნახევარფინალში გასვლაში უდიდესი როლი ითამაშა. კატალონიურ კლუბში მან სულ შვიდი მატჩი ჩაატარა, რადგან ფრანკ რაიკაარდმა უპირატესობა ახალგაზრდა ვიქტორ ვალდესს მიანიჭა. მიუხედავად ამისა, რუშთუ ყოველთვის აღნიშნავდა, რომ კატალონიაში გატარებულ სეზონზე ძალიან თბილი მოგონებები დარჩა.
კალათბურთი: ილიასოვა და შანლი
საკალათბურთო გუნდში პირველი თურქი ლეგიონერი ერსან ილიასოვა გახლდათ. NBA-ში სადებიუტო სეზონის შემდეგ, იგი “ბარსაში” 2007 წელს, ძალიან ახალგაზრდა ასაკში მოვიდა, რათა ევროპაში დამატებითი გამოცდილება დაეგროვებინა. “პალაუ ბლაუგრანაზე” მან ორი სეზონი გაატარა, 2009 წელს ესპანეთის ჩემპიონატი მოიგო, რის შემდეგაც აშშ-ში დაბრუნდა და “მილუოკი ბაქსის” რიგებში NBA-ს ხანგრძლივი და წარმატებული კარიერა ააწყო.
2021 წელს “ბარსელონას” შემდეგი თურქი კალათბურთელი, სერთაჩ შანლი შეუერთდა. ცენტრი კატალონიაში “ანადოლუ ეფესიდან” გადმოვიდა და ორი სეზონის განმავლობაში გუნდის მნიშვნელოვან ფიგურად იქცა. მან “ბლაუგრანას” მაისურით 148 შეხვედრა ჩაატარა და სამი ტიტული მოიგო: კატალონიის ლიგა, კოპა დელ რეი და ესპანეთის ACB ლიგა. შანლიმ კლუბი 2023 წელს დატოვა (ამჟამად “ბეშიქთაშში” თამაშობს) და დღემდე “ბარსელონას” რიგებში ბოლო თურქ მოთამაშედ რჩება.
forum კომენტარები (0)